წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

ქარგალს, რომელიც სულიერი ცხოვრებისათვის რჩევას ითხოვს

არ შემიძლია, გამოვხატო, თუ როგორ გამახარა შენმა წერილმა! როდესაც ის წავიკითხე, შევძახე: „აი მეომარი შენი, უფალო, დალოცე იგი!“. რადგანაც შენ ჭეშმარიტად მეომარი ხარ, თუმცა მხოლოდ თხუთმეტი წელი შეგისრულდა. შენი ბატონის სახლში ყოველდღე უმზერ განხეთქილებას, შურსა და ღვარძლიან სისინს, საწყობში სადაც ყუთებს შლი, ამხანაგებისაგან ბილწსიტყვაობა და გინება გესმის, ქუჩაში და ყველგან შენს ირგვლივ - ცდუნებანი, მხოლოდ ცდუნებანი! მაგრამ შენი ვაჟკაცური სული არ იღებს არც ერთ ამ ცდუნებათაგანს, რომლებიც კი მზერისა და სმენის მეშვეობით გატყდებიან თავს და შენც თავს ისე გრძნობ, თითქოს ნანახი არ გინახავს და გაგონილი არ გსმენია.

რამდენად სხვაგვარად წარმოგედინა ცხოვრება, როცა სოფლიდან ქალაქს ჩამოხვედი! როდესაც პირველად მოხვდი ქალაქში, იხილე სახლები, რომლებიც თქვენი სოფლის ეკლესიაზე ლამაზები ჩანდა! შენ თრთოლვითა და მოწიწებით დააბიჯებდი ქუჩებში, ბრაზობდი შენს ფეხებზე, რომლებმაც სოფლის თიხა ჩამოიტანეს ამ ჯერარნახულ სილამაზესა და სისუფთავეში. შენ მრავალი მაღალი შენობის წინაშე იწერდი პირჯვარს, როგორც იწერს პირჯვარს ეკლესიაში შესული ადამიანი. მაგრამ ერთხელაც შენთვის რაღაც საშინელი მოხდა, რომლის შემდეგაც მიხვდი, რომ ეს სახლები ტაძრები არ არის. ვიღაცა ადამიანმა ერთ-ერთი ამ ლამაზი სახლიდან რომ გამოვიდა, შეურაცხყო ყველაზე დიდი ზეციური სიწმინდე. შენ სუნთქვა შეგეკრა! უკან მობრუნდი და შენი სოფლისაკენ გაიქეცი. მაგრამ უეცრად გაგახსენდა, რომ შენი შინ დაბრუნება არ შეიძლება, მწარედ ატირდი, ცრემლები სახელოთი მოიწმინდე და კვლავ ქალაქში წალასლასდი.

მას შემდეგ დღიდან დღემდე უნდა მოიკრიბო მთელი ძალ-ღონე, მთელი შენი ახალგაზრდული სიმამაცე, რათა წინ. აღუდგე საშინელებებს, რომლებიც ყოველი მხრიდან გეხვევიან გარს. ზოგჯურ გესმოდა საეკლესაო ზარის რეკვა, მაგრამ ერთხელაც არ გინახავს ტაძარი ამ ქალაქში და იფიქრე, რომ ეს ანგელოზები რეკენ ზეცაში, რათა საშინელი სამსჯავროს შესახებ განუცხადონ გარყვნილ მსოფლაოს.

შენი პატრონები არასოდეს დადიან ეკლესიაშა და არც თქვენ გაძლევენ ამის საშუალებას. უფლის მსახურებას მონატრებული ერთხელ შეეცადე, მეპატრონე ქალბატონისათვის ეკლესიაში წასვლას ნებართვა გეთხოვა. შენი თხოვნის პასუხად მან გადაიხარხარა, გტაცა თმებში ხელი, სასადილოში გაგათრია და დამცინავად დაიყვირა: „წარმოიდგინეთ, რა მოუვიდა ამ „მღვდელს“ თავში? ეკლესიაში წასვლას ითხოვს!“ და ყველამ შეშლილივით ხარხარა ატეხა.

მაგრამ ყველა ეს ქარტეხილი მხოლოდ ამაგრებდა შენი რწმენის ხეს. რამდენადაც იზრდებოდა შენში ცდუნებებისადმი ზიზღი, ამდენადვე იზრდებოდა სიყვარული უფლისადმი, და შეინარჩუნე შენი რწმენა, სიწმინდე და ღვთისმოსაობა. ქრისტეს დიდო მებრძოლო, დაე უფალმა დაგლოცოს! შენ მე დავითს მაგონებ, გოლიათს რომ სძლია, შენც დაამარცხე მრავალი გოლიათური ცდუნება, რომელთაც შენი სულის მოკვდინება სურდათ. და აი ახლა, როცა უფლის დახმარებით სული გადაირჩინე მრავალი ცდუნებისაგან, რჩევას მთხოვ, თუ როგორ იხსნა თავი შემდგომში. ჩემო ოქროს ბიჭუნავ, დარჩი ვაჟკაცური და ღმერთი არ მიგატოვებს.

ითხოვ, რომ არა უმეტეს ორი-სამი რჩევა მოგცე, რათა ადვილად დაიმახსოვრო ისინი. კარგი, მოგცემ სამ რჩევას: პირველ რიგში, გადაიკითხე ქრისტეს მცნებანი ამ პატარა სახარებიდან, რომელსაც გიგზავნი; მეორე, შეასრულე ისინი, რამდენადაც ძალგიძს; მესამე, ევედრე ღმერთს, რომ მოგცეს გონება, რათა სწორად გაიგო ყველააფერი ის, რასაც წაიკითხავ და სულით თვისით გაგამტკიცოს, რათა აღასრულო წაკითხული.

დაე, განგამტკიცოს უფალმა თავისი კურთხევით.

„მისიონერული წერილები“ (წერილი 103)