და გვიქადაგა უფალმა: „რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, განიკითხნეთ, და რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქვენ“ (მათ. 7,2). ამ წმინდა სიტყვების ჭეშმარიტებას შენი პირადი გამოცდილებით ამოწმებ. შენივე თანხმობით, სხვათა სასარგებლოდ მე მას მოვყვები.
... ერთი მეორის მიყოლებით გპარავდნენ. შენ მათ ათავისუფლებდი და ახლებით სცვლიდი. სამუშაოზე საუკეთესო რეკომენდაციის მქონეთ იღებდი, როგორც პატიოსნებსა და პასუხისმგებლობის გრძნობით აღსავსე ადამიანებს, მაგრამ ისინი ყაჩაღები აღმოჩნდებოდნენ ხოლმე. ზოგჯერ შენ ცოფდებოდი, ზოგჯერ კი სასოწარკვეთილებას ეძლეოდი. დაუსრულებლად შესჩიოდი შენს მეგობარ ვაჭრებს, მაგრამ არავის ძალუძდა რჩევის მოცემა და ჩვეულებრივ ამბობდნენ: „რას იზამ, ასეთია ახლა ხალხი!“ ბოლოს ღმერთმა ნამდვილი მრჩეველი გამოგიგზავნა. თქვენს ქალაქში ბერები ჩამოვიდნენ, რათა თავიანთი მონასტრისათვის შემოწირულობა ეთხოვათ. ერთ დღეს ისინი შენს ფარდულში შემოვიდნენ. დიდხანს ესაუბრე მათ, ბოლოს დაიწუწუნე, შენი საუბრისას ერთი მოხუცი ბერი დაჟინებით და მდუმარედ გიმზერდა სახეში. როცა საჩივარი მოახსენე, მოხუცმა გითხრა: „არსებობს ამის საშველი!“
- სად, რაში? - განცვიფრდი შენ.
- იგი შენშივეა, - გიპასუხა ბერმა,- დღეიდან კარგად დაუკვირდი რა საწყაულითა უწყავ შენს მყიდველებს, მიეცი მათ ზომაზე მეტი, ყოველთვის ზომაზე მეტი! და შეწყვეტენ ისინი შენს გაქურდვას!
მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა! - შენთვის უწინ მინიშნებითაც კი არავის მიუნიშნებია ის, რომ იმიტომ გქურდავენ, რომ თვითონაც იპარავ. შენ მყიდველის წინაშე იტყუებოდი, ისინი კი შენ გპარავდნენ, ბერის რჩევა შეასრულე: თითოეულ მყიდველს რამოდენიმე ზედმეტ შაქრის ნატეხსა თუ ყავის მარცვალს აძლევდი, რამოდენიმე გრამ ბრინჯს თუ სხვა პროდუქტს. ოდესღაც ასე უწინდელი ვაჭრები იქცეოდნენ. მას შემდეგ შენს ფარდულში ქურდობა შეწყდა. შენთან იგივე გამყიდველები მუშაობენ, რომელნიც ადრე იპარავდნენ, ახლა კი ყველა პატიოსნად მუშაობს და არავინ იპარავს. მთელი შენი ვაჭრობა მოგებისაკენ წავიდა. უბრალოდ გრძნობ, რომ მას შემდგომ, რაც მოხუცმა ბერმა ჭეშმარიტებაზე თვალი აგიხილა, წყალობა უფლისა გადმოვიდა შენზე და ახლა სახარების მქადაგებელის მსგავსად ყველა ვაჭარს ჭკუას არიგებ და რჩევებს კი აღარ ეძებ, არამედ იქით აძლევ მათ. შენს ფარდულში კი დაფა დაკიდე, რომელზლეც მსხვილი ასოებით სწერია: „რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, განიკითხნეთ, და რომლითა საწყაულითა მიყწყოთ, მოგეწყოს თქუენ“.
დაე, ღმერთმა დაგლოცოს და გაგაძლიეროს.
„მისიონერული წერილები“ (წერილი 134)