წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

მონაზონს - საფუარისა და სამი საწყაო ფქვილის შესახებ

უფალმა თქვა: „მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ ცომსა, რომელი მოიღო დედაკაცმან და შეჰრთო იგი ფქვილსა სამსა საწყაულსა, ვიდრემდის აღაფუვნა იგი ყოვლად“ (მათ. 13,33). შენ გსურდა, ამ სიტყვების საიდუმლო შეგეტყო. ჭეშმარიტად, უდიდესი სულიერი საიდუმლოა ჩადებული. ხორციელ გონებას ეს იგავი სასაცილომდე მარტივად ეჩვენება, რადგანაც ხორციელი ადამიანი ვერ მიხვდება იმას, რაც უფლის სულისაგან არის, აქ კი სულიერი განსჯაა საჭირო. ხოლო როდეხაც სულიერად განსჯი, როგორც განსჯიდნენ წმიდანები, მაშინ დაინახავ, რომ ეს იგავი შემდეგს აღნიშნავს: საფუარი, სიმბოლოა სულიწმიდისა, ხოლო ქალი - ადამიანის სულისა. აიღო, რათა დაებრუნებინა. როდესაც აიღო უფლისაგან, დაიუნჯა საკუთარ თავში. სამი საწყაო - სამი უნარია სულისა: გონება, გული, ნება. ფქვილი - სამი უნარია სულისა მის ჩვეულებრივი, ბუნებრივი მდგომარეობის ჟამს, ვიდრე არ დადუღებულა, ყველა არ ამოფუვებულა და სულიწმინდით არ განმსჭვალულა.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ქრისტიანის სული, როდესაც ღირსი ხდება, შემოქმედისაგან მის სულს მიიღებს, ხოლო მიღების შემდეგ, იპყრობს გონებაში მანამ, ვიდრე გონება არ განიღმრთობა; გულში - ვიდრე გული არ განიღმრთობა, ნებაში, ვიდრე ნება არ განიღმრთობა, და გამუდმებულად უპყრია ის სამ განზომილებაში, ვიდრე სრულად არ განიღმრთობა სული. ასე ხდება სული დიდებული, მდიდარი და წმიდა, მაშინ იძენს იგი შესაძლებლობას გარდაქმნას, სული შთაბეროს, გაანათლოს სხეული, როგორც საკუთარი ორგანო. განა ასეთი არ არის სასუფეველი ღვთისა? და განა საოცარი არ არის ეს იგავი?!

მშვიდობა შენ და წყალობა უფლისაგან.

„მისიონერული წერილები“ (წერილი 107)