შენ, როგორც ერთგულ მართლმადიდებელს, გსურდა, საკუთარი რწმენა სასყიდლით დადგინებულთაგან დაგეცვა, რომლებიც იუდა - გამყიდველის წაქეზებით განუდგნენ ჭეშმარიტ რწმენასა და საკუთარ ხალხს. ისინი ამბობენ, რომ ხატები იგივე კერპებია და ხატებისადმი თაყვანისცემა ეწინააღმდეგება ქრისტეს მეორე მცნებას (იხ. გამოსლ. 10,1-17). ამგვარად გამოდის, რომ ქრისტიანობა - კერპთაყვანისმცელობაა.
ჰკითხე მათ, ვინ გაანადგურა კერპები ბალკანეთში? ვინ მოაშორა ათენსა და რომს ქანდაკებათა გროვა, წარმართული ტაძრები და კერპები? ვინ დაამარცხა იუპიტერი და დიანა ეფესელი, ბაბილონელი ასტარტა და ეგვიპტელი იზიდა? ვინ გაწმინდა კერპებისაგან მცირე აზია, ჩრდილოეთ აფრიკა და მთელი ევროპა? მორიგმა სექტანტებმა, თუ ქრისტეს დიდებულმა ეკლესიამ? რომელმაც კერპთაყვანისმცელობასთან ბრძოლაში მილიონობით მსხვერპლი გაიღო და საკუთარი კალენდარი ერთიანი ღმერთის რწმენისათვის წამებულთა სახელებით შეავსო.
არის კი სექტანტთა შორის თუნდაც ერთი მარტვილი ქრისტეს რჯულისათვის? მათ ქრისტიანული კალენდარიც კი არ გააჩნიაო, და რომც მოენდომებინათ მისი შექმნა, ვერ მოსძებნიდნენ ვერცერთ წმიდანს, ამიტომაც კალენდარს თავიანთი აგიტატორებისა და ჟურნალისტებისაგან შეადგენდნენ.
თუკი მათ კერპთაყვანისმცელობასთან ბრძოლა სურთ, მაშინ რაღას აკეთებენ ისინი ბალკანეთში, სადაც წარმართული კერპები მხოლოდ მხარეთმცოდნეობის მუზეუმში თუ შემორჩნენ? თუკი მათი გულები კერპთა წინააღმდეგ ეჭვით იწვიან, მაშ რატომღა არ წავლენ ისინი აზიასა და აფრიკაში, ამერიკელ ინდიელებთან, სადაც წარმართობა ბატონობს, ისევე როგორც ათასი წლის წინათ? არ მიდიან, რადგან აქ მისიონერის სიცოცხლე დიდი რისკის ქვეშ დგას. წაგიკითხავს დონ კიხოტის შესახებ, რომელმაც მშვიდობიანი წისქვილები საკუთარი მტრების ციხე-სიმაგრეებად გამოაცხადა და საომრად აღჭურვილი ცდილობდა, რათა მათთვის ალყა შემოერტყა? სექტანტებმაც ამგვარადვე გამოაცხადეს ხატები კერპებად და ახლა ცოფდებიან, რადგანაც ვერ გადაუწყვეტიათ, წავიდნენ თუ არა აფრიკის ჯუნგლებში.
შენ კი იცოდე: როგორც დღე განსხვავდება ღამისაგან, ასევე ქრისტიანული ხატები განსხვავდებიან წარმართული კერპებისაგან. კერპი - ეს მოგონილ არსებათა გამოსახულებაა, ხოლო ხატზე ის წმიდანებია გამოსახული, რომელნიც ნამდვილად ცხოვრობდნენ დედამიწაზე და საკუთარი რწმენით განადიდეს ქრისტე, რისთვისაც ზეციური სასუფეველი დაიმკვიდრეს. იქ - ჭორებია, აქ - რეალობა. იქ - სიცრუე და ილუზიაა, აქ - ჭეშმარიტება და მხოლოდ ჭეშმარიტება. კერპები ადამიანს ჭეშმარიტი ღმერთისაგან განაშორებენ, მაშინ როდესაც ხატებს ღმერთთან მიყავს იგი. თავისი მეორე მცნებით შემოქმედს სურდა, ადამიანთა მოდგმა იმისაგან დაეცვა, რაც გვაიძულებს შევიძულოთ იგი, ანუ დაეცვა ყოველგვარი ეშმაკეული ცდუნების, ფანტაზიისა და ოცნებისაგან.
„მისიონერული წერილები“ (წერილი 120)