ამბობთ, რომ სამშაბათს მამათქვენიც უბედურ დღედ თვლიდა, ახლა კი - თქვენც. ვფიქრობ, რომ თქვენ იოანე ნათლისმცემლის წინაშე სცოდავთ, როდესაც, თვლით მის დღეს უბედურად. თუმცაღა თქვენი დღეობა ზუსტად წმინდა იოანეს დღესასწაულს ემთხვევა. იქნებ არ იცით, რომ ეკლესიამ სამშაბათი ამ უდიდეს და საოცარ წმიდანს მიუძღვნა? არა ერთი, არამედ - ყველა სამშაბათი. მაგრამ მანამდე ნება მიბოძეთ, მოკლე განმარტება მოგცეთ შვიდეულთან დაკავშირებით. მართლმადიდებელმა ეკლესიამ სულიწმინდის მადლით დაადგინა: ორშაბათი - უფლის ანგელოზების დღედ, სამშაბათი - დღედ იოანე ნათლისმცემლისა, ოთხშაბათი - დღედ ჯვარი პატიოსნისა, ხუთშაბათი - წმიდა მოციქულთა დღედ, პარასკევი - დღედ უფლის ჯვრისა, შაბათი - დღედ წმიდა მოწამეთა, კვირა - დღედ აღდგომისა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.
ამ მიძღვნათა მიხედვით დაწერილია კანონები, საკითხავები, საგალობლები და ლოცვები - კვირის ყოველი დღისათვის, რომელიც თქვენ, „კარგ ქრისტიანს“, როგორც საკუთარ თავს უწოდებთ, უნდა წაგეკითხათ და გცოდნოდათ. და თითოეული ამ მიძღვნათაგან არის გამარჯვების წინდი სულის ხსნისათვის ჩვენ მიერ წარმართულ ბრძოლაში; უფლის ანგელოზები, როგორც ჩვენი მცველნი და თანამგზავრნი, განგვამტკიცებენ, რათა სულით არ დავეცეთ, წმიდა იოანემ საკუთარ მკვლელებთან ერთად დროც დაამარცხა. ჯვარი უფლისა არის მარადიული სიმბოლო ჭეშმარიტების გამარჯვებისა, სიმართლისა - უსამართლობაზე. უფლის წმიდა მოციქულებმა სძლიეს სოფელს. წმიდა მოწამეებმა თავიანთი მართალი სიკვდილით შემუსრეს მტანჯველნი თვისნი და ძალნი ჯოჯოხეთისანი. ქრისტე კი იყო მთავარი მძლეველი ცოდვისა, ჯოჯოხეთისა და სიკვდილისა. იგი იყო სულისჩამდგმელი და გამაერთიანებელი სიკეთის ყველა გამარჯვებისა. ამიტომაც არის აღდგომა ყველა გამარჯვებათა შორის აღმატებული. ჩვენ, ქრისტიანებს გვწამს, რომ დღეებზე ნათლის ძლევამოსილი ძალნი უფლობენ, და არა - რაღაც გადაულახავი ასტროლოგიური ვარაუდები.
ადამიანი ქრისტეს წიაღში ყველა ვარსკვლავზე მაღალი და ყველა თანავარსკვლავედზე ძლიერია, შესაბამისად, სამშაბათი - უდიდესი წინასწარმეტყველის დღეა და საკუთარ თავში არანაირ ბოროტებას არ შეიცავს, გარდა იმისა, რასაც მას ადამიანები მიაწერენ. რადგანაც დროს უფალი განაგებს, იგი გვაძლევს დღეებს, მზის შუქით განათებულს. რათა ადამიანმა თითოეულ ფურცელზე საკუთარი სულის ანაბეჭდი დატოვოს დაბადებიდან სიკვდილამდე, ისევე, როგორც მაცხოვარმა დაუტოვა თავისი სახის ანაბეჭდი წმინდა ვერონიკას. წარმოიდგინეთ, თუ რამდენი უსახური და მახინჯი ანაბეჭდი წარსდგება უფლის წინაშე, თუკი ჩვენ დროულად არ მოვინანიებთ და გამოვსწორდებით! მაგრამ თუ მოვინანიებთ, უფალი გაათეთრებს დალაქავებულ დღეებს ჩვენსას და დამახინჯებულ სახეებს ანგელოზთა მბრწყინავ სახეებად გვიქცევს. წინასწარმეტყველის სიტყვების თანახმად: თუკი სისხლისფერი ჩვენი ცოდვანი, გახდებიან თეთრნი, მსგავსად თოვლისა (იხ. ეს. 1,18).
გესმით კი, დღეები კი არ გვაქცევენ უბედურებად, არამედ - ჩვენ თვითონვე ვაქცევთ საკუთარ თავს. იღბლიანი ან უიღბლო დღეები კი არ ემთხვევიან ადამიანებს, არამედ ადამიანთა იღბალი ან უიღბლობა ემთხვევა დღეებს უფლისა. თქვენ ახსენებთ, რომ კოსოვოს ბრძოლა სამშაბათს გაიმართა. უხეირო დასაბუთებაა. რამეთუ სერბები კოსოვოს ველზე წყეული სამშაბათის მიზეზით კი არ დამარცხდნენ, - არამედ წყეული დიდებულების განო.
მაგრამ მაინც არსებობს ერთი, ბოროტი საიდუმლო, დაკავშირებული დღესთან. მოხდა, რომ ერთმა ადამიანმა პარასკევს საკუთარი მეზობლის სახლი გადაწვა, მაგრამ მისი დანაშაული საიდუმლოდ დარჩა. ცოტა ხნის შემდეგ დაზარალებულთა შვილებმა შემთხვევით ბოროტგანმზახველის სახლი გადაწვეს და ესეც კვლავ პარასკევს მოხდა. განა პარასკევი უბედური დღეა? არა, უბედურება ცოდვამ მოიტანა.
ერთ-ერთმა ბიზანტიელმა ხატთმებრძოლმა მმართველმა შობის წინა დღეს წმიდა სოფიას ტაძრიდან ყველა ხატი გამოაყრევინა. მეორე დღეს იგი შეთქმულებმა მოკლეს ტაძარში შესვლისას. განა შობა - უბედური დღეა? არა, უბედურება ადამიანის ცოდვამ მოიტანა. ვინც ამაში ბრმა ფატალიზმს ხედავს, იგი მკითხავია, ხოლო იგი, ვინც საოცარ დამთხვევებს, გაფრთხილებებს და უფლის მინიშნებებს წინასწარ კითხულობს, სწორედ მას აქვს წმიდა გონება.
ჩვეულებრივ ადამიანებს იმ დღეების ეშინიათ, როდესაც ცოდვა ჩაიდინეს, მაგრამ ამ შიშს მათში ყოვლისმხედველი უფალი ნერგავს და არა - თვით დღე. ყოველი დღე უფლისა წმიდაა და უბიწო.
მშვიდობა შენ და სიხარული უფლისაგან.
„მისიონერული წერილები“ (წერილი 115)