წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

დიდ შაბათს - იერუსალიმიდან

აი ჩვენ იერუსალიმში ვიმყოფებით, უდიდესი დანაშაულის ადგილას კაცობრიობის ისტორიაში. ეს არის - კაცობრიობის კოსოვოს ველი. აქ მრავალი ბრძოლა აღსრულებულა - ზეციურ და მიწიერ მხედრობებს შორის. ზეციური მხედრობის წინამძღოლმა, მაცხოვარმა და უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, უწინამძღვრა მთავარ ბრძოლას და გაიმარჯვა. ყველა შემდგომი ბრძოლა, მისი სხივოსანი მხედრობა რომ წარმართავდა, პირველს ემსგავსება: იმგვარივე ტანჯვითა და გამარჯვებით.

ექვსი დღის განმავლობაში უფალთან ერთად განვიცდით მის წამებას. ჩვენ მოვილოცეთ და ცრემლით დავასველეთ ყველა ის ადგილი, სადაც მაცხოვარი იტანჯებოდა. სულიერად გავიტანჯეთ, მაგრამ ფიზიკურად თავს საოცრად კარგად ვგრძნობთ. ცოტა გვძინავს, მკაცრად ვმარხულობთ, საათობით ვდგავართ ღვთისმსახურებაზე, მთელი დღეების განმავლობაში წმინდა ქალაქში დავდივართ, და არც არავინ იღლება, არ ავადმყოფობს და არ ჩივის! მაგრამ ჩვენ სულებს თითქოს საფლავის ქვა ახურავს და არაფერს, წამებული უფლის აღდგომის გარდა არ შეუძლია ამ ქვის დაძვრა და მათი აღდგინება. მოუთმენლად ველით, რომ რაც შეიძლება სწრაფად გაიაროს საშინელმა შაბათმა და დადგეს დიდებული კვირადღე.

სად არიან შაბათის თაყვანისმცემელნი, რატომ არ მოვიდნენ ისინი იერუსალიმში, რათა ჩვენთან ერთად ექვსი დღის განმავლობაში განეცადათ ეს სულიერი ვნებანი? მაშინ მათ თავში აღარ მოუვიდოდათ ის აზრი, რომ შაბათი ედღესასწაულათ და უგულებელეყოთ კვირა: შაბათს მთელი სისრულით განვიცდით ტანჯვაწამებას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და კვირას როგორც შვებას, დასვენებას, ხსნას, ისე მოველით.

- რა შეემთხვა ამ დღეს უფალს? - იკითხა მომლოცვვლმა ილიამ.

- იგი ჩავიდა ჯოჯოხეთს, რათა საკუთარი თავის და სახარების შესახებ განეცხადებინა მათთვის, ვინც მის მოსვლამდე აღესრულა. რათა მფარველობის ქვეშ აეყვანა ყველა თაობა ადამიანებისა - წასულნიც, ახლანდელნიც და მომავალნიც, ყველასთვის მოეტანა ჭეშმარიტება და მიეცა ცხონება.

ნუთუ შაბათის თაყვანისმცემელნი აღიარებენ ჯოჯოხეთში ჩასვლას, ხოლო აღდგომას კი უარყოფენ? დღეს, რამოდენიმეჯერ გახლდით უფლის საფლავზე არსებულ ტაძარში, მაგრამ გვსურდა, რომ იქ გამუდმებით ვყოფილიყავით, თითქოს ჩვენი უხილავი უფალი გვიხმობდა თავის გოლგოთაზე, რათა თავისი სხეულის ჭრილობებით, ჩვენი სულიერი ჭრილობები განეკურნა. ამ ტაძარს, აღდგომის ტაძარი ეწოდება და ჭეშმარიტად, არაერთგზის აღმდგარა იგი. წარმართმა მეფე ადრიანემ საფუძვლებამდე დაანგრია და მის ადგილზე კერპების - ვენერასა და იუპიტერის ქანდაკებები დადგა - რომაული სისაძაგლე. იულიანე განდგომილმა, ხალიფა ომარმა და სპარსეთის მეფე ხოსრომ გაძარცვეს და შებილწეს ტაძარი, მაგრამ იგი დამანგრეველთა სიკვდილის შემდეგ უფრო მეტი დიდებულებითა და სილამაზით აღსდგებოდა ხოლმე. განა ეს აღდგომა არ გახლავთ? განა არ იყო ჯვარი ქრისტესი მიწაში დაფლული და განა არ აღსდგა იგი?!

- ჰოი, დიდებულო უფალო იესო ქრისტე, მხოლოო უძლეველო, ყოვლისშემძლეო! შენი სახელის მქონე ეკლესიანიც კი აღსდგებიან, მაშ რაღა ითქმის ადამიანებსა და ხალხებზე? როგორღა არ აღსდგები შენ - მარადიული ჭეშმარიტება და ცხოვრება!

„მისიონერული წერილები“ (წერილი 30)