განა თქვენ არ გაგიგონიათ, რომ სამოთხის კარი კვლავ ღიაა? მაგრამ არა მიწაზე, არამედ - ზეცაში. არა დროებით, არამედ - მარადიულად და რომ ამ მარადიულ სამოთხეში შეაბიჯეს დამნაშავემ, ავაზაკმა და ღატაკმა. დამნაშავე ადამმა, ავაზაკმა გოლგოთიდან და ღარიბმა ლაზარემ. ქრისტე აღდგა და თავისი აღდგომით ადამის შვილებს სამოთხის კარი გაუხსნა. მრავალმა უკვე შეაბიჯა ამ სამოთხეში, რომელიც მომავალში არასოდეს დაიკარგება და რომლიდანაც აღარავის გამოაძევებენ. თუკი გსმენიათ ამის შესახებ და კვლავ სიკვდილის შიში გტანჯავთ, ამაოდ გსმენიათ. ხოლო თუკი მოისმინეთ ეს სასიხარულო ამბავი და გულით მიიღეთ იგი, მაშინ აღდგომა თქვენი უკვე კარსაა მომდგარი: ის უკვე დაიწყო და აღდგომითვე დასრულდება. თუკი ეს სასიხარულო ამბავი თქვენი ცხოვრების გაგრძელებად იქცა, მაშინ სიკვდილი თქვენთვის თამაშის მსგავსი იქნება, ის დატყვევებულ მონას დაემსგავსება, გამარჯვებულებს ბორკილებში რომ მოუქცევიათ.
განა არ გსმენიათ, ჯერ კიდევ არ გაგიგიათ, რომ მაცხოვარმა აღასრულა აღთქმა უფლისა, რომელიც მან დაუდო ადამს - განდევნილთა შორის უპირველესს?! - ქალის თესლიდან აღმოცენდება ვინმე, რომელიც მოჰკვეთს თავს მზაკვარ სიცრუეს, ჯოჯოხეთის გველს (იხ. დაბ. 3,15)! და გამოჩნდა ღმერთკაცი - ღმერთი, ადამიანობამდე დამცირებული და ადამიანი აყვანილი ღმერთამდე. გამოჩნდა ჭირ-ვარამსა და სამოთხიდან განდევნილთა ოხვრაში. მან მონებს - თავისუფლება, გარდაცვლილთ - სიცოცხლე, სნეულთ - ჯანმრთელობა, დაღონებულებს - სიხარული, ხოლო გაბოროტებულებს კი სიყვარული მოუტანა. ანუ სიცოცხლის ხის ყველაზე ტკბილი ნაყოფი და ყველაზე ძვირფასი საჩუქარი. მოწყალებით შეუშრო მოტირალთ ცრემლები. ღვთაებრივი ძალით მკვდრეთით აღადგინა იაიროსის ქალიშვილი, ნაინელი ქვრივის ვაჟი, ოთხი დღის გარდაცვლილი ლაზარე, სულები ცოდვილთა და გონება მოციქულთა. და მთელი ბუნება ქედს უხრიდა მას, ხოლო ბუნების მონები ხარობდნენ. თუკი თქვენ ამის შესახებ გსმენიათ, მაშ რატომღა სწუხხართ დღემდე? რისთვის დახვალთ თავჩაქინდრული, აბიჯებთ საკუთარ ცრემლებს? თუ თქვენ გულით მიიღეთ ეს სასიხარულო ამბავი, მაშინ შეწყვიტეთ გმინვა.
განა არ გსმენიათ, ჯერ კიდევ არ გაგიგიათ, რომ სამოთხიდან პირველად განდევნილის და ყველა ცოდვილის წინაპრის ცოდვა, გამოსყიდული და ჯვარზე სიყვარულის სისხლით ჩამობანილია?! ამ ცოდვის აზრი შვილების მამისაგან, ძმის კი ძმისაგან განდგომაში თაობიდან თაობამდე, მოდგმიდან მოდგმამდე შუღლსა და სიძულვილში მდგომარეობს. შვილების სიყვარული მამისადმი ჩაქრა, სიყვარული ძმებისა კი განილია. განა არ გსმენიათ, რომ ქრისტემ შეაჩერა ცოდვის მფერფლავი ქარი და ჩააწყნარა ქარიშხალი უგუნურებისა - ის ქარი და ქარიშხალი, საუკუნეების განმავლობაში რომ აქრობდნენ და ჩააქრეს კიდეც ცეცხლი სიყვარულისა? არ გაგიგონიათ, რომ ის ახალ კოცონს დაანთებს სიყვარულის გაციებულ კერაზე? თუკი გსმენიათ, მაშ რატომღა გამძიმებთ დღემდე განდევნილთა ტვირთი? რატომ არ ჩამოიცილებთ თქვენი სულებიდან, მათი კერიიდან, ამქვეყნიური მტვრით სავსე ტომრებს? თუკი სიხარულით მიიღეთ ეს ცნობა, მაშინ თქვენმა სულებმა უკვე ორი ფრთა უნდა გამოისხან - უფლისმოყვარეობისა და მოყვასისმოყვარეობისა - არწივის ფრთათა მსგავსი. ამ საოცარი ფრთების მეშვეობით თქვენი არსება კვლავ ფრთოსანი გახდება და შეძლებს ზეცასთან, ზეციურ სამოთხესთან, ფრთოსან ქერუბიმთა სამეფოსთან და მაცხოვრის უკვდავ მამულთან მიახლებას.
„მისიონერული წერილები“ (წერილი 217)