† წმიდა ნიკოდიმოს ათონელი

უხილავი ბრძოლა
ნაწილი მეორე

თავი 22
ნუ იქნები სულმოკლე, როდესაც გტოვებს ან წყდება შინაგანი სიმშვიდე

ღვთის გზაზე მავალთ ხშირად გამოუცდიათ, თუ როგორ ტოვებს მათ ან წყდება წმინდა სიმშვიდე, ტკბილი შინაგანი განმარტოება და თავისუფლება. ხანდახან კი გულის მოძრაობის შედეგად შიგნით ისეთი მტვერი წარმოიშობა, რომ აღარა ჩანს გზა, რომლითაც უნდა იარონ. როდესაც თავადაც გამოცდი მსგავსს, იცოდე, ეს ღვთისგან დაიშვება შენდა სასიკეთოდ. სწორედ ესაა ის ბრძოლა, რომლის გამოც ღვთის წმინდანები ნათელი გვირგვინებით იმოსებოდნენ. გახსოვდეს და მხნედ დაითმინე მოწეული განსაცდელი. ამ დროს, ისევე, როგორც ნებისმიერი მღელვარებისას, მთელი გულით შეჰღაღადე უფალს: „უფალო ღმერთო ჩემო! მოხედე შენს მონას, დაე,აღსრულდეს ნება შენი. მწამს და ვაღიარებ, რომ შენი სიტყვების ჭეშმარიტება მტკიცეა და შენი აღთქმა მართალი. მათით ვსასოებ, ვდგავარ და არ ვიყოყმანებ შენს გზაზე“. ნეტარია ის სული, რომელიც სიმძიმილისა და ფორიაქის განცდისას ყოველთვის უფლის ერთგულია. და თუ ბრძოლა მაინც არ წყდება და შენც, როგორც გსურდა, ისე სწრაფად არ ძალგიძს საკუთარი ნების ღვთის ნებასთან შერწყმა-შეთანხმება, ნუ იურვი და სულმოკლეობას ნუ გამოიჩენ. უფლის ერთგულება შეინარჩუნე, ქედი მოიდრიკე მისი განგებულების წინაშე და გაიმარჯვებ. გაიხსენე როგორ ბრძოლას გაუძლო მაცხოვარმა გეთსიმანიის ბაღში, როდესაც მისი ადამიანური ბუნება შედრკა მოწვდილი სასმისის წინაშე: მამაო, თუკი შესაძლოა, ამცდეს ეს სასმისი, - ხოლო შემდეგ, საკუთარ თავში დაბრუნებულმა, თავისუფალი ნებით სრულად მიანდო სული ღმერთს და ღრმა სიმდაბლით წარმოთქვა: თუმცა არა როგორც მე მნებავს, არამედ როგორც შენ (მათ. 26,39).

როდესაც რაიმე სიძნელე შეგხვდება, ნურაფერს იღონებ, ვიდრე გონების თვალს ჯვარცმულ უფალს არ მიაპყრობ. იქ დიდი ასოებით წარწერილს იხილავ, თუ როგორ უნდა გეჭიროს თავი გასაჭირის დროს. გადმოიწერე ეს შენში, ასოებით კი არა, საკუთარი ქმედებებით: როდესაც თავისმოყვარებისა და საკუთარი თავის სიბრალულის შემოტევას იგრძნობ, სულმოკლეობას ნუ გამოიჩენ და ნუ ჩამოხვალ ჯვრიდან, ილოცე და მდაბლად დაითმინე. ეცადე, გაიმარჯვო საკუთარ ნებაზე და მტკიცედ ისურვო ღვთის ნების აღსრულება. თუ ლოცვის შედეგად ასეთ ნაყოფს მოიმკი, იხარებდე და ზეიმობდე. თუ ამას ვერ მიაღწევ, შენი სული მარხული დარჩება, საჭირო საკვებს ვერ იგემებს. იღვაწე, რომ სულში ღვთის გარდა, თუნდ მცირე ხნითაც, სხვა არაფერი ჩასახლდეს. ნურაფერზე ინაღვლებ და გულს ნუ გაიტეხ. მზერას ნუ მიაპყრობ სხვათა ცბიერებას და ცუდ მაგალითს. ბავშვს მიემსგავსე, რომელიც თავისი უბოროტობის წყალობით ვერ ამჩნევს მათ და უხიფათოდ უქცევს გვერდს.