შენ საკუთარი შემთხვევის შესახებ მწერ, რომლიც ომში გადაგხდა. ვიღაც ბრძოლის დაწყების წინ ჯარისკაცებს სახარებას ურიგებდა - პატარა, ლამაზად გაფორმებულ წიგნებს. შენც გამოართვი და გესლიანად აღნიშნე: „აქ საჭიროა ფოლადი და ტყვია და არა წიგნები. თუკი ფოლადმა ვერ გვიშველა, წიგნები მითუმეტეს ვერ გვიშველიან!“ აი, რა შენიშნე შენ მაშინ, რადგანაც იმ დღემდე ღმერთის რწმენა არარად მიგაჩნდა. შენ მას, როგორც ძველ ტანსაცმელს ისე უყურებდი, რომელსაც კაცობრიობა უხსოვარი დროიდან უსარგებლოდ დაათრევს.
მაგრამ შენ მაინც აიღე წიგნი და მარცხენა შიდა ჯიბეში შეინახე. და რა მოხდა? შენ თვითონ ამბობ: სასწაული უფლისა. და მეც ვადასტურებ ამას. შენს ირგვლივ დაჭრილები ეცემოდნენ; ბოლოს დაეცი შენც. ფოლადის ნამსხვრევი მოგხვდა. შენ ხელი გულზე იტაცე, ელოდი, რომ სისხლი იფეთქებდა. მოგვიანებით, როცა ტანთ გაიხადე, წიგნის მაგარ ყდაში გაჭედილი ტყვია იპოვე. იგი პირდაპირ გულში იყო დამიზნებული. შენ ციებიანივით აგაკანკალა. უფლის მინიშნება! წმიდა წიგნმა იხსნა შენი სიცოცხლე სასიკვდილო ტყვიისაგან. იმ დღეს შენს სულიერად დაბადების დღედ მიიჩნევ. იმ დღიდან ღვთისმოშიში გახდი და ყურადღებით იწყე სარწმუნოების შესწავლა. ასე რომ, ქრისტეს რჯული ძველი ტანისამოსი არაა და არც ტყუილად ატარებს მას კაცობრიობა.
უფალმა თავისი მოწყალებით თვალი აგიხილა. დაწერილია: „ღმერთს მართალნი უყვარს და ცოდვილთ იწყალებს“. ზოგიერთებმა ომში სხეული დაღუპეს, სხვებმა - სული. პირველებმა ნაკლები დაკარგეს, ზოლო ზოგიერთებმა სული ჰპოვეს, ისინი ჭეშმარიტად გამარჯვებულნი არიან. იყვნენ ისეთებიც, ომში რომ მგლებად წავიდნენ და კრავებად დაბრუნღენ. ასეთი უამრავი ვიცი. შენს მსგავსად მათაც რაღაც სასწაული შემთხვევის წყალობით იგრძნეს, რომ უხილავი ღმერთი მათ გვერდით მიაბიჯებს. როგორც დიდებული მეფსალმუნე ამბობს „წინაისწარ ვხედევდ უფალსა, წინაშე ჩემსა მარადის, რამეთუ მარჯულ ჩემსა არს, რაითა არა შევიძრა“ (ფს. 15,8). კითხულობ კი ფსალმუნებს?
თუკი შენ ურწმუნოყოფილმა შეიგრძენი, თუ როგორ შემოდის ადამინის ცხოვრებაში უზენაესი, როგორ უნდა გრძნობდნენ ამას მორწმუნენი?!
მშვიდობა შენდა და სიხარული უფლისაგან.
„მისიონერული წერილები“ (წერილი 23)