† წმიდა ნიკოდიმოს ათონელი

უხილავი ბრძოლა
ნაწილი მეორე

თავი 23
მტერი უამრავ მზაკვრობას იყენებს შინაგანი სიმშვიდის დასარღვევად, იფხიზლე

ჩვენი მტერი სატანა ხარობს, როდესაც სული აფორიაქებული და გული შეშფოთებულია. ამიტომ ყოველნაირად ცდილობს, სული შეგვიშფოთოს. ასეთი თავდასხმისას ბოროტის უპირველესი იარაღია თავისმოყვარების აღძვრა, რათა მისი მიზეზით განგვაშოროს მადლი, რომელიც ქმნის და იცავს შინაგან სიმშვიდეს. ამ მიზნით ჩაგვაგონებს, თითქოს ყველაფერი, რაც ჩვენშია და კეთილი გვგონია, საკუთარი გულმოდგინებითა და შრომით იყოს მოპოვებული; და განაგდებს რა სიმდაბლესა და უბრალოებას, თვითშეფასებას აღგვიძრავს, რათა თავი მნიშვნელოვან პიროვნებად ვიგრძნოთ და ღვთის მადლის ზემოქმედება დავივიწყოთ, რომლის გარეშეც უფლის სახელის წარმოთქმაც კი არავის ძალუძს, როგორც წმიდა პავლე მოციქული გვიმოწმებს: და ვერც უფლად იტყვის იესოს, თუ არა სული წმიდით (1კორ. 12,3). ეს მადლი კი ყველა მორწმუნეს ეძლევა და მისი მყოფობა იმის ნიშანია, რომ ადამიანი ჭეშმარიტი მორწმუნეა. მადლის მიღების შემდეგ მორწმუნე არ იქმს და მისი დახმარების გარეშე არ შეუძლია რაიმე კეთილის ქმნა. უფლის აღთქმის თანახმად, მადლი ყოველთვის მორწმუნესთანაა და მტერი ვერაფერს დააკლებს ადამიანს, ვიდრე იგი მასშია და იფარავს. ბოროტი ყოველნაირად ცდილობს, სწორედ ეს მადლი ჩამოგვაშოროს და ამ მიზნით, უპირველესად, თვითშეფასებას ჩაგვაგონებს, თითქოს ჩვენ არარაობას კი არა, მნიშვნელოვან რაიმეს წარმოვადგენდეთ. ვინც ასეთ აზრს შეიწყნარებს, მტერი ახალს მიაწვდის, დაარწმუნებს, რომ ის სხვებზე უკეთესი, მოშურნე და ღვაწლმოსილია. ამ აზრის ჩაგონების შემდეგ ბოროტის მანქანებით ასეთი ადამიანი სხვას განიკითხავს, სძულს მოყვასი, რასაც უცილობლად თან სდევს სიამაყე. ეს ყოველივე შეიძლება წამში მოხდეს გულში. მადლი მყისვე წყვეტს მოქმედებას, რის შედეგადაც ჩნდება უყურადღებობა საკუთარი თავისადმი, მოშურნეობა სუსტდება, ჯერ უმნიშვნელო, შემდეგ ვნებიანი გულისსიტყვები, ბოლოს კი თავად ვნებები იწყებენ მოძრაობას, რასაც გულში ქარიშხალი მოჰყვება. შინაგანი სიმშვიდეც დაკარგულია. ეს ერთჯერადი მდგომარეობაა და თუ ადამიანი გამოფხიზლდება და მოინანიებს, გონს მოეგება, გულს შეიმუსრავს და ლოცვით აღიდგენს ჩვეულ შინაგან წყობას, მტერი უკუგდებულია, მაგრამ იმედს არ კარგავს, კვლავ და კვლავ იგივენაირად და იმავე მიზნით გვიტევს, რათა შინაგანი სიმშვიდე დაგვირღვიოს.

