† წმიდა ნიკოდიმოს ათონელი

უხილავი ბრძოლა
ნაწილი მეორე

თავი 3
ევქარისტიის საიდუმლოში ჩაღრმავებით საკუთარ
თავში ღვთის სიყვარულის გაღვივება

ქრისტეს სისხლსა და ხორცთან ზიარების ზეციურ საიდუმლოში ჩაღრმავებით საკუთარ თავში ღვთის დიდი სიყვარული რომ გააღვივო, შეეცადე, გაიაზრო ის სიყვარული, უფალმა წმიდა საიდუმლოს საშუალებით რომ გამოავლინა შენს მიმართ. ყოვლადძლიერი და ყოვლისმპყრობელი ღმერთი მხოლოდ იმით არ დაკმაყოფილდა, რომ თავის ხატად და მსგავსად შეგქმნა, არც იმით, რო ცოდვით დაცემულს და ღვთის შეურაცხმყოფელს საკუთარი მხოლოდშობილი ძე მოგივლინა, რომელმაც ოცდაცამეტი წელი დედამიწაზე იცხოვრა, საშინელი წამება და ჯვარზე მტანჯველი სიკვდილი დაითმინა, რათა ცოდვების გამო სატანას დამონებული მისი ხელიდან გამოეტაცე, გამოესყიდე და კვლავ ძველებული ღირსებით შეემოსე. გარდა ამისა, უფალმა საზრდოდ წმიდა სისხლსა და ხორცთან ზიარება დაგიწესა, რათა მთელი არსებით შერწყმოდი განხორციელებულ ღმერთს. ღვთის უდიდესი სიყვარულის ეს უკანასკნელი გამოვლინება მუდმივი ჭვრეტისა და ჩაღრმავების საგნად აქციე, რათა ყოველმხრივ შეიცნო მისი სრულყოფილება და სიუხვე, ისაზრდოო მათით და უფრო მეტად აღაგზნო გულში ღვთისადმი სწრაფვა და სიყვარული.

1) იფიქრე, საიდან მოდის ღვთის სიყვარული შენდამი და მიხვდები, რომ მას დასაწყისი არა აქვს. როგორც მარადიულია უფალი თავისი ღვთაებრივი ბუნებით, ასევე მარადიულია შენდამი მისი სიყვარულიც. ამ სიყვარული გამო მან საუკუნეთა უწინ გონებისთვის გასაოცარი და მიუწვდომელი ქმედებით თავისი მხოლოდშობილი ძე მოგიძღვნა. მთელი სისავსით შეიგნე ეს, განიხარე სულიერი სიხარულით და აღმოთქვი: „ჯერ კიდევ მარადისობის წვდიადსა და უფსკრულში მყოფი ჩემი არარაობა პატივდებული და შეყვარებული იყო უფლისგან. ჯერ კიდევ მაშინ სურდა უფალს ჩემთვის სიკეთე და თავისი გამოუთქმელი სიყვარულის გამო ინება, ჩემთვის საზრდოდ საკუთარი მხოლოდშობილი ძე მოეცა. განა შემიძლია ამის შემდეგ სრულად მას არ მიემართებოდეს ჩემი აზრი, გული და სურვილები?“

2) იფიქრე იმაზეც, რომ შექმნილ არსებათა ურთიერთსიყვარულს, რაც უნდა ძლიერი იყოს იგი, გარკვეული საზომი და ზღვარი აქვს, რის შემდეგაც მას აღარ ძალუძს განფენა. მხოლოდ უფლის ჩვენდამი სიყვარულია უსაზღვრო. და როდესაც ამ სიყვარულის დაკმაყოფილება გახდა საჭირო, მან მსხვერპლად გაიღო თავისი ძე, დაუსაბამობითა და დიდებულებით თავისივე მსგავსი, თანაარსი მამისა, ღვთის სიყვარული ისეთივეა, როგორიცაა მისი ძღვენი და პირიქით, როგორიცაა სიყვარული, ისეთიევა ძღვენი. ერთიცა და მეორეც იმდენად დიდია, რომ უფრო დიადის წარმოდგენა ცოცხალ არსებას არ ძალუძს. შეეცადე, ეს უსაზღვრო სიყვარული შენთვის შესაძლო საზომით გაზომო.

