წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

უნიატს - რჯულის შეცვლასთან დაკავშირებით

ვიღაც მღვდელმა თქვენი ქალაქიდან შემდეგი სიტყვებით შეგაშინა: „დაწყევლილი იქნება ყველა, ვინც შეიცვლის რჯულს, რომლითაც იშვა“. რადგანაც გეშინია წყევლის, შენ კითხულობ, სიმართლეა თუ არა ეს. ეს რომ ასე ყოფილიყო, მაშინ ყველა ჩვენი ის წარმართი წინაპარი დაწყევლილი იქნებოდა, ვინც კერპების თაყვანისცემა მიატოვა და ქრისტიანობა მიიღო. დაწყევლილნი იქნებოდნენ - ამ სიტყვებს შიშით წარმოვთქვამ - წმინდა მოციქულნიც, იუდაიზმი რომ უარყვეს და სხვებსაც აღუძრეს იგივე სურვილი. დაწყევლილნი იქნებოდნენ ჩვენი წმინდა მამებიც: კირილე და მეთოდე, სლავთა განმანათლებელნი, პირველებმა რომ მოუტანეს ჩვენს სლავ მამა-პაპათ ჭეშმარიტი სანთელი რწმენისა - კარპატებსა და მორავიაკში. წყეული იქნებდა წმინდა მეფე ბორისი, ბულგარელთა მომნათვლელი, წმინდა გრიგოლი, მომნათლავი სომეხთა, მოციქულთა სწორი ნინო, ქართველნი რომ მონათლა, წმინდა პატრიკი, მომნათლავი ირლანდიელთა და წმინდა თავადი ვლადიმერი, ვინც რუსები გააქრისტიანა. მაგრამ თუკი ისინი დაწყევლილნი იქნებოდნენ, დალოცვლილი ვიღა იქნებოდა? საშინელებაა უფლის კუთრხეულ შვილთა წყევლაზე ვილაპარაკოთ, დაე მოგიტევოს უფალმა.

შევხედოთ ამ საკითხს სხვა მხრიდან. იქნებ იგი, ვინც წყევლით ასე შეგაშინა, შემდეგნაირად განსჯიდა: „მე მხედველობაში წარმართები კი არ მყავდნენ, არამედ მონათლული ქრისტიანები, ანუ ისინი, ვინც მონათლულები ერთ ქრისტრიანულ ეკლესიაში, სხვა ეკლესიაში გადადიან“. რა შეგვიძლია, ამაზე ვუპასუხოთ? შევევედროთ ღმერთს და ვკითხოთ ამ ბატონს: ის რომ ლუთერანულ ეკლესიაში ყოფილიყო მონათლული, შემდეგ კი მიეტოვებინა ლუთერანობა და უნიატობა მიეღო, დაწყევლილი იქნებოდა თუ არა იგი? - არა, ათასგზის არა! - იტყვის ბატონი.

ამიტომ შენც თქვი: „ჭეშმარიტად, არ არიან დაწყევლილნი ისინი, ვინც, რაკიღა იშვა უნიატად, თავის წინაპართა ჭეშმარიტ რწმენას - მართლმამდიდებლობას დაუბრუნდა, რწმენას წმიდა კირილესა და მეთოდესი, წმინდა ვლადემირ კიეველისა, წმიდა ვაცლავ ჩეხისა, წმიდა პროკოფი კარპატელისა, წმიდა ბორისისა, წმიდა საბა სერბელისა, წმიდა პეტრე ცეტინელისა. ის დაწყევლილი კი არ არის, არამედ - კურთხეული, ისევე როგორც ეს წმიდა მამები. ისინი კი კურთხეულნი არიან ორ სამყაროში - ზეციურ - ანგელოზთა და მიწაზე - უფლის რჩეულ ხალხთა შორის, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ“.

მშვიდობა შენ და სიხარული უფლისაგან.

„მისიონერული წერილები“ (წერილი 135)