წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

მდიდარს, რომელსაც პატიება არ ძალუძს

ერთმა თქვენმა მოვალემ ყალბი თამასუქი შეადგინა, მაგრამ მოინანია და თქვენც შეუნდეთ მას. ახლა კი კვლავ ამის შესახებ მწერთ. რისთვის იხსენებთ წარსულ ცოდვას? როდესაც ქრისტიანი შეუნდობს, იგი ივიწყებს ახლობლის ცოდვას და მის შესახებ აღარავის უამბობს. თქვენ ხომ ორმაგად სცოდავთ. პირველ რიგში ამაყობთ იმით, რომ აპატიეთ, მეორეც, ჰყვებით ახლობლის ცოდვის შესახებ და განსჯით მას. ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცოდვა ჩვენი დროისა, დილიდან საღამომდე, განუწყვეტლივ სხვათა ცოდვების განსჯაა. თვით ცოდვილთა მონანიებასაც კი არ ძალუძს, დაადუმოს სხვათა ჭრილობების განახლების მოყვარულთა ბაგენი, კარგი იქნებოდა, მხოლოდ ცოდვათა განსჯა რომ კმაროდეს, მაგრამ ისინი იბერებიან და დემონურ ზომებს აღწევენ!

როდესაც იმპერატორი კონსტანტინე დიდი ნიკეის კრებაზე მოვიდა, ზოგიერთმა მონაწილემ მას ერთმანეთისადმი მიმართული წერილობითი საჩივარი გადასცა. იმპერატორმა შეაგროვა ყველა წერილი, დაჭმუჭნა და ცეცხლში შეაგდო. თანად შემდეგი სიტყვები დაურთო: „დაე, მღვდელთმსახურთა შუღლის შესახებ ნურავის შეიტყობს“. „ხოლო უკუეთუ შეგცოდოს შენ ძმამან შენმან, მივედ და ამხილე მას, რაჟამს შენ და იგი ხოლო იყვნეთ მარტონი“ (მათ. 18,15), - ამბობს მაცხოვარი. თუკი უთხარი ძმას, მან მოინანია და შენდობილია, როგორღა შეიძლება, რომ ამის შემდეგ მისი ცოდვა ქვეყანას მოუყვე? ამით ძმას კი არ შეიძენ, არამედ, დაკარგავ მას.

აპატიო - ნიშნავს, არა მარტო იმას, რომ შური არ იძიო, არამედ - დაფარო ძმის ცოდვა დუმილითა და დავიწყებით.

„მისიონერული წერილები“ (წერილი 278)