წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

პეტრე ი-ს, - რით არიან დავალებულნი ქრისტესგან სერბები

კარგი კითხვაა. ინგლისელები ხშირად ფიქრობენ კითხვაზე, რით არიან ისინი დავალებულნი ქრისტესაგან. მასზე კი პასუხობენ უფლისგან მიღებულ სიკეთეთა გრძელი სიით. ახლა შენ შენი ხალხის სახელით კითხულობ: რითი არიან სერბები დავალებულნი ქრისტესგან? გიპასუხებ: ჭეშმარიტად, ბევრად მეტით, ვიდრე - ინგლისელები. რამეთუ ინგლისელები რაღაცით ძველ რომთანაც არიან ვალში, იმ დროს, როდესაც სერბები თავიანთი ყველაზე გამოჩენილი ადამიანების გამო მხოლოდ ქრისტესაგან არიან დავალებულნი. მხოლოდ სერბი წმიდანები ავიდნენ სიმაღლეებზე, რომლებიც ხილულია ყველა დროის, ყველა თაობისათვის. სიწმიდე კი - უფალი ჩვენი იესო ქრისტესაგან არის, მისი წმიდა რწმენისაგან. თუნდაც მხოლოდ ერთი, წმიდა საბათი - სერბი ხალხის სულიერი თავადითა და ცხოვრების მესაჭითაც რომ ყოფილიყვნენ სერბები დავალებულნი, ვალი აუნაზღაურებელი იქნებოდა. ხოლო წმიდა საბა ერთადერთი ვარსკვლავი როდია სერბთა სულიერი ცის კაბადონზე, რომელიც განათებულია მზით - ქრისტეთი: მის ირგვლივ მთელი თანავარსკვლავედი ბრწყინავს - სერბ წმიდანთა თანავარსკვლავედი.

კიდევ სერბები ქრისტესაგან ცხოვრებისა და ზნეობის ძირითადი პრინციპებით არიან დავალებულნი. დავალებულნი არიან ერთი ღმერთისადმი რწმენით, უფლის სამსჯავროთი, მისი განჭვრეტით, სიმართლითა და უფლის წყალობით, უკვდავი ცხოვრებით ზეცაში. დავალებულნი არიან ქრიტესაგან ღმერთიდან გამომდინარე ბუნებისა და მისი მოვლენების გაგებისათვის და ადამიანთა ბედის ახსნისათვის არა მატერიალური, არამედ - ზნეობრივი და სულიერი მიზეზებით. ერთი სიტყვით, სერბები დავალებულნი არიან უფლისაგან მიწიერი და სულიერი სამყაროების შესახებ ჭეშმარიტების ცოდნით. ყველაფრით, რაც ხალხის ზნეობრივ ცხოვრებას შეეხება, სერბები დავალებულნი არიან ქრისტეს ათი მცნებისაგან. ზომიერება, უმანკოება, სიმართლე, თვინიერება, გულმოწყალება, მშვიდობისმოყვარება, შრომისმოყვარება, ალერსიანობა, ვაჟკაცობა - სიმართლის დაცვისას, მსხვერპლშეწირვა და სხვა დანარჩენი სათნოებანი - სერბებს ყველა მათგანი ქრისტეს რჯულისაგან ერგოთ.

სერბები კიდევ დავალებულნი არიან უფლისაგან თავიანთი მადლიანი და მშვენიერი ჩვეულებებით. ყველა ისინი სიმბოლიკითაც და არსითაც სახარებისგულნი არიან. რამეთუ ეს ჩვეულებანი არა უბრალოდ ცხოვრების სამკაულია, არამედ, მთავარი ზნეობრივი წესრიგი, რომელიც სერბი ხალხის ცხოვრებას განხეთქილების, შფოთისა და ცოდვისაგან იცავს. კიდევ სერბები ვალში არიან ქრისტესთან საკუთარი იდეალების სიმღერებსა და გამონათქვამებში გამოხატვის შთაგონებით, რომლებიც მათი გონისა და ხელის ქმნილებებს წარმოადგენენ.

კიდევ სერბები ქრისტეს უნდა უმადლოდნენ თავიანთ პირველ სამეფოს, პირველ მონობასა და გათავისუფლებას. ე.ი. დავალებულნი არიან თავინთი პირველი და შემდგომი სახელმწიფოებით სიბრძნით მათი შენების ჟამს, გმირული მოთმინებითა და მონობის დროს შორსმჭვრეტელური სასოებით, გამძლეობითა და მსხვერპლშეწირვით - გათავისუფლებისას.

ჩამოვთვალე კი ყველაფერი? ბევრი არაფერი. მე მხოლოდ ის სია დავიწყე, რითაც სერბები ვალში არიან ქრისტესთან. მაგრამ, ვფიქრობ, რომ მიმართულება მოგეცი, რომლის მიმდევარობითაც თავად შესძლებ, დაითვალო შენი ხალხის ყველა დანარჩენი ვალი მსხნელისა და უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესადმი. და როცა დაითვლი სერბთა ვალებს უფლის წინაშე, მაშინ გადააბრუნე ფურცელი და წაიკითხე ქრისტეს მოთხოვნები სერბებისადმი. იფიქრე და დაეკითხე თავს, რას ელოდება იგი სერბებისაგან?

მშვიდობა შენდა და სიხარული უფლისაგან!

„მისიონერული წერილები“ (წერილი 33)