არ ვიცი, დაწყევილია თუ არა, მაგრამ კურთხეული კი არ არის. მე არ ვიცოდი, თუ რა მეპასუხა შენს პირველ წერილზე, ვიდრე მომდევნო წერილში შენი მეზობლის ცხოვრება არ აღმიწერე. შენი მეზობელი - მორწმუნე ადამიანია: როცა იგი თესვისათვის ემზადება, უპირველეს ყოვლისა სათესლე მარცვალი ტაძარში მიაქვს, რათა მღვდელმა აკურთხოს ის. შენ ამას არასოდეს აკეთებ. ეს ერთი; მეორე: თვითონ აღიარებ, რომ მამაშენმა პროცენტებში მიითვისა თავისი მოვალის მამული, რომლის ღირებულებაც მოვალეს სამჯერ ჰქონდა გადახდილი. საბრალოს, შვილები რომ გამოეკვება, მშობლიური კერის მიტოვება და ქალაქში წასვლა მოუწია. დროთა განმავლობაში მისი ვაჟი გამდიდრდა და საბაყლო ფარდული გახსნა. ახლა ეს მამაშენის გაძარცული მოვალე, მამაშენის შვილზე მდიდარი გახდა. უფალი სამართლიანად განსჯის.
ორ ხალხურ სიბრძნეს შეგახსენებ: პირველი - ის, რაც კურთხეული არ არის, მშიერია; მეორე - რაც წართმეულია, ის დაწყევლილია. ისინი ხსნიან იმას, რაც შენს სახლში ხდება, ხსნიან იმას, რასაც შენ კარგად უწოდე „მშიერი პური“. უფალმა წინასწარმეტყველის ბაგეებით უთხრა რჩეულ ერს: „და იყოს, უკუეთუ არა ისმინო ხმისა უფლისა ღმრთისა შენისა დაცვად და ქმნად ყოველთა მცნებათა მისთა, რაოდენთა გამცნებ შენ დღეს და მოიწინენ შენდა მომართ ყოველნი ესე წყევანი და გპოონ შენ, თესლი ფრიადი განიპო ველად და მცირედი შეიღო, რამეთუ შეჭამოს იგი მკალმან“ (მეორ. 28,15,38) და კიდევ: „სთესეთ მრავალი და შეიკრიბენით მცირედ. ჭამედ და არა განძღომად, ჰსუთ და არა სიმთვრალედ, გარემოისხთ და არა განსტეფით მათ მიერ და შემკრებელმან სასყიდელთამან შეიკრიბა ნაკრაულად, განხურეტილად“ (ანგ. 1,6).
განა ეს საკმარისი არ არის? როცა ღმერთი აკუთრხებს, მაშინ ხუთი პურითაც კი არ არის ძნელი ხუთიათასის დაპურება. ხოლო, როცა არ აკურთხებს, მაშინ ხდება ის, რაც - შენს სახლში. როგორც თავთავს შეავსებს უფალი ხორბლით, ასევე აღავსებს იგი პურს ნოყიერებით და როგორც თავთავს სტოვებს ცარიელს, ასევე იგი, ყოვლისშემძლე ართმევს ნაყოფიერებას უკურთხებელ პურს. თუ გსურს, დაისწავლე ეს გაკვეთილი და მწუხარებით ეძიე უფლისაგან ის, რისი მიცემაც შენთვის მთელ მსოფლიოსაც არ შეუძლია.
მშვიდობა შენ და წყალობა უფლისაგან.
„მისიონერული წერილები“ (წერილი 121)