მწერ, რომ ხნიერი ხალხისაგან გსმენია რაღაც „ზღაპარი“ ქრისტეს ხუთი ჭრილობის შესახებ და მეკითხები, თუ საიდან გაჩნდა ეს „ზღაპარი“.
აფსუს, ქალიშვილო, წაიკითხე სახარება! აფსუს, თქვენ, სერბებო, ნუ ირცხვენთ თავს საკუთარი რწმენის არცოდნით მიწისა და ზეცის წინაშე! მიატოვეთ ყველა სხვა სწავლება, ვიდრე ყველაზე მთავარსა და ყველაზე მაცხოვნებელს არ შეისწავლით. ყველა მეცნიერებაზე წინმდგომი - რწმენის შესახებ მეცნიერებაა, ხოლო ყველა დანარჩენი - შემდგომი. ინგლისში ყველა კითხულობს წმიდა წერილს. მთავრობის წევრები და პოლიტიკოსები და ჩვეულებრივი მშრომელები ცდილობენ, თავიანთი ლაპარაკი, საუბრები, სტატიები, წიგნები გაამდიდრონ ფრაზებით წმინდა წერილიდან, რათა საღვთო სიტყვებით დაამტკიცონ, დაამშვენონ თავიანთი ადამიანური სიტყვები, ისევე, როგორც შუშის სამკაულები ირთვება ბრილიანტებით.
ქრისტეს ხუთი ჭრილობა კი უბრალოდ სიტყვები არ არის, არამედ წმინდა რეალობაა, ამიტომ, მათ შესახებ უფრო მეტის ცოდნაა საჭირო, ვიდრე - უბრალოდ სიტყვებისა. ორი ჭრილობა ხელებზე, ორი - ფეხებზე და ერთიც - ფერდში. ხუთივე ჭრილობა შავი რკინისაგან და კაციობრიობის შავი ცოდვისგანაა, რომელიც რკინაზე უშავესია. დამსჭვალულია ხელები, რომლებიც აკურთხევდნენ. დამსჭვალულია ფეხები, რომელნიც ვიდოდნენ და ატარებდნენ ერთადერთი ჭეშმარიტი გზით. განგმირულია ფერდი, რომლიდანაც ადამიანთა გაციებულ გულებში ზეციური სიყვარულის ცეცხლი იღვრებოდა.
დაუშვა უფლის ძემ, რათა განეგმირათ ხელნი მისნი სხვათა ხელთა ცოდვებისათვის, ხელი მტევნებისათვის, რომლებიც კლავდნენ, იპარავდნენ, წვავდნენ, სთესდნენ ძალმომრეობას და რათა განეგმირათ ფერხნი მისნი მრავალთა ფერხთა ცოდვათა სანაცვლოდ, მუხლთა სანაცვლოდ, რომელნიც არამართლად ვიდოდნენ, აცდუნებდნენ უმანკოებას, ფეხქვეშ თელავდნენ სამართლიანობას, ბილწავდნენ სიწმიდეებს, სრესდნენ კეთილს. გულიც მრავალ გაქვავებულ გულთა გამო განუგმირეს, მთები გაქვავებული გულებისა, რომლებშიც იბადებოდა სიძულვილი და უღმერთობა, საგმობი ზრახვანი და პირუტყვული გულისთქმანი, რომლებშიაც, საუკუნეების მანძილზე მწიფდებოდა ჯოჯოხეთური გეგმები ძმისა - ძმის წინააღმდეგ, მეზობლისა - მეზობლის წინააღმდეგ, ადამიანისა - უფლის წინააღმდეგ.
განმჭვალულნია ხელნი უფლისა იმისათვის, რათა ყველა ხელი განიკურნოს ცოდვათაგან; განმსჭვალულნის ფერხნი უფლისა, რათა ყველა ფეხი ასცდეს ცოდვის გზას; განგმირულია ფერდი უფლისა, რათა ყველა გული განიგმიროს ცოდვილ გულისთქმათა და ზრახვათაგან.
როცა მრისხანე კრომველმა, ინგლისის დიქტატორმა, სამონასტრო ადგილ-მამულების ჩამორთმევა და მონასტრების დაკეტვა დაიწყო, სახალხო უკმაყოფილების ნიშნად ინგლისში მრავალრიცხოვანი პროცესია აგორდა. ხალხს წინ საეკლესიო დროშა მიჰქონდა წარწერით: „ქრისტეს ხუთი ჭრილობა“, მღეროდნენ საეკლესიო სიმღერებს, ღია ცის ქვეშ სრულდებოდა ღვთისმსახურება. შეშინდა მრისხანე დიქტატორი; შეეშინდა დროშების, თუ კიდევ სხვა რამის, მაგრამ ტირანია კი შეარბილა.
დაე, გასწავლოს შენ, გოგონავ, უფლის ხუთმა ჭრილობამ საკუთარი ხუთი საგრძნობელით ცხოველმყოფელ უფალზე მიჯაჭვა.
ხუთი ჭრილობა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი - უწმინდესი სისხლის ხუთი წყაროა, რომლითაც განბანილია ადამიანთა მოდგმა და გაბრწყინებულია დედამიწა. თითოეული ამ ხუთი ჭრილობიდან გადმოდინდა სისხლი მართლისა, მთლიანად, უკანასკნელ წვეთამდე. სასწაულთმოქმედი ღმერთი, რომელმაც გაამრავლა პური და ხუთი პურით ხუთიათასი მშიერი დააპურა, განუწყვეტლივ ამრავლებს ათასობით საკურთხეველში საკუთარ უწმინდეს სისხლსაც, რათა მისით დააპუროს და დაარწყულოს მილიონობით მორწმუნე. ეს - ქრისტეს წმინდა ნაწილთა ზიარებაა. დიდ პარასკევს სულით განერთხე ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წინაშე, ჯვართან, რათა შენც განგბანოს ცხოველმყოფელმა სისხლმა - უფლის ხუთი ჭრილობიდან, რათა შენ, განბანილს და სულით გაცოცხლებულს მენელსაცხებლეებთან ერთად სიხარულით აღმოგხდეს: ქრისტე აღსდგა!
„მისიონერული წერილები“ (წერილი 28)