† წმიდა ნიკოდიმოს ათონელი

უხილავი ბრძოლა
ნაწილი მეორე

თავი 5
ღვთისადმი მადლობის აღვლენის შესახებ

ყოველივე კეთილი, რაც გაგვაჩნია და ყოველი სიკეთე, რასაც ვიქმთ, ღვთისაა და მისგან მოდის. ამიტომ ჩვენი ვალია, მადლიერნი ვიყოთ ყველაფრისათვის, რასაც უფალი თავისი მადლიანი მარჯვენით გვანიჭებს: ხილული თუ უხილავი სიკეთე, სათნო საქმე, ღვაწლი თუ ჩვენი ცხონების მტრებზე გამარჯვება; მადლიერნი იყავით ყველაფრისათვის, რადგან ასეთია თქვენდამი ნება ღმრთისა ქრისტე იესოში (თეს. 5,18). ეცადე, თვალის გახელის პირველი წუთებიდანვე მადლიერება გამოხატო ღვთის მიმართ, შემდეგაც მთელი დღე ჰმადლობდე მას და ასეთივე სიტყვებით დაიძინო. შენ ხომ ღვთის მადლით ხარ გარემოცული და ძილიც მისი ერთ-ერთი საჩუქარია.

უფალს არ სჭირდება შენი მადლობა, მაგრამ შენ აუცილებლად გესაჭიროება ღვთის ქველმოქმედება. მისი საცავი და თავშესაფარი შენი მადლიერი გულია. „საკუთარი კეთილისმყოფელის ქველისმოქმედების შენარჩუნების საუკეთესო საშუალება წყალობის ხსოვნა და მუდმივი მადლიერებაა“, - ამბობს წმიდა იოანე ოქროპირი, წმიდა ისააკი კი წერს: „მიმღების მადლიერება გამცემს უფრო მეტის გაცემისკენ უბიძგებს. ვინაც მცირედისთვის არაა მადლიერი, იმას დიდის იმედიც გაუცრუვდება. ძღვენი მხოლოდ მაშინ არ იზრდება, თუ მისით მადლობელნი არ არიან“. წმიდა ბასილი დიდი ასეთ კეთილისმყოფლურ შეგონებასაც უმატებს: „რადგან არ ვმადლობთ უფალს მის მიერ ბოძებული წყალობის გამო, მაშინ აუცილებელია, წაგერთვას ეს სიკეთე, რათა გონს მოვეგოთ. როგორც თვალი ვერ ხედავს ძალზედ ახლოს და გარკვეული მანძილი ესაჭიროება აღსაქმელად, ასევე უმადური სული სიკეთის წაგვრით მიხვდება ძველი წყალობის ფასს.და თუ სარგებლობისას არანაირ მადლიერებას არ ამჟღავნებდნენ ძღვენის გამღებისადმი, მისი დაკარგვის შემდეგ ელოლიავებიან წარსულს“. (სიტყვა მადლიერების შესახებ, ტ.4).

