წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

რადოსავ ი.-ს - იუდა-გამცემის შესახებ

კითხულობ: ეპატიება თუ არა იუდას თავისი მასწავლებლისა და უფლის, იესო ქრისტეს გაცემის ცოდვა?“ არ იცი... მაგრამ რატომ გაინტერესებს ეს?! განა ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი არ არის, რომ ჩვენ თვითონ საკუთარი დანაშაულებებით არ გავცეთ უფალი ჩვენი? და განა უფრო მნიშვნელოვანი არ არის საკითხი: გადავირჩენთ კი სულებს? რადგან საათი ჩვენი ცხოვრებისა დროს სწრაფად მიითვლის, გვახსენებს, რომ ამ სამყაროსთან განშორების შემდეგ ყველანი წარვდგებით მარადიული მსაჯულის წინაშე, რომელიც ზეციურ მაცხოვრებელთა თანდასწრებით გამოიტანს თავის სამართლიან მსჯავრს ყოველივე იმაზე, რაც ამქვეყნიური ცხოვრების ჟამს ჩავიდინეთ. ხოლო, როდესაც სასამართლოზე მიდის, თითოეული საკუთარ ცოდვებსა და უსამართლობებზე ფიქრობს, თუ როგორ იმართლოს თავი მოსამართლის წინაშე. არავის აქვს არც დრო და არც სურვილი, იფიქროს სხვათა ცოდვებზე, ანდა იმ მოსამართლის სულიერი საიდუმლოებებში შეაღწიოს, რომლის წინაშეც წარსდგება. ვინ იცის, როგორი იქნება მარადიული მოსამართლის მსჯავრი ჩენს ანდა შენს შესახებ? ცნობილია მხოლოდ ერთი, ის, რომ იგი სამართლიანად განსჯის და არა - სიცრუის მიხედვით. ჩვენ მაინც ვისურვებდით, წყალობით განვესაჯეთ და არა სიმართლით. მაგრამ ამაოდ: იგი შეგვპირდა, რომ სამართლიანად განსჯის, ამიტომაც ვყავართ ატანილი შიშს და ძრწოლას. ამიტომაც არ გისურვებ შენ, არც საკუთარ თავს და არავის დედამიწის ზურგზე, აღმოჩნეს იმ მხარეს, სადაც იუდა-გამცემია.

რადგანაც იუდა - გამყიდველია, გამცემი უფლისა, ადამიანებისა და საკუთარი თავისა. მან გასცა ქრისტე, მოციქულები, გასცა ადამიანიც საკუთარ თავში. ქრისტე და მოციქულები იუდეველებს მიჰყიდა, საკუთარი თავი კი - ეშმაკს. რამეთუ ნათქვამია: „შევიდა მისა ეშმაკი“ (იოან. 13,27). ძნელია, განიზომოს მთელი სიღრმე ბოროტებისა, რომელმაც იუდა შეიპყრო. იგი ურწმუნო, ქურდი, ვერცხლისმოყვარე, პირმოთნე, გამცემი და ბოლოსდაბოლოს სასოწარკვეთილი თვითმკვლელია. უფლის ძემ მრავალგზის გააფრთხილა იგი, რომ დამღუპველი გზიდან გადამდგარიყო, მაგრამ იუდა ჯიუტობდა. უფალი მისადმი ისეთივე სიყვარულს ამჟღავნებდა, როგორც დანარჩენ მოწაფეთა მიმართ, მაგრამ იუდა მის სიყვარულს მტრობით პასუხობდა. მაცხოვარმა ქედი მოიდრიკა, სწორედ გაცემის წინ მას ფეხი დაბანა და საკუთარი ხელით მარილიანი პურის ნატეხი მიაწოდა. ხოლო პირით და მარილით კი ყველაზე საპატიო სტუმრის დახვედრაა მიღებული. მშვიდსა და თავმდაბალ უფალს იუდას ღირსების ამაღლება სურდა და მას მარალიანი პური გაუწოდა, ესალმებოდა მას პურითა და მარილით - გამცემლობისას! იუდამ მიიღო პური და მარილი იესოს ხელთაგან, ხელით მიიღო, ხოლო გულით კი სიძულვილით უარჰყო. მოკვდავმა ადამიანმა უარი თქვა უკვდავის სიყვარულზე! სწორედ ამიტომაც უფალმა საბოლოოდ უარჰყო იგი, და მაშინ იუდაში პურთან ერთად სატანა შევიდა. ამ დროიდან იუდა, ყოფილი მოწაფე ქრისტესი, ამოშლილია ხალხთა სიიდან და ჯოჯოხეთის სულთა სიაშია ჩაწერილი. შენ ახლა უფალს სცდი და კითხულობ, შეუნდობს თუ არა იგი სულებს ჯოჯოხეთისა და იხსნის თუ არა მათ? შენ ისევე სცდი უფლის წყალობას, როგორც ებრაელები სცდიდნენ მის ძალას გოლგოთაზე, როდესაც ამბობდნენ: „უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარამოხედ მაგიერ ჯუარით!“ (მთ. 27,40). და ამ გამოცდისთვის უკვე ამქვეყნად ღირსეული საზღაური იწვნიეს. იფრთხილე, რათა შენც იუდას თანამზრახველთა მსგავსად არ მოგიწიოს საზღაურის მიღება.

როდესაც კითხულობდა იუდას სულში საშინელ განზრახვას, უფალი ყველაფერს აკეთებდა, რათა ის მარადიული დაღუპვისაგან ეხსნა. თუკი ნათქვამია, რომ უნდა ცდუნებულიყო, ისიც ნათქვამია, მსგავსად მკაცრი გაფრთხილებისა: „ვაჲ მის კაცისა, რომლისაგან მოვიდეს საცთური“ (მთ. 18,7).

მაცდუნებელი - ეს სატანაა და მან თავისი საქმე უნდა აკეთოს. ამიტომაც ვალდებულია ცდუნება მისგან და მისით მოციდეს. მაგრამ ვაი იმ ადამიანს, ვინც უფლის სიყვარულის საწინააღმდეგოდ, სიყვარულს გამოავლენს მისი მტრისადმი.

ევედრე უფალს, რათა დაგიფაროს მაცდურისაგან, რომელმაც იუდა და იუდეველნი აცდუნა. დაე ნურასოდეს იქნება მისი მონა და იარაღი.

„მისიონერული წერილები“ (წერილი 143)