3) იფიქრე იმის შესახებაც, რომ ღმერთმა რაიმე აუცილებლობის გამო კი არ შეგვიყვარა, არამედ თავისი ბუნებით სახიერების გამო. ყველაფრისგან დამოუკიდებლად შეგვიყვარა, თავისთავად, უსაზღვროდ და მიუწვდომლად.

4) ჩვენი მხრიდან ამ სიყვარულს წინ არ უსწრებდა არანაირი საქებარი საქმე, რის გამოც ღირსნი ვიქნებოდით, რომ დაუსაბამო ღმერთს ასეთი განუზომელი სიყვარული მოეგო ჩვენი სიგლახაკის წილ, - შეგვიყვარა, რადგან ასე ნებავდა და არა მარტო შეგვიყვარა, საკუთარი თავი ჩვენ - უღირს ქმნილებებს მოგვიძღვნა კიდეც.

5) ეს გრძნობა წმინდაა და მიწიერი სიყვარულისგან განსხვაევებით, ჩვენგან სამაგიერო სიკეთეს არ მოელის. უფალი არ საჭიროებს რაიმე სიკეთეს სხვათაგან, რადგან თავადაა ყოვლადკმარი და ყოვლადნეტარი. ამიტომ მან ჩვენზედ გარდმოღვარა თავისი უსაზღვრო სიკეთე და სიყვარული, არა ჩვენგან რაიმე კეთილის მოლოდინით, არამედ ჩვენდა საკეთილდღეოდ.

განა შეიძლება ყოველივე ამის გააზრებისას არ გაგვიჩნდეს სურვილი, ვთქვათ: „ო, რა საოცარია ყველაფრი. უზენაესმა საკუთარი გული მომმადლა მე - მის უმცირეს ქმნილებას. რა გნებავს ჩემგან, დიდების მეუფეო? რას ელი ჩემგან, ვინც სხვა არაფერია, თუ არა მიწა და მტვერი? შენი ჩემდამი უსაზღვრო სიყვარულის შუქზე ვხედავ, უფალო, იმისთვის მაძლევ შენს არსებას საზრდოდ და სასმელად, რათა სრულად შემიერთო. შენ კი არ გჭირდება ეს, არამედ მე, რადგან ასე შენ ჩემში იცოცხლებ, მე კი - შენში. ამ უდიდესი სიყვარულით შეერთების შედეგად შენი მსგავსი ვხდები. გავკადნიერდები და ადამიანურად ვიტყვი: ჩემი მიწიერი გულის შენს ზეციურ გულთან შერწყმით ჩემში ერთგვარი ღვთაებრივი გული წარმოიშობა“.

ასეთმა ფიქრებმა, შეუძლებელია, სიხარულითა და კრძალვით არ აღგავსოს, რადგან იხილავ, რამდენად ძვირფარი ხარ ღვთისთვის და როგორ უყვარხარ; მიხვდები, რომ ამ გამოუთქმელი სიყვარულით ღმერთს შენგან სხვა არაფერი სურს, თუ არა საპასუხო სიყვარულის მოპოვება და შენი ნეტარყოფა. ამით ის ქმნილებებისადმი და საკუთარი თავისადმი მიჯაჭვულობას განგაშორებს, რათა შეძლო სრულად მიუძღვნა თავი უფალს, როგორც ყოვლადდასაწველმა; რომ ამიერიდან მთელი ცხოვრების განმავლობაში ღვთის სიყვარულმა და მისთვის სათნოყოფის წრფელმა სურვილმა დაიპყროს შენი გონება, ნება, მეხსიერება და ყოველი გრძნობა. შენდამი ღვთის სიყვარულის ყოველი ქველისმოქმედება ამგვარად შეიძლება აისახოს შენს სულზე. ეს განსაკუთრებით ბუნებრივია ღმრთაებრივი ევქარისტიის საიდუმლოს შინაგანი ჭვრეტისას. გონებასთან ერთად გულიც განახვენ და მოწიწებული ლოცვა და მხურვალე ღაღადისი აღავლინე:

