უჩივი შენს მოსაწყენ სამუშაოს; მოგბეზრდა იგი. ყველა სხვა პროფესია უკეთესი გეჩვენება. შენ გრცხვენია და ნაღვლიანი ხარ, რადგან უკეთესი სამსახურის მოძებნა არ შეგიძლია. მე დიდხანს ვფიქრობდი, ვიდრე კალამს ავიღებდი და მოგწერდი. ფიქრით შევედი შენს მდგომარეობაში და სამუშაოს ვისისხლხორცებდი. წარმოვიდგენდი საკუთარ თავს შენს ადგილას, სამანქანო განყოფილებაში, გრუხუნსა და ხმაურში. გაოფლილი და გამჭვარტლული გავცქეროდი გზას. ჩემს ზურგს უკან მთელი პატარა სახელმწიფო - მოხუცები, ბავშვები, მშობლები, თავადები, დიპლომატები, ჩინოვნიკები, გლეხები, მუშები, მოსამსახურეები. ყველა ისინი, გარემოებათა ძალით, უნებლიე „კავშირშია“ და ყველანი ჩემზე არიან დამოკიდებულნი. საუბრობენ ერთმანეთში, ან მდუმარედ სხედან ჩაფიქრებულნი. თითოეული ფიქრით დანიშნულების ადგილისაკენ მიისწრაფვის, მისკენ, ვისთანაც მიემგზავრება. მაგრამ მიაღწევს თუ არა იქ, ჩემზეა დამოკიდებული, ხოლო მე - მხოლოდ ღმერთზე. ისინი ვერც კი ივარაუდებენ, რამდენია ჩემზე დამოკიდებული. და ეს მახარებს. როცა მატარებელი გზას გაუდგა, არავინ მოსულა ჩემს სანახავად და გასაცნობად. არავის გასჩენია კითხვა: შეშლილი ხომ არ არის ეს ადამიანი? ხომ არ არის ბრმა, ან მთვრალი? ჩვენ, ყველამ ხომ მას საკუთარი სიცოცხლე მივანდეთ! ისაა მთავარი ადამიანი ამ მოგრუხუნე „ქალაქში“, რომლის მაცხოვრებლებიც ჩვენ დროებით ვხდებით. არავის მოსვლია თავში ეს აზრი. და ეს მე უსაზღვროდ მახარებს. მახარებს ის, რომ ამდენმა ხალხმა დაუფიქრებლად მანდო საკუთარი სიცოცხლე, მე, უხილავს, უცნობს, დამალულს, მოგრუხუნე მანქანათა შორის. და სიხარულით ათრთოლებული ვადიდებ უფალს: „ო, ღმერთო დიადო და საოცარო! დიდება შენდა, მადლობელი ვარ, რომ მიბოძე სიცოცხლე, გონება და ასეთი მნიშვნელოვანი სამუშაო! მომეც სამსახური - მსგავსი შენისა უფალო. რამეთუ შენ, ღმერთო ჩემო, შეუცნობელი, დაფარული და უხილავი მართავ ჩვენი ცხოვრების მატარებელს შენი წმიდა სულით. შენა ხარ სამყაროს მემანქანე, მრავალი და მრავალი მგზავრი არც კი ჩაფიქრდება შენზე, არ გამოიკვლევს შენი ყოფიერების საიდუმლოს, მაგრამ ნდობით შედიან შენს მატარებელში და მიემგზავრებიან, მიემგზავრებიან... და მგონი ეს შენ გახარებს, უსაზღვროდ გახარებს. შენ იცი ადგილი, სადაც დასვენების საშუალებას მისცემ შენს დაღლილ მგზავრებს, იქ დააპურებ მათ, სადაც ჩასვლა მოუწევთ. მათ ბუნდოვნად წარმოუდგენიათ შენი საოცარი მატარებლის საბოლოო სადგური, მაგრამ ნდობით სხდებიან, ნდობით მიდიან, ნდობით ჩამოდიან - შენდამი ნდობით, შეუცნობლისადმი, დაფარულისადმი, უხილავისადმი. ათასჯერ და ათიათასჯერ ქებას გასხამ შენ, გადიდებ და ქედს გიხრი, ყოვლისმხედველო და ყოვლისშემძლე შემოქმედო ჩემო და წინამძღოლო ჩემო. მხოლოდ შენი იმედი მაქვს ყველა ჩემი განსაცდელის ჟამს.
ჩემო ახალგაზრდა მეგობარო, სხვა რომელი უკეთესი სამსახური გინდა? განა შეიძლება, იყოს სადმე უკეთესი სამუშაო? მოციქული პეტრე თევზს იჭერდა (იხ. ლუკ. 1,16), პავლე კარვებს აგებდა (იხ. საქ. 18,3), დაფიქრდი, რამდენად მნიშვნელოვანი და აღმატებულია შენი სამუშაო მათ საქმიანობასთან შედარებით და ქედი მოუხარე განზრახვას, რომელმაც ზუსტად ეს სამუშაო მოგანდო.
ჯანმრთელობა და დალოცვა შენ უფლისაგან.
„მისიონერული წერილები“ (წერილი 44)