საუბარში სამყაროს აღსასრულსა და ადამიანის ძის მოსვლასთან დაკავშირებით უფალ იესო ქრისტეს მორიგეობით მოჰყავს დღისა და ღამის შედარებანი (იხ. ლუკ. 17). იგი თავის მეორედ მოსვლას ანაზდეულობითა და სისწრაფით ელვას ადარებს და ამბობს: „ესრეთ იყოს ძე კაცისაჲ დღეთა მისთა“ (ლუკ. 17,24). ხოლო ცოტა მოგვიანებით კი: „მას ღამესა ორნი იყვნენ ერთსა ცხედარსა...“ (ლუკ. 17,34). როდესაც ლაპარაკობს ერთი და იმავე დროის შესახებ, იგი ხან სიტყვა „დღეს“ იყენებს, ხანაც „ღამეს“; შენ კითხულობ, თუ როგორ ავხსნათ ყოველივე.
შეუმცდარია ქრისტეს ბაგეთაგან წარმოთქმული ყოველი სიტყვა, შეუმცდარია ეს სიტყვებიც. როდესაც ლაპარაკობს თავის დღეზე, იგი მეორედ მოსვლაზე მიგვანიშნებს, ხოლო როდესაც საუბრობს „იმ ღამის“ შესახებ, იგი ამ სამყაროსა და დროის დასასრულზე გვამცნობს. ეს ერთი და იგივე დროა, კერძოდ კი დროის გამოყოფა მარადიულობისაგან, მისი სიკვდილი მარადიულობასთან მიმართებაში, როდესაც ჩაქრება და აღარასოდეს გაბრწყინდება მზე, გამოჩნდება ნათელი ნიშანი ადამიანის ძისა და გაბრწყინდება საუკუნოდ. სწორედ მაშინ გაქრება დრო, დადგება დღე უფლისა და ამ მატერიალურ სამყარზე „მოიწიოს დღე იგი უფლისაჲ, ვითარცა მპარავი ღამისაჲ, რომელსა შინა ცანი მძაფრიად წარჴდენ და წესნი იგი დაიწუნენ და დაზულენ და ქუეყანაჲ და მას შინა საქმენი დაიწუნენ“ (2 პეტრ. 3,10). ეს იქნება უკანასკნელი შეხვედრა დღისა და ღამისა მარადიული განშორების წინ. ამიტომაც, როდესაც ლაპარაკია მათ უკანასკნელ შეხვედრასა და მარადიულ განშორებაზე, დიდი მნიშვნელობა არა აქვს იმას, თუ როგორ ვიტყვით - დღე იგი უფლისაჲ თუ მპარავი ღამისაჲ. ის რაც წინააღმდეგობრივად მოსჩანს დღეს და დღევანდელობისათვის, როდესაც დროის ბორბალს რიგრიგობით მოაქვს დღე და ღამე, დაჰკარგავს თავის წინააღმდეგობრიობას დროებითისა და მარადიულის გადამწყვეტი გაყოფის ზღურბლზე.
მშვიდობა თქვენ და წყალობა უფლისაგან.
„მისიონერული წერილები“ (წერილი 151)