თქვენ ქრისტეს „უკმეხობამ“ შეგაკრთოთ, რომლითაც მან ერთ ადამიანს უარი უთხრა. მივიდა ვინმე უფალთან და უთხრა: „მოძღუარ, არქუ ძმასა ჩემსა, რაითა განმეყოს მე სამკჳდრებელსა“. რაზეც მაცხოვარმა უპასუხა: „ვინ დამადგინა მე მსაჯულად და განმყოფელად თქუენდა?“ (ლუკ. 12,13-14). უფლის ეს სიტყვები საკმაოდ მძაფრად და მისთვის არადამახასიათებლად მოგეჩვენათ. თქვენ ქრისტეს სხვა სიტყვებს ეყრდნობით: „ითხოვდით და მოგეცეს თქუენ“ (მათ. მათ. 7,7; ლუკ. 11,9) - და მათში წინააღმდეგობას ხედავთ.
მაგრამ გესმით კი, რას შესთხოვდა ის ადამიანი ქრისტეს? მას სურდა, რომ იგი მსაჯული ყოფილიყო ქონების გაყოფისას. განა მას ძალუძს ძმათა გაყოფა, ვინც დედამიწაზე შერიგებისა და გაერთიანებისათვის მოვიდა? ადამიანს სურდა, რომ მეფეთ-მეფეს, მოვლენილს მიწაზე ადამიანთა განსაღმრთობად, მონაწილეობა მიეღო წვრილმან სასამართლო გარჩევაში! სურდა ეს იდუმალი სურვილით, რათა ქრისტე მის მხარეს ყოფილიყო ძმის წინააღმდეგ: უნდოდა, მართალთა შორის მართალს არასწორი გადაწყვეტილება გამოეტანა და მისი ძმისათვის ეწყენინებინა! რა არის საკვირველი და არასახარებისეული იმაში, რომ უფალი გადაჭრით უარყოფს ამგვარ თხოვნას?
ერთი კაცი მიქაელ მთავარანგელოზს პატივს მიაგებდა და იმიტომ აქებდა, რომ წმიდა მთავარანგელოზი ყოველგვარ სურვილს უსრულებდა. ერთხელაც, იგი მეზობელს წაეჩხუბა და სთხოვა მთავარანგელოზს, რომ ის ხმლით განეგმირა. როცა მისი თხოვნა უპასუხოდ დარჩა, კაცი განრისხდა და შეწყვიტა მთავარანგელოზის სახელობის დღესასწაულის აღნიშვნა. მაშინ გამოეცხადა მას მთავარანგელოზი და უთხრა: „მე შენი შემწე ვიყავი, როცა შენთვის და შენი ახლობლებისათვის სიკეთეს მთხოვდი, მაგრამ, რადგანაც გაკადნიერდი და მთხოვე, ვყოფილიყავ ჯალათი შენი მაწყინარისა, მე გტოვებ შენ“. რის შემდეგაც ის ადამიანი მძიმედ დაავადდა და ლოგინს მიეჯაჭვა მანამ, ვიდრე არ მოინანია, სახარებისეულად ლოცვა და აზროვნება არ ისწავლა.
გაიხსენეთ, როგორ უარყო უფალმა თხოვნა ორი მოციქულისა, რომელნიც ერთი ქალაქის არასტუმართმოყვარე მაცხოვრებლების დასჯას ითხოვდნენ (იხ. ლუკ. 9,54). ძმაო ჩემო, უფალი საკუთარ წყალობას სწორედ იმით გამოხატავს, რომ არ ასრულებს ყველა ჩვენს ვედრებას, მას რომ ნებისმიერი ადამიანის თხოვნა შეესრულებინა, კაცთა მოდგმა უკვე კარგა ხნის დაღუპული იქნებოდა. თქვენ უმოწყალოდ მიგაჩნიათ დედა, რომელაც ბავშვს ხელში იარაღს არ აძლევს?! რა თქმა უნდა - არა, სწორედაც რომ უდიდესი სიყვარულის გამო საკუთარი პირმშოსადმი, იგი არ ასრულებს მის ყველა თხოვნას. მკაცრი იქნებოდა დედა, თუკი ყველაფერს გააკეთებდა პატარა ბავშვის ნებაზე, საიდან უნდა იცოდეს ბავშვმა, თუ რა არის სასარგებლო და რა - დამღუპველი? ერთხელ უფალმა თავის საყვარელ მოწაფეებს უთხრა: „არა იცით რასა ითხოვთ“ (მათ. 20,22). წმიდა პავლე მოციქული ამბობს: „რამეთუ რაჲმცა იგი ვილოცეთ, ვითარ-იგი ჯერ-არს, არა ვიცით“ (რომ. 8,26). ამიტომაც იმისათვის უნდა ვილოცოთ, რომ შემოქმედმა მოგვანიჭოს სულიწმინდა. რამეთუ ვინც ატარებს საკუთარ თავში სულს, მან იცის უფლისადმი მართებული მიმართვა, რადგანაც „ეგრეთვე და სულიცა იგი თანა-შეეწევის უძლურებათა ჩუენთა“ (რომ. 8,26), მაშინ ლოცვა ჩვენი გამოსწორდება და ღმერთი შეისმენს მას.
დაე, მოგივლინოთ უფალმა სული თვისი.
„მისიონერული წერილები“ (წერილი 140)