წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

ახალგაზრდას, რომელიც ძლიერ იტანჯება

შენმა წერილმა ძლიერ შემძრა: არ დაგიმალავ, და მრავალჯერ გადაკითხვისას ვიტირე კიდეც. მასში ხომ მთლიანად ადამიანის ცხოვრებისეული დრამაა აღწერილი. მწერ, არამზადად იზრდებოდი. ქურდობა შენს თვისებად იქცა. თუმცა ძალიან მარჯვე იყავი და ყველა გაქებდა, როგორც სამაგალითო ახალგაზრდას. აი, ერთხელაც, შეგამჩნიეს და დაგედევნენ. შენ მათ გაექეცი, მაგრამ ფეხი მოიტეხე. არავის გაუგია შენი საიდუმლო. გამოძახებულმა ექიმმა თქვა, რომ მდგომარეობა უიმედოა. მოიყვანეს მღვდელი ლოცვის წასაკითხად. ლოცვამ ფეხს ვერ უშველა, მაგრამ შენი სული შეძრა, გაგახსენდა ღმერთი და შენი ცხოვრება შეგეზიზღა. შენ მთელი სულითა და გულით მოინანიე და ქრისტეს მცნებებით ცხოვრების აღთქმა დადე.

მაშ, როგორღა ამბობ, რომ ლოცვამ არ გიშველა? მან გამოგაფხიზლა და სული აღგიდგინა. ეს კი მთავარია. შენ ფეხით ზღვე შენი სულისათვის, დარწმუნებული იყავ - ძალზედ იაფად.

მაგრამ ამით არ დამთავრებულა. როცა მომჯობინდი მხურვალედ ლოცვა დაიწყე. მაშინ ვიღაცამ ჯადოქრობაში დაგადანაშაულა და ხელისუფლებისგან დაისაჯე. ამან ძლიერ შეგაცბუნა და კითხულობ, თუ რას ნიშნავს ყოველივე ეს?

ეს ნიშნავს, რომ ვიწროა გზა უფლისა - მიმავალი სასუფევლისაკენ (იხ. მათ. 7,13), ამას უდასტურებს მაცხოვარი ყველას, ვინც გაჰყვება მას. არ უნდა გაგიკვირდეს, ხალხმაც რომ შეგაქოს, ავის მქმნელს ღმერთი მაინც დაგსჯის. ხალხმა შეიძლება, დაგსაჯოს სიკეთისათვის, მაგრამ უფალი დაგაჯილდოვებს. ქრისტე მხოლოდ სიკეთეს იქმოდა, მაგრამ ხალხმა ჯვარს აცვა იგი.

ნუ უყურებ ხალხს, ისწრაფე უფლისაკენ. შენ სულისთვის ერთი ფეხი დათმე. თუკი საჭირო გახდება, დათმე მთელი სხეული. იაფად ზღვე შენ სულისთვის, რამეთუ გაეცი ხრწნადი - ძვირფასი მარგალიტის საზღაურად. ნუ გეშინია! გამაგრდი იმ გზაზე, რომლითაც მიდიხარ.

ღმერთი იყოს შენი შემწე!

„მისიონერული წერილები“ (წერილი 16)