შენ იცი ათი მცნება უფლისა. იცი, თუ რა რიგით მისდევენ ისინი ერთმანეთს. მოგწონს ეს წესრიგი. მოსეს რჯულის ფიცრებზე ყველა მცნება ამ თანმიმდევრობითაა ჩამოწერილი, ოთხი პირველ ფიცარზე, ხოლო ექვსი - მეორეზე. პირველი ოთხი მცნება განსაზღვრავს ადამიანის დამოკიდებულებას უფლისადმი, მომდევნო ექვსი კი - ადამიანისა ადამიანისადმი. უძველეს ხატებზე შეგიძლია ეს იხილო: ოთხი მცნება ერთ ფიცარზე, ხოლო ექვსი - მეორეზე.
მაგრამ უეცრად შეცბუნდი! სახარების კითხვისას მიაკვლიე, რომ უფალმა ჩვენთვის ცნობილი მცნებები სხვა თანმიმდევრობით დაალაგა, არა იმ თანმიმდევრობით, რომელსაც მიჩვეული ხარ და სკოლაში ასწავლიდი! მართლაც, როდესაც უფალს ყმაწვილი მიუახლოვდა და ჰკითხა, თუ რა იყო საჭირო ზეციური სასუფევლისა და მარადიული სიცოცხლის დასამკვიდრებლად, უფალმა მას უპასუხა: „ნუ იმრუშებ, ნუ კაც-ჰკლავ, ნუ იპარავ, ნგ ცილსა სწამებ, პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა“ (ლუკ. 18,20). შენ გაკვირვებული ხარ და კითხულობ, თუ რატომ არ ჩამოაყალიბა ქრისტემ მცნებები წინანდელი თანმიმდევრობით, არამედ ადგილები შეუცვალა მათ.
ძვირფასო ძმაო, ამოუწურავია სიბრძნე უფლისა! მთელი თავისი ზეციური სიბრძნის მიუხედავად იგი ადამიანებთან სავსებით პრაქტიკულია. თავის სიბრძნეს იგი იმის მსგავსად იყენებდა, როგორც თაფლი იღვრება ჭრილობაზე. გაიხსენე, იგი ამას მდიდარ და ახალგაზრდა ყმაწვილს ეუბნება და რომელი ცოდვა ეკვრის ახალგაზრდობასა და სიმდიდრეს სხვა ცოდვებზე სწრაფად, თუ არა მრუშობა? - როგორც მძლავრ ღეროს პოლიპი. ღმერთს სურს, არა მარტო შეახსენოს მას მცნებათა შესახებ, არამედ იმ ცოდვათა თაობაზეც, თან რომ სდევს ახალგაზრდობას.
უფლის წინაშე მკვლევლი რომ მდგარიყო და მცნებების შესახებ ეკითხა, ღმერთი დაიწყებდა ქადაგებით: არა კაც ჰკლა!
მის წინაშე ქურდი რომ მდგარიყო, ის იტყოდა: არა იპარო!
თუკი მის წინაშე ცრუმოწმე იდგებოდა, იგი იტყოდა: არა ცილი სწამო!
მის წინაშე მშობელთა შეურაცხმყოფელი რომ მდგარიყო, იგი პირველ ადგილას შემდეგ მცნებას დააყენებდა: პატივი ეცი მამასა და დედასა შენსა!
არც გაიფიქრო, რომ უფალმა შემთხვევით შეცვალა მცნებათა თანამიმდევრობა, ან უფრო მეტი, დაავიწყდა ის. თუკი თვით მოგვცა, როგორღა შეეძლო, დაევიწყებინა! მან სინას მთის ღრუბლებში, ელვასა და ჭექა-ქუხილში თავის ხელით მოხაზა ფიცრებზე ათი მცნება და გადასცა მონას თვისას მოსეს. მაგრამ, როცა იგი მივიდა ადამიანებთან მსგავსად მკურნალისა, ის ამ მცნებებს როგორც წამალს ისე იყენებდა ყოველგვარი დაავადებისაგან განსაკურნავად.
მშვიდობა შენ და კურთხევა ქრისტესაგან.
„მისიონერული წერილები“ (წერილი 114)