ალბათ, იკითხავ, როგორ გავაღვივოთ და დავიცვათ ღვთისადმი მადლიერების გრძნობა. გაიაზრე ღვთის ყველა წყალობა და სიკეთე კაცობრიობის მიმართ, შენს მიმართ. ხშირად იფიქრე ამაზე, მუდამ გახსოვდეს და, თუ გული გიძევს საგულეში, შეუძლებელია სამადლობელი არ აღავლინო უფლისადმი. ამის ნიმუშებს ლოცვებსა და წმიდანთა ნაწერებში იხილავ. აი, როგორ აღწერს წმიდა ბასილი დიდი ღვთის უდიდეს გულმოწყალებას ჩვენდამი: „ჩვენ უმყოფელობიდან ყოფიერში მოვივლინეთ, შემოქმედის ხატად და მსგავსად შევიქმენით, ვფლობთ გონებასა და სიტყვას, რომლებიც ჩვენი ბუნების სრულყოფილებას წარმოადგენენ, და რომელთა მეშვეობითაც ღმერთი შევიმეცნეთ. როდესაც გულმოდგინედ შევისწავლით შექმნილ სილამაზეს, მისი მეშვეობით, როგორც რაიმე დაწერილით, ღვთის დიდებული ჩანაფიქრი და სიბრძნე გვეხსნება, შეგვიძლია კეთილის და ბოროტის გარჩევა, ბუნებით გვჩვევია, ავირჩიოთ სასარგებლო და ზურგი ვაქციოთ საზიანოს. ცოდვით გაუცხოებულები კვლავ მოწოდბულნი ვართ ღმერთთან ურთიერთობისთვის და სამარცხვინო მონობისგან მხოლოდშობილი ძის სისხლით ვართ გამოსყიდულნი. ხოლოს აღდგომის იმედი, ანგელოსური სიკეთეებით ტკბობა, ზეციური სასუფეველი და აღთქმული სიკეთენი ყოველგვარ სიტყვასა და გონებაზე აღმატებულია (იქვე,გვ.51). წაიკითხე უფლის სახიერებათა ეს ჩამონათვალი, შეარჩიე სხვა ან თავად შეადგინე და ღვთის მიერ პირადად შენთვის ბოძებული სიკეთენიც გაიხსენე. ფიქრითა და სიტყვით ხშირად იმეორე, არა მარტო ყოველდღიურად, დღეში რამდენჯერმეც და მუდამ ღვთის მადლიერი იქნები.

მაგრამ აღტყინებულ გრძნობას დამალვა არ უყვარს, ცდილობს, გადმოიღვაროს, რათა შეამჩნიონ. როგორ გამოვამჟღავნოთ ღვთისადმი მადლიერების გრძნობა? გააკეთე ის, რაც სურს შენგან უფალს, ვინც განუზომლად გულუხვია შენს მიმართ. რა სურს? უფალს, რომელიც გარს გარტყია თავისი სახიერებით, სურს, მუდამ გახსოვდეს იგი და შენც მუდამ გახსოვდეს; სურს, სიყვარულით მიეწებო და შენც მიეკარი; სურს, ყველაფერში მისი ნების აღმასრულებელი იყო და მას სათნოეყოფოდე და ასეც მოიქეცი; სურს, მხოლოდ მისი იმედი გქონდეს და მიენდე კიდეც; სურს, რომ შენ, რომელმაც საკუთარი კეთილისმყოფელი მრავალგზის შეურაცხყავი ბილწი და ბოროტი საქმეებით, მოინანიო, გული შეიმუსრო და იტირო ცოდვების გამო; და შენც იგლოვე, ვიდრე საკუთარ სინდისს არ დაუზავდები და არ მიხვდები, რომ ღმერთმა შეგინდო.

ხედავ, რამდენნაირად შეიძლება მადლიერების გამოხატვა და ამ ვალის აღსრულება? გაიაზრე, რამდენად სცოდავს ის, ვინც ჯეროვნად არ იქცევა და ამ ცოდვით მაინც ნუღარ დამძიმდები. უმადურობა ადამიანთა შორისაც სამარცხვინოა. რა შეიძლება ეწოდოს უმადურობის გამოვლინებას უფლის წინაშე? საკუთარ თავში მუდმივად ღვთისადმი მადლიერების გრძნობა აღანთე. ამას განსაკუთრებით ტაძარში, უსისხლო მსხვერპლშეწირვის საიდუმლოს აღსრულებისას შეეცადე, მას ხომ ევქარისტია, ანუ სამადლობელი ეწოდება. სხვაგვარად ვერაფრით შეძლებ ღირსეულად მადლობდე უფალს, თუ არა მისი ყოვლადწმიდა სახელის სადიდებლად, შენი თავისა და ყოველივე საკუთარის მსხვერპლად მიტანით.