იცოდე ეს, ჩემო ძმაო, და მტრის თავდასხმებს საკუთარი სიმხნევე და სიფხიზლე დაუპირისპირე. უფლის სიტყვების თანახმად: იფხიზლეთ და ილოცეთ, რათა არ შეხვიდეთ საცდუნებელში (მათ. 26, 41). იფხიზლე და ყურადღებით იყავი, რათა მტერი არ წამოგეპაროს და არ წარგტაცოს უდიდესი საგანძური - შინაგანი სიმშვიდე და სულიერი მდუმარება. მტერი ცდილობს, დაგირღვიოს სულიერი მშვიდობა, რადგან იცის, როდესაც სული მღელვარებს, მისი ცუდისკენ წარმართვა ადვილია. დაიცავი შენი სიმშვიდე. იცოდე, როდესაც სული მშვიდადაა, მტერი ვერ მიეკარება. მაშინ სული ყოველგვარი სიკეთის აღმსრულებელია და ხალისითაც ახერხებს ამას, ზედმეტი შრომის გარეშე. იოლად გადალახავს ნებისმიერ დაბრკოლებას. ამაში რომ წარემატო, შეეცადე, წინასწარ გამოიცნო მტრის ხრიკები. მტრის მისადგომი თავდაჯერებაა. ყოველი გულისსიტყვა, რომლიც შენში ღვთის ყოვლადსახიერების რწმენას ასუსტებს, ასუსტებს რწმენას იმისას, რომ მისი მადლის გარეშე ვერაფერში წარემატები და რომ ამიტომ მხოლოდ მისი იმედი უნდა გქონდეს, - მტრისგან მოდის და მრისხანებით უნდა განაგდო და დევნო, ვიდრე გაქრებოდეს. ეს საკუთარი თავისთვის კანონად აქციე. სულიწმიდა ჩვენში ასე მოქმედებს - ჩვენს სულს ღმერთთან შესაერთებლად აღიყვანს, მასში უფლის უტკბეს სიყვარულს, კეთილმორწმუნეობასა და მტკიცე სასოებას აღანთებს. ყოველივე ამის საპირისპირო კი მტრისგანაა.

ბოროტი ყველა ხერხსა და საშუალებას იყენებს სულის ასამღვრევად. ზედმეტ შიშს სთესს გულში, ზრდის სულის უძლურებას, არ აძლევს საშუალებას აღსარების, ზიარების თუ ლოცვის დროს ჯეროვანი განწყობილება შეინარჩუნოს და დატკბეს. ბოროტის მოქმედების შედეგად სული მდაბალი კადნიერებისა და სიყვარულის გარეშე, შიშითა და სირცხვილით მოქმედებს. ამის შემდეგ სული უიმედო მწუხარებით ხვდება რელიგიური გრძნობების დაკნინებას და შინაგანი სიტკბოების დაკარგვას - რაც ხშიად ხდება ლოცვის ან სხვა სულიერი ვარჯიშისას. ბოროტი კი ჩააგონებს, რომ ეს დაკნინება ღვთისგან მის სასიკეთოდ არაა დაშვებული, რომ მისი შრომა და ღვაწლი ამაოა და, სჯობს, ყველაფერი მიატოვოს. ასე მიჰყავს მას სული უდიდეს შეცბუნებამდე და უიმედობამდე. ადამიანიც ფიქრობს, რომ ყველაფერი, რასაც აკეთებს, უსარგებლო და უნაყოფოა და რომ ღმერთმა სრულიად დაივიწყა და მიატოვა.

მაგრამ ეს მტკნარი სიცრუეა. დაე, განიცადოს სულმა რელიგიური გრძნობებისა და სულიერი სიტკბოების სიმშრალე და დაკნინება. მიუხედავად ამისა, მას მაინც ძალუძს კეთილი საქმეების კეთება, რწმენის შენარჩუნება და მოთმინებითა და ერთგულებით განმტკიცება. ეს რომ უკეთ გაიგო და ზიანი არ მიიღო, თუ ღვთისთვის სათნო იქნება და შენივე სიკეთისთვის ინებებს და სულიერი დაკნინებისას ასეთ გრძნობებს განგაცდევინებს, შემდგომ თავში გადმოგცემ, რა სიკეთეს გვძენს სიმდაბლით დათმენა, როდესაც გულის გაცივებისა და სიმშრალისას მას მივმართავთ. ამით ისწავლი სულიერი სიმშვიდის შენარჩუნებას და მწუხარების გამკლავებას, როდესაც მათი დათმენა მოგიწევს, რაიმე გევნება ან სხვა შემაშფოთებელი გულისსიტყვები თუ ვნებები აღგეძვრება.