ერთ-ერთი თქვენთაგანი ამბობს: არა არის საჭირო. არ არის საჭირო იმიტომ, რომ არსებობს თქმულება, თუკი ავადმყოფი ეზიარება, იგი მოკვდება. მეორე ამბობს: საჭიროა, რამეთუ ცოდვაა ქრისტიანისათვის ამ ქვეყნიდან უზიარებელად წასვლა.
მე მეორის მხარეს ვარ. რადგან ეს - ეკლესიის მცნებაა. მეუდაბნოეები, მონესტრებისაგან და მღვდლებისგან შორს რომ ცხოვრობდნენ, შიშობდნენ ზიარებს გარეშე არ მომკვდარიყვნენ, და მხურვალედ ევედრებოდნენ ღმერთს, რათა სიკვდილის წინ მათთვის მღვდელი გამოეგზავნა ზიარებისთვის. უფალი შეისმენდა მავედრებელთა ლოცვებს, უგზავნიდა მათ ღვთისმსახურებს და ეზიარებოდნენ. წმიდა საიდუმლოებას ზიარებულნი, სიყვარულით გაცისკროვნებულნი ისინი ეთხოვებოდნენ ამ ქვეყანას მშვიდად და მორჩილად. იყო შემთხვევები, როდესაც თვით ავადმყოფს სურდა ზიარება, მაგრამ მღვდლის მოსვლამდე გარდაიცვლებოდა, შემდეგ ცოცხლდებოდა, ზიარებას იღებდა და მიდიოდა უკვე მოუბრუნებლად. არც ისე დიდი ხნის წინ ასეთი შემთხვევა კრალევთან ახლოს მოხდა, რაც ნათლად მიუთითებს უფლის ნებაზე.
სიგიჟეა იფიქრო, რომ ავადმყოფი აუცილებლად მოკვდება, თუკი ეზიარება. მრავალი მაგალითი საწინააღმდეგოზე მიუთითებს. მე არაერთხელ დავსწრებივარ მძიმე ავადმყოფთა ზიარებას, რომლებიც განწირულებად ითვლებოდნენ. ისინი დღესაც ცოცხლები არიან. თუკი ავადმყოფები ზიარებისაგან იხოცებიან, მაშინ ლოგიკური იქნებოდა, გვეფიქრა, რომ ჯანმრთელნი ზიარებისაგან ავად ხდებიან. ეს კი სიგიჟეა და ღვთისგმობაა. თუკი მაინც მოხდებოდა და ავადმყოფი ზიარების შემდგომ გარდაიცვლებოდა, იგი ავადმყოფობისგან კვდებოდა და არა - ზიარებისაგან. ასეთი იყო უფლის განზრახვა მასზე. მაგრამ კვდებოდა განწმენდილი და შენდობილი სულით, შერიგებული ღმერთთან და ხალხთან.
ბრძენი ადამიანი, ვიდრე ჯანმრთელია, ფიქრობს სიკვდილზე, აღარ ვლაპარაკობ ავადმყოფებზე. სიკვდილის ამ საუფლოში სიკვდილზე უფრო რეალური არაფერია, უთხრა უფალმა შეშლილ მდიდარს, რომელიც კიდევ უფრო გამდიდრების გეგმებს აწყობდა: „უგუნურო, ამას ღამესა მიგიღონ სული შენი შენგან; ეგე, რომელ მოიმზადე ვისა იყოს?“ (ლუკ. 12,20).
როცა ავადმყოფი კვდება, იგი მწარე სინანულის გრძნობას უტოვებს მას, ვინც ზიარების ნება არ დართო. ერთხელ ერთი ადამიანი ავად გახდა, როცა ამის შესახებ ადგილობრივმა მღვდელმა გაიგო, მასთან სახლში მივიდა და შესთავაზა, აღსარება ეთქვა და ზიარებულიყო. ავადმყოფის ცოლმა უარი უთხრა მღვდელს: „არა, მამაო, ავადმყოფობა არ გახლავთ სასიკვდილო, არ არის საჭირო, მამაო!“ მღვდელი წავიდა. ავადმყოფი იმ ღამესვე გარდაიცვალა. ცოლი ძლიერ წუხდა იმის გამო, რომ მღვდელი საზიარებლად არ მიუშვა.
განა არ იცით ძმანო, რომ ზიარება ადამიანისათვის ნებისმიერ ქელეხზე მნიშვნელოვანია?
მშვიდობა თქვენდა უფლისაგან.
„მისიონერული წერილები“ (წერილი 37)