„ჰოი, ზეციურო მეუფეო! როდის დადგება ის წუთი, როდესაც მთლიანად შენი სიყვარულის ცეცხლით აღვენთები? ო, ხელთუქმნელო სიყვარულო, პურო არსობისაო! როდის ვიცხოვრებ მხოლოდ შენით, შენთვის და შენში. ჩემო მარადიულო, მშვენიერო და ნეტარო ცხოვრებავ, ზეციურო მანანავ! როდის შევაქცევ ზურგს ყოველივე მიწიერს და მხოლოდ შენით ვისაზრდოებ? როდის აღსრულდება ეს, ჩემო უმაღლესო სიტკბოებავ და სახიერებავ! უფალო ჩემო, სასურველო და ყოვლადსახიერო! ყოველგვარ ვნებასა და უკეთურებას განაშორე ჩემი საწყალობელი გული, შენი წმინდა სათნოებებით შეამკე და ისეთი კეთილგანწყობით აღავსე, რომ მთელი გულწრფელობით მხოლოდ შენს სათნოსაყოფად ცხოვრება შევიძლო. მხოლოდ მაშინ გახდება ჩემი გული ღირსი შენი მეუფებისა, მხოლოდ მაშინ შევძლებ სიყვარულით შეგთხოვო გულში შემოსვლა და დამკვიდრება. და როდესაც შემოხვალ, წინააღმდეგობას არაფერი გაგიწევს და ისევე აღასრულებ ყოველივეს, როგორაც შენს ერთგულთა სულებში იქმ“.

ასეთ ფიქრებსა და გრძნობებში შეგიძლია გაატარო ზიარების წინა საღამო და დილა. შემდეგ, როდესაც ზიარების დრო მოახლოვდება, მდაბლად და გულის სითბოთი გაიაზრე, ვინაა ის, ვინც უნდა მიიღო შენს არსებაში და ვინ ხარ შენ.

ის ღვთის ძეა, მიუწვდომელი და დიდებულებით შემკული. მის წინაშე ზეციური ძალნი კრთიან. ის უწმიდესია, მზეზე უნათლესი, გონებამიუწვდომი სიწმიდე, მასთან შედარებით ნებისმიერი ამქვეყნიური სიწმინდე უწმინდურია. მან შენი სიყვარულისთვის მონის სახე მიიღო; ისურვა, შეგინებული და შეურაცხყოფილი ჯვარზე ვნებულიყო და, ამავე დროს, ქვეყნის შემოქმედად და მეუფედ დარჩა. მას მთელი სამყაროს სიკვდილ-სიცოცხლე უპყრია ხელთ. ვინ ხარ შენ? - არარაობა. გახრწნილი, ვნებიანი და ბოროტი ბუნების გამო ყველაფერზე უფრო არარა და არაწმინდა; ქვესკნელის დემონთა დასაცინი. იმის მაგივრად რომ მადლიერება გამოგეხატა უფლის უსაზღვრო სახიერების გამო, საკუთარ ვნებებსა და ფანტაზიებს დაემონე; უგულვებელჰყავი შენი სათნომყოფელი და მეუფე და შენთვის დაღვრილი მისი ძვირფასი სისხლი ფეხქვეშ გაქელე. უფალი კი, ამის მიუხედავად, თავისი მარადიული და უცვლელი სიყვარულით კვლავაც მოგიხმობს ღვთაებრივ ტრაპეზზე, ხანდახან კი საშინელი მუქარით შეგახსენებს საკუთარ სიტყვებს, რომლებიც ყველას მიმართაა თქმული და, გაიძულებს, მიეახლო: თუკი არ შეჭამთ კაცის ძის ხორცს, და არ შესვამთ მის სისხლს, არ გექნებათ სიცოცხლე თქვენში (იოან. 6,53). უფალი მარადჟამს ღიად ტოვებს საკუთარი გულმოწყალების კარს, პირს არ იბრუნებს შენგან, მიუხედავად იმისა, რომ ცოდვების გამო სუსტიც ხარ, ბრმაც, ღატაკიც და ყოველგვარ ვნებასა და გარყვნილებას დამონებულიც.

აი, რას ითხოვს შენგან უფალი: 1) გულწრფელად იგრძნო ტკივილი ღვთის შეურაცხყოფის გამო; 2) ყველაზე მეტად შეიძულო ცოდვა, დიდიც და მცირეც; 3) მთლიანად მიუძღვნა თავი უფალს და მთელი გულით და მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურო - ყველგან და ყოველთვის ღვთის ნება აღასრულო და ბოლომდე დაემორჩილო მას; 4) მტკიცედ გწამდეს უფლისა და გჯეროდეს, რომ შეგიწყალებს, ყოველგვარი ცოდვისგან განგწმენდს და ხილულ თუ უხილავ მტერთაგან დაგიფარავს.

