წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

წმიდა წერილის ეჭვიან მკითხველს,
კითხვაზე - რატომ მოივლინა სულიწმიდა ცეცხლის სახით

როდესაც უფალი იორდანეში ინათლებოდა, სულიწმიდა მტრედის სახით მოივლინა. მოივლინა არა იმისთვის, რომ მასში რამე შეევსო, არამედ იმისთვის, რომ სიმბოლურად მიეთითებინა იმაზე, რასაც იგი ფლობდა, - თვინიერებაზე, სიწმინდეზე და სიმშვიდეზე. აი, რისი სიმბოლოა მტრედი. ხოლო, როცა მოციქულები ქრისტეს აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს შეიკრიბნენ, სული მათზე ცეცხლის სახით გარდამოვიდა: გარდამოვიდა, რათა რაღაც განედევნა მათგან, რაღაც კი შეეტანა მათში. განედევნა ცოდვა, უძლურება, შიში და სულიერი უწმიდურება, ხოლო - მიენიჭებინა ძალა, სინათლე და სითბო. ცეცხლი სიმბოლურად ამ სამობის აღმნიშვნელია: ძალა, სინათლე და სითბო. შენც იცი, რა ძლიერია ცეცხლი, როგორ ათბობს და ანათებს იგი. მაგრამ, როცა სულიწმიდაზე ლაპარაკობ, ერიდე, რათა არ წარმოიდგინო ეს სხეულებრივად, არამედ - სულიერად. ასე რომ, საუბარია სულიერ ძალაზე, სულიერ ნათელზე, სულიერ სითბოზე, რაშიც იგულისხმება ნებისყოფა, გონების სინათლე, სითბო. ამ სულიერი საჭურვლით შეაიარაღა სულიწმიდამ ქრისტეს მებრძოლნი ამა სოფლის წინააღმდეგ, რომელთაც მასწავლებელმა აუკრძალა ნებისმიერი ფიზიკური იარაღი, თვით ჯოხიც კი.

რატომ მოივლინა ცეცხლოვანი ალი მოციქულთა თავზე ენების სახით? იმიტომ, რომ მოციქულებს ენით უნდა ეუწყებინათ ხალხისთვის კეთილი, სასიხარულო ამბავი - ჭეშმარიტებისა და ცხოვრების სახარება, სწავლება მონანიებისა და პატიებისა. სიტყვით უნდა ესწავლებინათ, სიტყვით განეკურნათ, სიტყვით ენუგეშებინათ, სიტყვით ერჩიათ და ემართათ, სიტყვით შეექმნათ ეკლესია. და ბოლოს, სიტყვით დაეცვათ თავი. რამეთუ უქადაგა და უწინასწარმეტყველა მათ მაცხოვარმა, არ შეშინებოდათ მჩაგვრელების და არ ეზრუნათ, თუ რა ეპასუხათ სამსჯავროზე: „არა თქუენ ხართ მეტყუელნი, არამედ სული წმიდაჲ“ (მარკ. 13,11). და იყო კი შესაძლებელი ჩვეულებრივი ადამიანური ენით ყველაზე უდიდესი და სასიხარულო ამბის ხარება - რაც კი ოდესმე მისწვდენია ადამიანების ყურს: ცნობა იმის შესახებ, რომ უფალი მოევლინა ადამიანებს მიწაზე და განუხვნა მათ კარნი უკვდავებისანი? განა ადამიანისაგან და მოკვდავი ადამიანური ბუნებისაგან იყო შესაძლებელი, დაღვრილიყო ეს ცხოველმოქმედი ბალზამი რომის იმპერიისა და სამყაროს მკვდარ სხეულზე? არა, არასოდეს. მხოლოდ ცეცხლოვანი სულიწმიდისაგან, რომელიც წმიდა მოციქულთა ბაგეებით აფრქვევდა მიწიერ წყვდიადში ზეციურ ნაპერწკლებს.

მაგრამ შენ, ადამიანისშვილო, ნუთუ არასოდეს გიგრძვნია შენში სული უფლისა? შენც მონათლული ხარ სულიწმინდით, წყლითა და სულიწმინდით. ნუთუ არასოდეს გაუსხივოსნებიხარ უდიდეს და უბრწყინვალეს აზრს, უთქმელ სიტყვას სულიწმინდისას? ნუთუ არასოდეს აღძრულა შენს გულში უეცრად, როგორც ქარი, სიყვარული შემოქმედისადმი და არ დაგდენია თვალთაგან ცრემლი?

მიენდე უფლის ნებას, ყურადღება მიაქციე იმას, რაც შენს სულში ხდება და შენ შეიცნობ ორმოცდამეათე დღის სასწაულს, რაც მოციქულებს გადახდათ.

მშვიდობა შენ და ნუგეში სულიწმიდისაგან

„მისიონერული წერილები“ (წერილი 41)