ერთი თქვენი მეგობარი გამუდმებით ამტკიცებს: ღმერთი არ არსებობს! მისი სიტყვები თქვენ გტანჯავთ და მათრახის მსგავსად გხვდებათ. საკუთარი სიცოცხლისა და სულისათვის იბრძვით, თქვენ სწორედ გესმით, რომ თუკი არ არსებობს ყოვლადძლიერი ცოცხალი ღმერთი, რომელიც სიკვდილზე ძლიერია, მაშინ ერთადერთი ყოვლადძლიერი ღმერთი სიკვდილია. და ყველა ცოცხალი არსება დედამიწის ზურგზე ყოვლისშემძლე სიკვდილის ხელში უბრალოდ სათამაშოა, ისევე, როგორც თაგვი - მშიერი კატის კლანჭებში. ერთხელ თქვენ, განერვიულებულმა თქვენს უბედურ მეგობარს უთხარით: „ღმერთი არის, ეს შენ არ არსებობ!“ არ შემცდარხართ, რამეთუ იგი, ვინც განუდგა ამ ქვეყანაზე მარადიული სიცოცხლის მომნიჭებელს, იმქვეყნადაც განკვეთილი იქნება მისგან. ვერც აქ და ვერც იქ ვერ იცნობს ის ყველა არსების დიდებულ შემოქმედს. ხოლო იყო განშორებული მასთან - ეს გაცილებით უარესია, ვიდრე - არ არსებობდე საერთოდ.
თქვენს ადგილას მე მას ასე ვუპასუხებდი:
არამართებულად ამბობ მეგობარო: „ღმერთი არ არსებობსო“. უფრო სწორი იქნებოდა გეთქვა: „მე არ გამაჩნია ღმერთი“, რამეთუ თვითონაც ხედავ, რომ მრავალი ადამიანი შენს ირგვლივ შეიგრძნობს ღმერთის არსებობას და ამბობს: „ღმერთი არსებობს!“ შესაბამისად, ღმერთი არ გყავს შენ და არა - საერთოდ არ არსებობს, როგორც შენ გგონია.
შენ იმგვარად ლაპარაკობ, ავადმყოფს რომ ეთქვა: „არ არსებობს ქვეყანაზე ჯანმთელობა“. მას უტყუარად მხოლოდ იმის თქმა ძალუძს, რომ თვით არ გააჩნია ჯანმრთელობა, მაგრამ თუკი იტყვის რომ: „დედამიწაზე ჯანმრთელობა საერთოდ არ არსებობს“, იცრუებს.
შენ იმგვარად ლაპარაკობ, ბრმას რომ ეთქვა: „დედამიწის ზურგზე სინათლე არ არსებობს!“ არის სინათლე, მთელი ქვეყნიერება სინათლითაა სავსე, მაგრამ ის, საცოდავი უსინათლო მას ვერ ხედავს. მაგრამ თუკი მართებულად იტყოდა, ამგვარად იტყოდა: „თვალისჩინი არ მაქვს“.
შენ იმგვარად ლაპარაკობ, ღატაკს რომ ეთქვა: „ქვეყანაზე ოქრო არ არსებობს“. არსებობს ოქრო მიწის ზევითაც და მის ქვეშაც. ვინც იტყვის, რომ ოქრო არ არსებობს, იცრუებს, ხოლო თუკი სიმართლეს იტყვის, უნდა თქვას: „მე არ მაქვს ოქრო“.
შენ იმგვარად ლაპარაკობ, ავაზაკს რომ ეთქვა: „ქვეყანაზე სიკეთე არ არსებობს“, თვით მასში არ არსებობს სიკეთე, და არა - ქვეყანაზე, ამიტომაც არ შეცდებოდა, თუკი იტყოდა: „სიკეთე არ არსებობს ჩემში“.
ასევე შენც, ჩემი მეგობარი არამართებულად ამბობ: „ღმერთი არ არსებობს!“ რადგანაც, თუკი თვითონ არ გაქვს რაიმე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგი არავის აქვს დედამიწის ზურგზე. ხოლო მთელი ქვეყნის სახელით ლაპარაკის უფლება კი ვინ მოგცა? ვინ მოგცა უფლება იმისა, რომ საკუთარი ავადმყოფობა და საცოდაობა ყველას თავს მოახვიო?
თუკი სცნობ და იტყვი: „მე არ მყავს ღმერთი“, მაშინ ჭეშმარიტებას აღიარებ, და ეს შენი აღსარება იქნება. რამეთუ იყვნენ და არიან გამოჩენილი ადამიანები, რომელთაც ღმერთი არ ჰყავდათ, მაგრამ ღმერთს ჰყავდა ისინი მათ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე, ხოლო თუკი სიკვდილის წინაც იტყვიან, რომ არ ჰყავთ ღმერთი, მაშინ უფალი მიატოვებს მათ და ამოშლის სიცოცხლის წიგნიდან. ამიტომაც გთხოვ, ჩემო მეგობარო, შენი სულისათვის, მარადიული სიცოცხლისა და სასუფევლის გულისათვის, ცრემლებისა და ქრისტეს ჭრილობათა გულისათვის, გთხოვ: შეცვალე შენი უტიფარი აღსარება, მონანიების აღსარებით. ხოლო ის, თუ რა უნდა გააკეთო ყოველივე ამის შემდგომ, ეკლესია გეტყვის, ჰკითხე!
მშვიდობა შენ და წყალობა უფლისაგან.
„მისიონერული წერილები“ (წერილი 118)