შენდამი ღვთის ასეთი გამოუთქმელი სიყვარულით გაძლიერებულმა მიიღე წმიდა ზიარება და შიშთა და სიყვარულით წარმოთქვი: „უღირსი ვარ უფალო, შენი სისხლისა და ხორცისა. ბევრჯერ განგარისხე ცოდვებით და არაწმინდა საქმეები არ მომინანიებია. არ ვარ ღირსი შენთან ერთობისა, რადგან ჯერ არ განვწმენდილვარ იმ ვნებებისა და განწყობებისგან, რომლებიც სათნო არაა შენთვის. არ ვარ ღირსი შენი მიღებისა, რადგან ჯერ მთელი სიწრფელით არ განმიცდია შენდამი სიყვარული, შენი ნება და შენდამი მორჩილება. ო, ღმერთო ჩემო, ყოვლადძლიერო და უსაზღვროდ სახიერო! შენი უდიდესი კაცთმოყვარების გამო, ღირსმყავ, შეგერთო და რწმენით მოგეახლო“.

წმიდა ზიარების შემდეგ გულის სიღრმეში განმარტოვდი, ყოველივე ამქვეყნიური დაივიწყე და დაახლოებით ასე მიმართე უფალს: „ცისა და მიწის უზენაესო მეუფევ! ვინ ინებებს ჩემს უღირს გულში შემოსვლას, როდესაც მე შეჩვენებული, ბრმა, ღატაკი და შიშველი ვარ! არავინ, თუ არა შენი ჩემდამი უსაზღვრო სიყვარული. ო, ხელთუქმნელო სიყვარულო! უტკბესო სიყვარულო! რას ითხოვ ჩემგან, საბოლოოდ გაღატაკებულისგან? - არაფერს, გარდა შენდამი ჩემი სიყვარულისა; გარდა იმისა, რომ ჩემი გულის სამსხვერპლოზე შენი სიყვარულის გარდა სხვა ცეცხლი არ ენთოს. ცეცხლი, რომელიც ფერფლად აქცევს დანარჩენ სურვილებსა და სიყვარულს, გარდა სურვილისა, ყოვლადდასაწველ და კეთილსურნელოვან მსხვერპლად შეგეწირო. სხვა არაფერი გსურდა ჩემგან და არც ახლა გსურს რაიმე სხვა. შემოდი და დაივანე ჩემს გულში! ჩემი სურვილი შენს სურვილს ეთნახმიერება. როგორაც შენი სრული არსება მომიძღვენი, ასევე მეც გიძღვნი სრულად საკუთარ თავს, რათა შენში ვგიებდე. ვუწყი, უფალო, რომ მსხვერპლის გარეშე ეს შეუძლებელია; შეუძლებელი იქნება, თუ ჩემში დარჩება თავისმოყვარების რაიმე კვალი, თანაგრძნობა საკუთარი ნების, აზრებისა თუ თავმოთნე ჩვევებისადმი. ამიტომ მსურს, ამიერიდან საკუთარ თავს შევეწინააღმდეგო ყველაფერში, რასაც კი ღვთისთვის არასათნოს ისურვებს. მსურს თავს შენთვის სათნო საქმეები ვაიძულო, თუნდაც ყველაფერი ჩემში და ჩემს გარეთ, წინ აღუდგეს ამ სურვილს. თავად არ ძალმიძს ეს. მაგრამ რადგან ამიერიდან ჩემთან ხარ, კადნიერად ვიმედოვნებ, რომ შენვე ჯეროვნად აღასრულებ ჩემში ყველაფერს. ვესწრაფვი და მსურს, რომ ჩემი გული შენს გულთან ერთობაში იყოს და მჯერა, შენი მადლით ამის ღირსი შევიქმნები. ვესწრაფვი და ვეძიებ მხოლოდ იმის დანახვას, მოსმენას, გააზრებას და შეგრძნებას, რაც შენი ნება იქნება, რასაც შენი მცნებები გვასწავლის. და მწამს, რომ ეს ჩემში შენი ძალის ქმედება იქნება. ვესწრაფვი და ვეძიებ გულისყურს, სადაცა ჰგიებ, სადაც მზერა მუდამ შენსკენ იქნება მიმართული და შენგან გამომავალი ნათლის სხივებით გავთბები. ვსასოებ, რომ ეს ჩემთვის შენი ხელის შეხება იქნება. გესწრაფვი და გეძიებ და ამიერიდან ჩემთვის ერთადერთი ნათელი, ძალა და სიხარული იქნები. მჯერა, ეს ყოველივე ჩემს შინაგან არსებაზე შენი მაცხოვნებელი ზემოქმედებით მოხდება. ამას გევედრები და განუწყვეტლივ ამაზედ ვილოცებ. ო, ყოვლადმოწყალე უფალო! იყავნ, იყავნ!“

