წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

სტუდენტს კითხვაზე - სულიერი სამყაროს
მიწიერ სამყაროზე ზემოქმედების შესახებ

ქრისტიანული სწავლების თანახმად სულიერი სამყარო, შემოქმედი უფლის გარდა ანგელოზებით და გარდაცვლილ ადამიანთა სულებით არის დასახლებული. თქვენ კითხულობთ: „ზემოქმედებს თუ არა სულიერი სამყარო ადამიანებზე და მოვლენებზე ჩვენს სამყაროში საერთოდ?“ მთელი წმიდა წერილი პირველიდან უკანასკნელ გვერდამდე გვასწავლის, რომ ჩვენი სამყარო სულიერი ქვეყნის დაკვირვებისა და ხელმძღვანელობის ქვეშ იმყოფება, რომელიც მას სიკეთისაკენ მიმართავს, მაგრამ ადამიანებს თავისუფალი არჩევანის უფლება აქვთ, მათდა საუბედუროდ, მათ შეუძლიათ, ამ კეთილ გავლენას ზურგი აქციონ და თავი განსაცდელში ჩაიგდონ.

სულიერი სამყაროს ნათელ ძალთა ხელმძღვანელობით მოსემ ისრაელის ხალხი მონობისაგან ისხნა. ნათელ ძალთა ზემოქმედების წყალობით ამარცხებდა ისუ ნავესი საკუთარ და უფლის მტრებს. სულიერ ძალთა მეშვეობით წინასწარმეტყველნი წინასწარმეტყველებდნენ, მართალნი სიმართლის გზას ადგებოდნენ, ცოდვილნი კი უფლისა და ჭეშმარიტებისაკენ მოიქცეოდნენ. ამ ზემოქმედების წყალობით სამოელ წინასწარმეტყველი ირჩევდა და მირონს სცხებდა მეფეებს. დავითი ინანიებდა, იოსები და დანიელი სიზმრებს განმარტავდნენ, სამი ყრმა ცეცხლოვან ღუმელში სიკვდილს გადაურჩა, ნაბუქოდონოსორმა განადიდა ერთიანი ღმერთი, ზორობაბელმა აღადგინა ტაძარი იურუსალიმისა, იოსები ყრმა იესოსა და მარიამთან ერთად ეგვიპტეში გაექცა ჰეროდეს მახვილს. მაგრამ განა ყველა ამ მოვლენათა ერთობლიობა არ განეცხადა მსოფლიოს ხორცშესხმული უფლის ძის, მაცხოვრის სახით? მთელი ძალა, სიბრძნე და წყალობა მარადიული ზეციური რეალობისა თავისი სისრულით განცხადდა მასში - უფალ იესო ქრისტეში, იმდენად, რამდენადაც იგი ხელმისაწვდომია ხალხისათვის მათ ხორციელ არსებობაში.

მას შემდეგ რაც ძე უფლისა განსხეულდა, ჩვენ ვიცით, რომ წმინდანთა ყველა ზეციური ზემოქმედებანი მისგან მომდინარეობდნენ და მომდინარეობენ: მისგან გადმოვიდა სულიწმინდა მოციქულებზე; მისგან მიიქცა სავლე - მდევნელი პავლე მოციქულად; მისგან იგო სხვა მრავალი სასწაულიც, რომელიც დღეს დღედ აქცევს, ხოლო ღამეს - ღამედ, ვიდრე ჩვენს დღემდე; მისგან არიან საიდუმლო ნიშები, ბუნების საოცარი მოვლენები, იდუმალი ხმები, კეთილი სიზმრები და ის დანარჩენი მოვლენები, ადამიანს კეთილ გზაზე რომ აყენებენ და მათთვის ნუგეში მოაქვთ.

„აღსარებანში“ ნეტარი ავგუსტინე წარმართობიდან ჭეშმარიტ რწმენაზე მოქცევის საკუთარ სასწაულზე საუბრობს. იგი წარმართი იყო, მილანში ცხოვრობდა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში მერყეობდა - მონათლულიყო თუ არა, ანუ - მინდობოდა ქრისტეს, თუ დარჩენილიყო ლათინური ფილოსოფიის უნაყოფო მინდორზე. ფიქრებმა არანაირი შედეგი არ მოუტანეს. სასოწარკვეთილებაში მყოფი ავგუსტინე განმარტოვდა და საკუთარი უძლურების გამო ატირდა. დიდხანს ლოცულობდა ცრემლმდინარედ იგი უფლისადმი, რათა ღმერთს მისთვის გზა ეჩვენებინა. და აი, ერთხელ, ხმა მოესბა - შორეული ქალწულის სიმღერის მსგავსი, სიმღერაში აშკარად იკვეთებოდნენ სიტყვები: „აიღე და წაიკითხე! აიღე და წაიკითხე!“ ავგუსტინემ ირგვლივ მიმოიხედა, რათა შეეტყო, თუ საიდან მოდიოდა ეს ხმა, მაგრამ ვერ გაიგო. ხომ არ არის ეს პასუხი ლოცვაზე? საგონებელში ჩავარდნილი მეგობრის ოთახში დაბრუნდა: მას მაგიდაზე მოციქულთა წიგნი ედო. ავგუსტინემ წიგნი სასწრაფოდ აიღო და გადაშალა, მზერა პავლე მოციქულის სიტყვებს დაეცა: „განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისა“ (რომ. 13,12). სწორედ ამ სიტყვებმა გადაწყვიტეს ნეტარი ავგუსტინეს ბედი და იგი წარმართი ფილოსოფოსიდან ქრისტიან წმიდანად აქციეს. განა ეს სულიერი სამყაროს ზემოქმედება არ არის ჩვენს მიწიერ სამყაროზე - ქრისტესაგან და ქრისტეთი?!

უფრო თანამედროვე მაგალითს მოგიყვანთ. რუსეთში ქრისტიანობის უდიდესმა ქომაგმა და დამცველმა ალექსეი ხომიაკოვმა ტრაგიკულად დაჰკარგა მეუღლე, რომელთანაც ბედნიერი ქორწინებით ცხოვრობდა და მიუხედავად სიმტკიცისა რწმენაში, ამ განშორებამ იგი სასოწარკვეთილებაში ჩააგდო. ერთხელ მას სიზმრად გარდაცვლილი მეუღლე გამოეცხადა და უთხრა: „სასოს ნუ წარიკვეთ!“ ამ შემთხვევამ ხომიაკოვს სიცოცხლე დაუბრუნა და მან იგივე სიმძაფრით განაგრძო ბრძოლა ქრისტეს რჯულისათვის. განა არ არის ეს სულიერი სამყაროს ზემოქმედება ჩვენს მიწიერ სამყაროზე - ქრისტედან და ქრისტეთი? და სად აქვს დასასრული ამოუწურავ სიმდიდრეს, მსგავს შემთხვევათა რომელთაგან არაერთის გახსენება შეგეძლოთ თქვენივე ცხოვრებიდან?

„მისიონერული წერილები“ (წერილი 142)