აი დადგა დღე უდიდესი დანაშაულის გახსენებისა, რომელიც კი ოდესმე ჩაუდენიათ მზის ქვეშ. დღე სირცხვილისა და შიშისა, ადამიანის სინდისს ჟამთა აღსასრულამდე რომ გაჰყვება. მორწმუნეებს წესად აქვთ, ამ დღეს ფიქრებით თუ ფიზიკურად ქრისტეს გზა გაიარონ. გზა, რომლითაც უფალს თავისი ჯვარი გოლგოთისაკენ მიჰქონდა. ჩვენ გეთსიმანიიდან გავემგზავრეთ, შევედით სახლში მისი მშობლის მშობლებისა, იოაკიმესა და ანასი, ვფიქრობდით ღვთისმშობლის შესახებ. მიჰყვებოდა ნეტავ ის ამ საშინელ პროცესიას? არა. მოგვიანებით ვნახავთ.
პილატეს სასახლე, თითქოს ჩამქრალი ვულკანის ფერფლზე ვაბიჯებდეთ, მაგრამ ვნებათა ალი და ურჯულოების სიმყრალე ჯერ კიდევ იგრძნობა. აქ გაასამართლეს და მსჯავრი დასდეს ჭეშმარიტების მასწავლებელს. აქ უდანაშაულო ურჯულოთაგან გაიშოლტა. არ დარჩენია ერთი ადგილიც კი სხეულზე, რომ არ დასახიჩრებოდა. გასულ ღამეს ამაზე ებრაელებმა იზრუნეს, ახლა კი რომაელი ჯარისკაცები აღრმავებდნენ ჭრილობებს მისას. ის, ვინც რომის სამართალსა და კანონმდებლობას შეისწავლის, აქ მოსვლა არ აწყენდა, რათა საუკუნოდ ეთაკილებოდეს არაადამიანური გამცემლობა.
აი ადგილი, სადაც მაცხოვარი ჯვრის სიმძიმისაგან დაეცა... როგორ არ დაეცემოდა?! მძიმეა ამ ღამის მდუმარედ ატანა, ღამისა, ცრუ ბრალდებებით, ცილისწამებითა და ცრუმოწმეობით რომ იყო აღსავსე. მყრალი ფურთხი და ჭრილობა - მის მიერ აღსრულებულ კეთილ საქმეთა სანაცვლოდ! უფალო, ნეტავ იმ დროს აქ ვყოფილიყავით! შენცა და შენს ჯვარსაც ხელში აგიტაცებდით! ასე ვფიქრობდით ჩვენ და ცრემლს ვღვრიდით ამ ტკივილის გზაზე, რომელიც ტანჯვის მდინარედ გადაიქცეოდა, მასზედ რომ ყველა ქრისტიანის ცრემლი დადენილიყო. ნეტარი გახლავთ სვიმონ კვირინელი (იხ. მათ. 27,32; მარკ. 15,21; ლუკ. 23,26), რომელმაც ქრისტეს ჯვრის ზიდვა იკისრა და ტანჯვა შეუმსუბუქა მას, ვინც კაცობრიობისათვის ევნო.
აი, ჩვენ წმინდა ვერონიკას სახლთან ვიმყოფებით: ამ სახლის ფანჯრიდან შეამჩნია ვერონიკამ საშინელი მსვლელობა, ქრისტეს დასახიჩრებულმა სახემ, სისხლით, ფურთხით, მტვრითა და ოფლით გაჯერებულ ტილოს ნაჭერს რომ მოგაგონებდათ, მის ქალწულებრივ გულში თანაგრძნობა აღძრა. შეებრალა გოგონას, მიირბინა მსჯავრდებულთან და სუფთა ქსოვილით სახე მოსწმინდა მას მდუმარე მოწამემ ვერ შესძლო მადლობის სიტყვების წარმოთქმა, მაგრამ მადლიერების ნიშნად იმ ქსოვილზე საკუთარი გამოსახულება დაუტოვა.
აი, ჩვენ იმ ადგილას მივედით, სადაც ღვთისმშობელი შვილს შეხვდა: როდესაც მას ეძებდა, იგი გვერდით ქუჩიდან გამოვიდა და პირისპირ აღმოჩნდა იესოსთან. მან ძლივს იცნო ქრისტე, ნუთუ ეს მისი ვაჟია, ნუთუ მან შობა იგი? ეს ერთიანი ჭრილობა, ზომით ადამიანის ტოლი რომ ჩანდა? მაგრამ ამ ჭრილობამ განკურნა ცოდვით მოწამლული კაცობრიობა. უფალს არაფერი უთქვამს მისთვის. არც დედას ამოუღია ხმა. მაგრამ მათმა სულებმა ერთმანეთს გაუგეს და მიესალმნენ. „პირმშოვ ჩემო, - გმინავდა დედის გული, - ჩემო ლამაზო გაზაფხულო, სად გაქრა შენი სილამაზე!“.
ბოლოს ჩვენ აქ ვართ, სისხლიან კლდესთან, წინაშე გოლგოთისა. შუადღეა. იგი ჯვარზე სწორედ ამ დროს გააკრეს. ჩაქუჩების კაკუნი გაისმის ჩვენს სულებში. აქ სამი საათი შევჩერდით, სულებმა კი ჯვრის ძირში დაივანეს. დაე მისმა სისხლმა განბანოს ისინი! სამი საათის შემდეგ უფალი აღესრულა (იხ. მათ. 27,46-50). იმავე წამსვე ბუნება ადამიანური ურჯულოების წინააღმდეგ აღსდგა: „ქუეყანაჲ შეიძრა და კლდენი განსთქდეს“ (მათ. 27,51).
მხოლოდ აღდგომა შეიძლებოდა, ყოფილიყო ჯილდო ამგვარი უსაზღვრო ტანჯვისათვის. მხოლოდ ქრისტეს აღდგომით შეუძლიათ ბუნებასა და ჩვენს სინდისს სიმშვიდის მოპოვება.
„მისიონერული წერილები“ (წერილი 29)