გსურდა, რომ უფალს თავის საშინელ სამსჯავროზე ყველა ცოდვილი შეეწყალებინა. შენ კვლავ სცდი უფალს, ისევე როგორც სცდიდა მას ცდუნების მთაზე მოწინააღმდეგე უფლისა? (იხ. მათ. 4,1-10). „თუკი შენ უფლის ძე ხარ მრავალმოწყალე, შეუნდე იუდას, კაენს, ყველა ცოდვილს და მაშინ თაყვანს გცემ!“ - ამგვარი სიტყვებით შეიძლება, გადმოვცეთ შენგან ქრისტეს გამოცდა. უფალს შეეძლო, ამაზე შენთვის ეპასუხა: „განა ვიყავ მე უმოწყალო, როცა საკუთარი მარადიული დიდებიდან ადამიანურ წყვდიადში დავეშვი და მივეცი მსხვერპლად კაცთათვის? როგორღა შევიწყალო ისინი, ვისაც ჩემთვის წყალობა არასოდეს უთხოვია? ის, ვინც უკანასკნელ ამოსუნთქვამდე აძაგებდა შეთავაზებულ წყალობას? ვინც ჩემს მემკვიდრეთა სისხლს წყალივით ღვრიდა და ვინც ბოლომდე სატანის მონად რჩებოდა?“
განა შეიძლება, რომ მოკვდავი ადამიანი მოწყალებაში გაეჯიბროს ყოვლადმოწყალე უფალს და თანაც თავი მასზე მოწყალედ წარმოიდგინოს? გამოსცადე საკუთარი თავი და ნახე, თუ როგორ შეზღუდული და არარაა ადამიანური წყალობა. გამოსცადე: ადვილად შეუნდობდი კი შენს მეგობარს, რომელიც სამგზის უარგყოფდა? ადვილად აპატიებდი ადამიანს, რომელმაც შენი მოდგმა გაანადგურა? ანდა მას, ვინც ყველაზე წმიდა გაგილანძღა? უფალმა კი აპატია პეტრეს, მის სამგზის უარმყოფელს; შეუნდო სავლეს, რომელიც სცემდა და სდევნიდა მიმდევრებს მისას, მის ახლობლებს; შეუნდო ავგუსტინეს, ქრისტიანული სიწმიდენი რომ შებღალა; აპატია ყველას, ვინც მთელი გულით მოინანია; შეუნდობს იგი საშინელ სამსჯავროზე მათაც, ვინც სიცოცხლის უკანასკნელ საათს სასიკვდილო სარეცელზე მოინანია ყველა თავისი უკანონობა, აღიარა ქრისტე უფლის ძედ და ხსნა შესთხოვა მას. შეუნდობს მათაც, ვინც მისი სახელით, თუნდაც მცირედი მოწყალება გამოიჩინა და ჭიქა წყლით დაარწყულა მისი ერთ-ერთი მემკვიდეთაგანი მაინც.
მაგრამ უფლის მაცდუნებელთათვის ეს არ კმარა! არაა საკმარისი მათთვის, ვინც თავად არ უწყის, თუ რას ნიშნავს ითხოვო, მოინანიო, მათ არ იციან, რამდენად აღემატება უფლის წყალობა ჩვენს გონებას. მათ სურთ, რომ ღმერთმა მარადიული სინათლის სამეფო წყვდიადისას შეურთოს, რათა ზეცაში, ისევე როგორც მიწაზე, კეთილისა და ბოროტის შერწყმა მოხდეს. რათა იუდა, კაენი, ყველა ძმათამკვლელი, უღმერთო, სისხლისმსმელი, გარყვნილი, ავაზაკი, ღვთისმაგინებელი, სიწმინდეთა წამბილწავი - ყველა, ყველა მოუნანიებელი დამნაშავე დადგეს უკანასკნელ სამსჯავროზე წმიდათა, მოწამეთა, მართალთა გვერდით და აღარავინ დარჩეს უფლის განსაკითხი! განა ეს სამართლიანია? განა მართებულია თანაბრად მიეზღოთ იმათ, ვისაც ფეხიც კი არ დაუდგამს პატრონის მინდორში და იმათაც, ვინც მასზე მთელი დღე შრომობდა; განა ეს წყალობაა - ერთმანეთში აურიო სინათლე და სიბნელე, ჭეშმარიტება და სიცრუე, ხორბალი და ღვარძლი?
ადამიანის შვილო, ვინ ხარ შენ, სიმართლის სათავეს სამართლიანობა რომ ასწავლო? წყალობის შესახებ შეახსენო მას, ვინც კაცთათვის ჯვარს ეცვა? ქედი მოიხარე მისი სამართლიანობის, სიწმინდის, წყალობის, ამოუწურავი სიღრმის წინაშე და შეჰღაღადე: „ყოვლადმოწყალეო, შემიწყალე და მიხსენ მე, ცოდვილი!“
„მისიონერული წერილები“ (წერილი 144)