შენ ამბობ, რომ არა ხარ დამნაშავე იმაში, რის გამოც მსჯავრი დაგედო: ღამის ჩხუბში ქუჩაში ადამიანი დაიღუპა, მკვლელები გაიქცნენ, ხოლო შენ შემთხვევით იქვე აღმოჩნდი, როცა პოლიცია მოვიდა. დაგაპატიმრეს, გაგასამართლეს. იფიცები, რომ უდანაშაულოდ დაგდეს მსჯავრი. პირველი წერილის შემდეგ გთხოვე, რომ მთელი შენი ცხოვრების შესახებ აღსარება გეთქვა ჩემთვის. შენ ეს გააკეთე. როდესაც მეორე წერილი წავიკითხე, შევძახე: „დამსახურებისდა მიხედვით!“.
ღვთისნიერო ადამიანო, ეს მძიმე სასჯელი არა ამ დანაშაულისათვის, არამედ ყველა წინანდელი უკანონობისათვის დაიმსახურე. ყოვლისმხედველი მსაჯული ხედავდა მათ, მაგრამ თავისი წყალობითა და განზრახვით დაგიფარა ადამიანური სამსჯავროსაგან, ელოდა შენს მონანიებას. თუმცა შენ არ ინანიებდი, აღსარებას არ ამბობდი, არ ლოცულობდი, არ ეზიარებოდი. პირიქით, განაგრძობდი უჩუმრად ბოროტების ქმნას, მზად იყავი გაგენადგურებინა ყველა, ვინც ხელს შეგიშლიდა შენს უსამართლო ქმედებებში. მარტო მეუღლისადმი სისასტიკის გამო იმსახურებ პატიმრობას. იგი ბრალს არ გდებდა მიწიერი სამსჯავროს წინაშე, მაგრამ მისმა ქვითინმა მარადიულ მსაჯულამდე მიაღწია.
რათა შენს ბოროტ გზათაგან მოექციე და სიმართლის გზაზე დაეყენებინე, რათა შეეხსენებინა შენთვის სულისა და საშინელი სამსჯავროს შესახებ უფალმა, ბედთა შემოქმედმა, დანაშაულის ადგილას მიგიყვანა. ხალხმა შეგიპყრო და ხალხმა გამოგიტანა განაჩენი.
შენი შემთხვევა ნათლად მახსენებს დიდ ქრისტიან წმიდანს ეფერემ ასურს. ახალგაზრდობაში წმიდა ეფრემი ბევრს სცოდავდა, მაგრამ არც ერთი ცოდვის გამო მსჯავრდებული არ ყოფილა, თუმცა როგორღაც მოხდა, რომ მის მეზობელს ქურდებმა ცხვარი მოპარეს. მეზობელმა ეფრემი დაადანაშაულა და იგი ისე, რომ ქურდობის თანამონაწილე არ ყოფილა, ციხეში აღმოჩნდა. ადამიანთა უსამართლობით გულდამძიმებული იგი ატირდა და ღმერთს შესჩივლა. მაგრამ ციხეში სხვა პატიმრებთან ერთად ყოფნისას იგი ესაუბრებოდა მათ, თითოეულ მათგანს ეკითხებოდა, თუ როგორ მოხვდა ციხეში. ერთი ერთს ამბობდა, სხვა - მეორეს. მათ ცოდვებში ეფრემი საკუთარ ცოდვებს სცნობდა, რომელთა გულისთვისაც ადრე არ გაუსამართლებიათ. სული მისი გამოფხიზლდა და მიხვდა, რომ ციხეში ცხვრის გამო კი არ მოხვდა, არამედ - მრავალი თავისი ადრინდელი ცდომილებისათვის. ეფრემმა მწუხარედ მოინანია უფლის წინაშე საკუთარი ცოდვები და აცრემლებულმა იწყო ვედრება უფლისადმი თავის საიდუმლო ცოდვათა შესანდობად, ამავე დროს მადლობას უხდიდა ღმერთს იმისათვის, რომ უდანაშაულოდ დილეგში ჩააგდეს ცხვრის მოპარვისათვის. მალე იგი გაამართლეს და გაათავისუფლეს. მაგრამ ამ განცდამ გადატრიალება მოახდინა ეფრემის სულში. ციხემ იგი ცოდვილი მიიღო და წმინდანი კი გამოუშვა.
მშვიდობა შენ და ჯანმრთელობა უფლისაგან.
„მისიონერული წერილები“ (წერილი 111)