იზრუნე, დღითიდღე უფრო მეტი რწმენით აღივსო ევქარისტიის წმიდათწმიდა საიდუმლოთა მიმართ. გაიაზრე, პურისა და ღვინის საშუალებით უფალი როგორ გამოგივლენს საკუთარ თავს და მთელი არსებით შემოდის შენში, რათა განგწმინდოს, უფრო მეტად ღირსეულ და ნეტარგყოს. მაცხოვრის სიტყვების თანახმად, ნეტარ არიან ისინი, ვისაც არ ვუხილავარ და მაინც მიწამეს (იოან. 20,39). ნუ ისურვებ, ამქვეყნიურ ცხოვრებაში უფალი სხვაგვარი სახით გეჩვენოს, გარდა ამ საიდუმლოსი. შეეცადე გულის სითბოთი განეწყო წმიდა საიდუმლოს მიმართ. ყოველდღიური მოშურნეობით ესწრაფე ღვთის ნების აღსრულებას და სულიერი სიბრძნით აქციე იგი შენი სულიერი, მშვინვიერი თუ ხორციელი საქმეების წარმმართველად. უსისხლო მსხვერპლთან ზიარებისას ყოველთვის საკუთარი თავი შესწირე უფალს მსხვერპლად, ანუ მზად იყავი მისი სიყვარულის გამო ცხოვრებაში მოწეული ნებისმიერი თავდასხმა, გასაჭირი და ცილისწამება დაითმინო.

წმიდა ბასილი დიდი წმიდა ზიარების შემდეგ მაზიარებლების მოვალეობას წმიდა პავლე მოციქულის სიტყვებით გამოხატავს, რომ უფლის სისხლთან და ხორცთან მაზიარებლები მისი სიკვდილის მაუწყებლები არიან ( 1კორ. 11,26). უფალმა ხომ ყველა ადამიანისთვის თავს იდო სიკვდილი, მათთვისაც, ვინც ეზიარება. და რატომ? - რათა ცოცხალნი თავისთვის კი არ ცოცხლობდნენ, არამედ მისთვის, ვინც მათთვის მოკვდა და აღდგა (2კორ. 5,15). ამიტომ ის, ვინც რწმენით, სიყვარულით, თავგანწირვითა და ღვთის მცნებების ერთგულებით მიეახლება წმიდა ზიარებას, მოვალეობას იღებს, იცხოვროს არა საკუთარი თავის, ამა სოფლისა და ცოდვის ტყვეობაში, არამედ წმიდა ზიარების მადლით ჩვენში დამკვიდრებული, ჩვენთვის მომკვდარი და აღმდგარი მაცხოვრისთვის.

ქრისტეს წმიდა სისხლსა და ხორცთან ზიარების შემდეგ შენთვის ვნებული უფლის სახელით მადლობა შესწირე ზეციურ მამას. მადლობისა და დიდების დასრულებისას ლოცვით შესთხოვე შენი სულიერი, მშვინვიერი და ხორციელი საჭიროებების დაკმაყოფილება, უფლის წმიდა ეკლესიის, ახლობლების, კეთილისმყოფელების კარგად ყოფნა და განსვენებულთა სულების ცხონება.

მამისადმი ჩვენი შუამდგომელი მხოლოდშობილი ძის შემწეობით, ვინც მამა-ღმერთისგან ყოველგვარ წყალობას გამოითხოვს ჩვენთვის, ეს ლოცვა შესმენილი იქნება და ნაყოფსაც გამოიღებს.