თქვენ ქმართან და უმცროს ვაჟთან ერთად დიდ სიღარიბეში ცხოვრობთ. უფროსი ვაჟი - ჩინოვნიკია, მაგრამ დიდი ხანია, რაც მიგატოვათ. წლობით არ იწერებოდა და საჩუქრებს არ უგზავნიდა თავის მზრუნველ, არაფრისმქონე მშობლებს. მამას მის შესახებ გაგონებაც კი არ უნდოდა, თქვენ ცდილობდით, ქმრის დაწყნარებას და შვილს იცავდით, იხდიდით ბოდიშს მისი უყურადღებობის გამო. მალულად კი ცრემლებს ღვრიდით და ღმერთს შეცდომილი შვილის გამო ევედრებოდით. ასე გრძელდებოდა რამოდენიმე წლის განმავლობაში. თქვენს დედობრივ სულს შიში და სირცხვილი ავსებდა: შიში იმისა, რომ მამა შვილს დასწყევლიდა, ხოლო სირცხვილი კი იმის გამო, რომ იგი საჯაროდ განდგებოდა მისგან. ამიტომ თქვენ უფრო ხშირად და გულით აღავლენდით ლოცვებს იმ ერთადერთისადმი, ვისაც დახმარება ძალუძს. ლოცულობდით, მარხულობდით, სანთლებს ანთებდით, მოწყალებას გაიღებდით და ყველაფერს აკეთებდით, რისი გაკეთებაც კი საჭიროა მორწმუნე დედისათვის. განუწყვეტლივ, დღიდან დღემდე, აგერ უკვე შვიდი წელია, უკან არ დაგიხევიათ და ეჭვი არ შეგპარვიათ!
ბოლოს, შვიდი წლის შემდეგ, თქვენ მიიღეთ ის, რასაც ღმერთს შესთხოვდით. გაქვავებული გული თქვენი შვილისა მშობლებისაკენ მობრუნდა. გასულ აღდგომას თქვენ მისგან მონანიების წერილი და ფულადი დანარიცხი მიიღეთ. იგი პატიებას ითხოვს. ვერ გაუგია, თუ რატომ იყო ამდენი ხნის განმავლობაში სასტიკი მშობლების მისამართით, თითქოს რაღაც უხეში ნაჭუჭი ფარავდა მის გულს. გპირდებათ, რომ გულმოდგინედ მოგწერთ და დახმარებასაც გამოგიგზავნით. ყოველ კვირას მისგან წერილი მოდის, ყოველ თვეში - ფული. დედის სიხარულს საზღვარი არ აქვს. თქვენმა მადლიერებამ უფლისადმი ყოველივეს გადააჭარბა და ცრემლებად გადმოიღვარა.
მე თქვენი სიხარულით ვხარობ და უფალს მადლობას ვწირავ, პატივცემულო ქალბატონო. მთელი სერიოზულობით გიწოდებთ ქალბატონს. არსი თქვენი ბატონობისა მიწიერი ქონების სიუხვეში არ მდგომარეობს, არც - დროებით სიმდიდრესა და ადამიანურ პატივმოყვარეობაში. თქვენი ბატონობა კეთილშობილ სისხლზე კი არა, კეთილშობილ სულზეა დამყარებული. სულიერად თქვენ მეფეთა მეფის, ბატონთა შორის ბატონის სიმაღლემდე ახვედით. გონებით მასთან ურთიერთობთ, ლოცვებით მასთან საუბრობთ. იგია ჰაერი და სინათლე თქვენი სულისა, მარად თანმდევი თქვენი სულიერი მზერისა. ვისაც არ უნდა ელაპარაკებოდეთ, თითქოს მესამესთან საუბრობთ, რამეთუ უფალი - მეორე გახლავთ თქვენსა და ყოველ თქვენთან მოსაუბრეს შორის. ვიდრე რამეს იტყოდეთ, უფალში ფიქრობთ, თქვენ ღვთის მონა - ესე იგი მისი შვილი ბრძნდებით. აქედან გამომდინარეობს ბატონობა და კეთილშობილება თქვენი, ეს კი ერთადერთი ბატონობაა, რომელიც არასოდეს დაიკარგება და - ერთადერთი მარადიული კეთილშობილება. იგი რწმენით მოიპოვება, ხოლო ლოცვით და ცრემლით კი შენარჩუნდება.
საიდუმლოდ უპასუხა ლოცვას უფალმა თქვენს გულს, ისევე, როგორც ოდესღაც ქანაანელ ქალს: „ჵ დედაკაცო! დიდ არს სარწმუნოებაჲ ეგე შენი“ (მათ. 15,28) და მოხდა ის, რაც გსურდათ. ღმერთმა გზასაცდენილი ვაჟი სწორ გზაზე დააყენა, იხსნა იგი მამის წყევლასაგან, რომელსაც მარადიული დაღუპვა მოაქვს, ხოლო მამა კი - სასოწარკვეთილებისაგან. თქვენ კი უზენაესი თქვენი რწმენის გამო ჯილდოს იმით მოგაგებთ, რომ კიდევ უფრო განგიმტკიცებთ სულიერ ბატონობასა და კეთილშობილებას, ვადრე მარადიულ სასუფეველში არ გადახვალთ, სადაც უფლის რჩეულნი ბატონობენ.
მშვიდობა თქვენ და კურთხევა ქრისტესი.
„მისიონერული წერილები“ (წერილი 146)