წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

მარტოხელა ქალს - ლოცვის შესახებ

განაწყენებული იმის გამო ხართ, რომ უფალს არ ესმის თქვენი ვედრება! ნუ დრტვინავთ იმაზე, ვინც სული და სიცოცხლე, გონი და აზროვნება მოგვანიჭა. გთხოვთ, ნუ ემდურით მას, ვისაც ათასჯერ მეტი უფლება აქვს, გვისაყვედუროს ჩვენც, ანგელოზებსაც და წმიდანებსაც. უფალმა რომც არ შეისმინოს ჩვენი თხოვნები, ლოცვები მაინც გამოიღებენ ნაყოფს ჩვენს სულებში, გაამდიდრებენ და ვაჟკაცურს გახდიან მას. ეს საიდუმლოა, რომელიც სულიერ მოღვაწეებს განეცხადათ. ვთქვათ, ვიღაცამ ხორბალი დათესა და ლოცულობს, რომ უხვი მოსავალი მიიღოს. ხორბლის ნაცვლად თესლიდან ბალახი ამოიზრდება, იგი კვლავ ხორბლისთვის ლოცულობს, მაგრამ ამ ბალახიდან შვრია და ფეტვი ამოდის. ის ლოცვას არ წყვეტს, ბოლოს და ბოლოს, თავთავები ხორბლის მარცვლებით ივსებიან, მწიფდებიან და სიმძიმისაგან მლოცველის ფერხთით ეგებიან.

ყველა ჩვენს ლოცვას შედეგი თავის დროზე მოაქვს, როგორც რუსი პოეტი პეტრე ვიაზემსკი ამბობს:

„ნათელ დღესა და ქარბუქებს შორის,
სიხარულის თუ ტანჯვის მინდორზე,
ნისლი ბურავს თუ ვარსკვლავი ბრწყინავს,
მაინც ილოცე.
ილოცე ისევ, ილოცე ისევ
და საიდუმლო ნაყოფებს მაშინ
მოამწიფებენ წმიდა ლოცვები“!

უფალმა გვიქგდაგა, იმისათვის კი არ ვილოცოთ, რომ შევიტყოთ, თუ რა გვინდა: ჯერ კიდევ ჩვენს ჩასახვამდე მისთვის ნათელია, რა გვჭირდება სიცოცხლის ყოველ წამს. არამედ მოგვიწოდა, რომ ჩვენი სულები იზრდებოდნენ, მაღლდებოდნენ, ფართოვდებოდნენ და მწაფდებოდნენ ლოცვის სხივებში. თუ იგი მაშინვე არ ეხმაურება ჩვენს ლოცვებს, ესე იგი, სურს, რომ ყოველივე არა ჩვენი, არამედ მისი ნებით იყოს, რაღაც უფრო მეტსა და უკეთესს გვიმზადებს, ვიდრე ლოცვაში შევთხოვთ. სწორედ ამიტომ ყოველი ვედრება მლოცველებმა შემდეგი სიტყვებით უნდა დავამთავროთ: „ხოლო არა ვითარ მე მნებავს, არამედ ვითარცა შენ“. (იხ. მათ. 26,39; მარკ. 14,36; ლუკ. 22,42).

„მისიონერული წერილები“ (წერილი 154)