მწერ, რომ ზოგჯერ თავს ახალ ადამიანად გრძნობ, ახლადდაბადებულად და გარდასახულად. ჩვეულებრივ, როგორც წესი, ეს ლოცვისას ხდება, ღამის სიჩუმეში. თითქოს ეს სამყარო შენთვის ქრება, მიწიერი ფიქრები კვდებიან: ადამიანების შესახებ, საგნების შესახებ, ხორციელის შესახებ; უჩვეულო სიმშვიდე იღვრება შენს სულში, შენში რაღაც სინათლეს ხედავ და გამოუთქმელ სიხარულს გრძნობ. ამას ემატება საოცარი კეთილსურნელება, რომელსაც ვერანაირი სურნელი ვერ შეედრება დედამიწის ზურგზე. ტკბილი და ცხოველმყოფელი კეთილსურნელება. შენს თავს თითქოს სხეულგარეთ გრძნობ. ხოლო როდესაც ყველაფერი ეს წყდება და ჩუმად, თანდათან ქრება, როგორც გალეული ცისარტყელა, მოწყენილობა გეუფლება, რადგან ეს დიდხანს და დიდხანს არ გაგრძელდა, უწყვეტად, დაუსრულებლად, წლობით, საუკუნეებით, მარადის. შენ კითხულობ: რა შეიძლება იყოს ეს?
ვფიქრობ, რომ სული უფლისა შეგეხო შენ, ძმაო ჩემო. ეს ზუსტად ის არის, რის შესახებაც უფალმა თქვა: „სასუფეველი ღმრთისაჲ შორის თქუენსა არს“ (ლუკ. 17,21). რადგანაც, როცა სული ღმრთისა გამეფდება ჩვენს სულებში, წყდება ყველაფერი, რაც ჩვენგანაა, და მოდის ყველაფრი, რაც უფლისაგანაა. ვიდრე ჩვენში ჩვენი გრძნობისმიერი ფიქრები, მიწიერი სურვილები და თავნებობა მეფობენ, უფლის სამეფო კი არ იქნება, არამედ - წყვდიადის, შიშის, მწუხარებისა და უმეცრებისა. მაგრამ, როცა მოვა სული უფლისა და გამეფდება, მაშინ ყველაფერი შეიცვლება. მაგრამ ერთს გირჩევ: მიწამდე დამდაბლდი უზენაესი ღმერთის დიდებულების წინაშე, რომელმაც გაგანდო საიდუმლო თავისი უდიდესი მოწყალებისა. ნუ ამცნობ ამას ბევრს, არაგანდობილთ, განსაკუთრებით იმ „დანარჩენს“, რის შესახებ მე აქ არ ვახსენებ. რათა არ შეიბღალოს ყველაზე წმიდა (წაიკითხე: მათე 7,6) და რათა გული შენი არ ამაღლდეს ამპარტავნების მწვერვალებამდე, საიდანაც ჯოჯოხეთის უფსკრულში ცვივიან. უსმინე, როგორ გვაფთხილებს მოციქული: „რომელი ჰგონებდეს დგომასა, ეკრძალენ, ნუუკუე დაეცეს“ (1 კორ. 10,12).
არაფერი უცნობი და ეკლესიისათვის ახალი შენ არ გადაგხდენია. მრავალმა მართალმა და უფლის რჩეულმა იგრძნო ეს საკვირველი საიდუმლო და ნაწილობრივ ამცნეს ამის შესახებ სანდო პირებს. ამცნეს არა სატრაბახოდ, არამედ - საკუთარი სიხარულის გასაზიარებლად, მეგობრებში ქრისტეს აღქმისადმი რწმენის განსამტკიცებლად და უფლის სიხარულით განსადიდებლად.
ერთხელ ზამთრის ღამეს, ერთ კაცთან ღამის გასათევი ვპოვე. როცა მისი ოჯახობა დასაძინებლად წავიდა, მან თავისი ცხოვრების ყველაზე დიდ „საიდუმლო“ მამცნო:
- წლობით მსურდა, - ამბობდა ის, - მეხილა სასწაული უფლისაგან. მაგრამ იგი არ მეძლეოდა. ერთხელ, გათენებისას ავდექი და უფლისადმი ლოცვა დავიწყე. უეცრად ჩემში რაღაც შუქი გაჩნდა და შევიგრძენი მშვიდობა, სიხარული და კეთილსურნელება (ისევე, როგორც შენს შემთხვევაში მოხდა).
- იმ დღიდან, - თქვა მან, - მე მივატოვე უფლისაგან სასწაულის გამოთხოვა, რადგანაც ვიხილე ყველაზე დიდი საოცრება, რომელსაც ვერც კი გავიაზრებდი.
განა არ არის ეს კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რასაც მოციქული ამბობდა: „თუალმან არა იხილა, და ყურსა არა ესმა, და გულსა კაცისასა არა მოუჴდა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყუარეთა თჳსთა“ (1 კორ. 2,9).
მშვიდობა შენდა და ჯანმრთელობა უფლისაგან.
„მისიონერული წერილები“ (წერილი 42)