წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

ქალს - მიცვალებულთაგან სამაგიეროს შესახებ

მწერ, რომ საშინელი სიზმრები გაწუხებს. საკმარისია დახუჭო თვალი, რომ გეცხადება სამი ყმაწვილი, დაგცინიან, გემუქრებიან და გაშინებენ... მწერ, რომ განკურნების იმედით მოიარე ყველა ცნობილი ექიმი და მცოდნე ადამიანი. ისინი გეუბნებოდნენ: „არაფერია, ეს უმნიშვნელოა“. შენ პასუხობდი: „თუკი ეს თქვენთვის უმნიშვნელოა, გამათავისუფლეთ ამ ხილვებისაგან. განა უმნიშვნელო წვრილმანმა შეიძლება, აგერ უკვე ექვსი თვეა ძილი და მოსვენება დაგიკარგოს?!“ ისინი პასუხად მოგიგებდენ: „შეიცვალე კლიმატი, ხშირად იყავი საზოგადოებაში, ყურადღება მიაქციე კვებას. ეს ჩვეულებრივი იპოქონდრიაა“.

ასეთი ჭკვიანები ჩემთვის ცნობილია, დაო. დაისწავლეს რამდენიმე ასეთი მყვირალა სიტყვა: „იპოქონდრია“, „ტელეპათია“, „თვითშთაგონება“, რადგანაც ყველაფერს „დღის რეჟიმით“ ხსნიან, გვინიშნავენ კლიმატის გამოცვლას, გართობას, მინერალურ წყლებს, ხორცსა და ღვინოს.

შენ კი, აი რას გეტყვი: სამი ყმაწვილი, რომლებიც გეცხადებიან, - ეს შენი სამი ვაჟია, შენგან ჩანასახშივე მოკვდინებული, მანამდე, ვიდრე მზე მათ სახეებს თავისი ნაზი სხივებით შეეხებოდა. ახლა კი მოვიდნენ, რათა საზღაური მოგიზღან. მიცვალებულთა სამაგიერო საშინელია და მრისხანე. განათლებული ქალი ხარ, ამიტომ შენთან ლიტერატურული სახეებით ვილაპარაკებ. გაიხსენე ლედი მაკბეტი, ანდა ინგლისის მეფე, მოკვდინებული მის მიერვე მოშთობილი ადამიანის სულისაგან. რა თქმა უნდა, წაგიკითხავს მეფე ვლადისლავზე, მეფე ვლადიმირის მკვლელზე: იგი ვლადიმირის სულმა განგმირა.

მაგრამ შეიძლება, არ წაგიკითხავს ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინეს შესახებ. მას ჰყავდა ძმა თეოდოსი. კონსტანტინეს არ უყვარდა ძმა, რადგანაც მასში მეტოქეს ხედავდა და მას დიაკვნობის მიღება აიძულა. მაგრამ შიში მაინც არ ტოვებდა. მაშინ კონსტანტინემ დანაშაულის ჩადენა გადაწყვიტა. იმპერატორმა ძმის წინააღმდ შეთქმულება მოაწყო და თეოდოსი მოწამეობრივად აღესრულა.

შვებით ამოისუნთქა კონსტანტინემ, დარწმუნებულმა, რომ ბოლოს და ბოლოს ჩამოიშორა მეტოქე. უმეცარ იმპერატორს წარმოდგენაც არ შეეძლო იმისა, რომ გარდაცვლილები ცოცხლებზე ძლიერნი არიან, რომ უდანაშაულო ადამიანის მოკვდინებით კი არ გაიმარჯვა, არამედ ფარ-ხმალი დაჰყარა მსხვერპლის წინაშე.

ღამით მოკლული დიაკონი თეოდოსი გამოეცხადა ძმა - იმპერატორს. გაუწოდა ოხშივარადენილი სისხლით სავსე თასი და მრისხანედ შესძახა: „შესვი, ძმაო!“ იმპერატორმა შეშინებულმა გაიღვიძა, მთელი სასახლის კარი მოიხმო, მაგრამ ვერავინ ვერაფერი უთხრა. შემდგომ ღამეს მოვლენა განმეორდა: დიაკონი ოხშივარადენილ თასით და მრისხანე შეძახილით: „შესვი, ძმაო!“ კონსტანტინემ ფეხზე დააყენა მთელი ქალაქი, მაგრამ ხელქვეითები უაზროდ შესცქეროდნენ მას, ისევე, როგორც შენ გიცქერიან ჭკვიანები, როცა მინერალურ წყლებსა და კარგ კვებას გირჩევენ.

კვლავ და კვლავ ეცხადებოდა იმპერატორ კონსტანტინეს ძმა სისხლით სავსე თასით ხელში, მანამდე, ვიდრე ერთ დილას ძლიერი და ჯანმრთელი მმართველი საკუთარ საწოლში მკვდარი არ იპოვეს.

კითხულობ წმინდა წერილს? იგი განგვინმარტავს, თუ როგორ და რატომ იძიებენ შურს მიცვალებულნი ცოცხლებზე. კიდევ ერთხელ წაიკითხე კაენის შესახებ (იხ. დაბ. 4), რომელმაც ძმის მკვლელობის შემდეგ ვეღარსად ჰპოვა სიმშვიდე. წაიკითხე იმის შესახებ, თუ შეურაცხყოფილი სამუელის სულმა როგორ მიუზღო საულს (იხ. 1 მეფეთ. 28). წაიკითხე, თუ რამდენ ხანს და როგორ მკაცრად იტანჯებოდა უბედური დავითი ურიას მკვლელობის გამო (იხ. 2 მეფ. 11-12). ცნობილია ათასობით ასეთი შემთხვევა - კაენიდან დაწყებული და შენი შემთხვევით დამთავრებული: წაიკითხე მათ შესახებ და გაიგებ, თუ რა გტანჯავს და - რა მიზეზით. მიხვდები, რომ მსხვერპლი თავის ჯალათებზე ძლიერია და მისი საზღაური საშინელია.

დაიწყე იქიდან, რომ მიხვდი და გაიცნობიერე ყოველივე ეს, გააკეთე ყველაფერი, რაც შეგიძლია - შენგან მოკვდინებული შვილებისათვის აკეთე მოწყალების საქმეები. დაე შეგინდოს უფალმა - მისთვის ყველა ცოცხლალია, და - მოგანიჭოს სიმშვიდე. წადი ეკლესიაში და იკითხე, თუ რა უნდა გააკეთო: - ღვთიმსახურებმა იციან.

უფალმა შეგიწყალოს.

„მისიონერული წერილები“ (წერილი 12)