წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

სწავლებანი

ამქვეყნად უკიდურესი სიღატაკეა ადამიანის უღმერთოდ ყოფნა.


როგორ სჭირდება ქვეყნიერებას ისინი, ვისაც თავისთვის არაფერი სჭირდება.


ცოდნა სიკეთეს არც თუ ისე იშვიათად განძარცვავს, სიკეთე კი ცოდნას ყოველთვის განამდიდრებს.

ადამიანებს არ სჯერათ იმ სარწმუნოების, რომელსაც მცირედმორწმუნენი ქადაგებენ.


ღმერთო განმწმინდე მე და დაემკვიდრე ჩემ შორის - ამ სიტყვებში რწმენის არსია.


უსამართლობას უნდა ვებრძოლოთ. თუ მას გულგრილად ვუყურებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ თავადაც უსამართლონი ვართ.


ადამიანთა შორის სიყვარული სუფევს მაშინ, როდესაც უწყიან, რომ არსებობს ის, ვისაც ყველა თანაბრად უყვარს.


ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრება უაზრო ხეტიალი არ უნდა იყოს, კეთილსა და ბოროტს, ჭეშმარიტებასა და სიცრუეს შორის არჩევანი უნდა მოხდეს.


ცხოვრებაში ზოგჯერ ისეთი რამ ხდება, რასაც სიყვარულის გარეშე, მხოლოდ გონებით ვერ გავაცნობიერებთ.


სადაც სიყვარული მეფობს, იქ მცნებები ზედმეტია, თხოვნაც საკმარისია. მოყვარული გულისთვის თხოვნა მცნებაზე უპირატესია.


იქ, სადაც ცოდვილი სიყვარულით და გულთბილი დამოკიდებულებით შეიძლება გამოსწორდეს, გაკიცხვა და სასჯელი უადგილოა.


უთანასწორობაში მეტი სიბრძნეა, ვიდრე თანასწორობაში. ყველაფრის გათანაბრება შემოქმედებითი აღმაფრენის დაკნინებაა. ცხოვრება უთანასწორობაზეა დაფუძნებული.


იყო მართალი მართალთა შორის სანაქებოა და შესაშური, მაგრამ უფრო მეტი ქების ღირსია ის, ვინც მართალია ცოდვილთა გარემოცვაში.


ეკლიანია მართალთა გზა, ისინი დასაბამითგან იდევნებიან ან ურწმუნოთაგან, ან მათგან, ვისაც არამართებულად სწამს. შურს მართალთათვის ზეცა იძიებს.


გამარჯვებული მხოლოდ ის არის, ვინც სათნო ცხოვრებით ცხოვრობს და ღირსეულად კვდება. ადამიანი, რომელიც ბოროტებას განამრავლებს, ბოროტებითვე იძლევა, ასეთი ადამიანის მიმართ სიკვდილი უმოწყალოა.

დასავლეთი ძალაგამოცლილია, ცარიელი სიტყვები, ცარიელი თეორიები. აქ სიტყვებს ყველა მიმართულებით ისვრიან, ყველა ლაპარაკობს, მკურნალი კი არსაიდან ჩანს.


ღვთის სასჯელი ცოდვილს ზოგჯერ უმალ ეწევა, რათა ცოდვილი დააშინოს და მართალს მხნეობა შესძინოს. ზოგჯერ მოგვიანებით, მაგრამ მოულოდნელად, რათა ცოდვილმა იცოდეს, რომ უფალი არაფერს ივიწყებს.


ვინც ამქვეყნად სიმართლეს დევნის, ერთი შეხედვით გამარჯვებული ჩანს, მაგრამ სინამდვილეში გამარჯვება მას ეკუთვნის, ვინც სიმართლისათვის დევნილია.


თავისუფლება ადამიანს როგორც ჰაერი ისე სჭირდება. მაგრამ თუ იგი გარეგნულად გათავისუფლდება ტირანიისგან, ხოლო თავად საკუთარი ცოდვების ტყვეობაში დარჩება, ბევრს ვერაფერს მიაღწევს.


ვინც ბუნებით ურწმუნოა და სურს გაიგოს, რას ნიშნავს იყო მორწმუნე, მისთვის უმჯობესია, რომელიმე რელიგიური მოღვაწის სულიერ დრამას გაეცნოს და შეძლებისდაგვარად განიცადოს იგი.


გზას აცდენილია, ვინც ახალ ევროპულ სულზე მსჯელობს. ერთადერთი სიახლე ევროპაში ტექნიკური პროგრესია. სული, რომელმაც ევროპაში ამჟამინდელი განწყობა დანერგა და ჭეშმარიტ გზას ააცდინა, ეს წარმართული, განმხრწნელი სულია, რომელიც ყველაზე კარგად ეპიკურეს ფრაზით გამოიხატება: "ვჭამოთ და ვსვათ, რამეთუ ხვალ მოვკვდებით".

ალექსანდრე მაკედონელს მოახსენეს, რომ ერთ-ერთი მეომარი უწესრიგოდ და უღირსად იქცეოდა.
მეფემ მისი მოყვანა ბრძანა. როდესაც მეომარი ალექსანდრე დიდის წინაშე წარსდგა, მეფემ ჰკითხა:
-რა გქვია შენ?
-ალექსანდრე, - უპასუხა მეომარმა.
ამის გამგონე მეფემ უყვირა:
-შეიცვალე სახელი, ან იცხოვრე ისე, როგორც ამ სახელს ეკადრება.
ყოველი ჩვენგანი ხომ ქრისტიანია, მაგრამ ვცხოვრობთ კი ისე, როგორც ამ სახელს შეჰფერის?