† წმიდა ნიკოდიმოს ათონელი

უხილავი ბრძოლა
ნაწილი მეორე

თავი 19
კეთილგონიერება მოყვასის სიყვარულის დროს - რათა სულის მშვიდობა გვქონდეს

სახარებაში უფალი ამბობს, რომ იგი მოვიდა, რათა სიყვარულის ცეცხლი აღაგზნოს ჩვენს გულებში და რომ ძლიერ სურს ამ ცეცხლის მალე ანთება (ლუკ. 12,49). ღვთისადმი სიყვარული უსაზღვროა, როგორც თავად ღმერთია უსაზღვრო და დაუსაბამო. მაგრამ ახლობელთა მიმართ სიყვარულს უნდა ჰქონდეს საზღვარი და დასაბამი. თუ ამ სიყვარულს შესაბამის საზღვრებში არ მოაქცევ, შეიძლება მან ღვთისადმი სიყვარულს განგაშოროს, უდიდესი ზიანი მოგიტანოს და დაღუპვამდე მიგიყვანოს. ჭეშმარიტად უნდა გიყვარდეს მოყვასი, მაგრამ ისე, რომ ამით სული არ დაიზიანო. ყველა საქმე უბრალოდ და წმიდად აღასრულე, ნურაფერს ეძიებ ღვთის სათნოყოფის გარდა და ეს მოყვასის სიყვარულისას ყოველგვარი არასწორი ნაბიჯისგან დაგიცავს.

ამ საქმეში ძალზე მნიშვნელოვანია მოყვასის ცხონებისათვის ხელშეწყობა, მაგრამ ამ დროს ხშირად თავს იჩენს არაგონივრული მოშურეობა, რომელიც მხოლოდ ზიანის მომტანია შენთვისაც და მოყვასისთვისაც. გულწრფელი სარწმუნოებისა და სათნო ცხოვრების მაგალითი აჩვენე და მოციქულთა მსგავსად ქრისტეს კეთილსურნელებას მიემსგავსები, რომელიც უფლისკენ იზიდავს ყველას. უღონდ განურჩეველი სიტყვით თავს ნუ შეაწყენ ირგვლივ მყოფთ. ამით მხოლოდ საკუთარ და სხვათა სიმშვიდეს დაარღვევ. ფიცხელი მოშურნეობა და ძლიერი სურვილი გქონდეს, რათა ყველამ შეიცნოს ჭეშმარიტება იმგვარი სრულყოფილებით, როგორც შენ; რათა მათაც იგემონ ის ღვინო, რომელიც უფალმა აღგვითქვა და ახლა ყველას უშურველად აძლევს (ეს. 55,1), მუდამ გქონდეს მოყვასის ცხონების ასეთი წყურვილი. მაგრამ იგი ღვთის სიყვარულიდან უნდა მომდინარეობდეს და არა უგუნური მოშურნეობიდან. ღმერთი შენი სულის ყოველივესგან განშორებით თავად დათესს მასში მოძმის მიმართ სიყვარულს და თავის დროზე მოვა ნაყოფის მოსამკელად. შენით ნუ ეცდები მის დანერგვას, მხოლოდ ყოველგვარი ეკალ-ბარდისგან განწმენდილი გულის მიწა მიართვი უფალს და ის დათესს, რაც და როგორაც სურს. როცა ჟამი დადგება, სწორედ ეს თესლი გამოიღებს ნაყოფს.

გახსოვდეს, უფალს სურს, შენი სული განაშოროს ყოველივეს, რათა თავად შეიერთოს. უფალს შენში მოქმედების ნება მიეცი და საკუთარი ნების ჩარევით წინ ნუ გადაეღობები მას. მხოლოდ ერთი გულისწადილი გქონდეს - მუდამ სათნოეყო უფალს მისი ნებისადმი მორჩილებით. უკვე გამოვიდა სახლის მეუფე და სახარებისეული იგავის თანახმად, თავისი ვენახისთვის მუშაკებს ეძიებს. ყოველგვარი საზრუნავისა და გულისსიტყვისაგან განიძარცვე, მიატოვე საკუთარ თავზე ზრუნვა და დროებითისადმი სწრაფვა და უფალი შეგმოსავს თავისი თავით და მოგცემს იმას, რის წარმოდგენაც არ ძალგიძს. რამდენადაც შეძლებ, დაივიწყე საკუთარი თავი, დაე, სულში მხოლოდ ღვთისადმი სიყვარული ცოცხლობდეს.

ამავე დროს, წინდახედულად უნდა მოზომო სხვებისთვის მოშურნეობის სიმხურვალე. მშვიდობა და სულის სიმშვიდე არ მოგაკლოს უფალმა. იფრთხილე, რომ სხვისთვის სარგებლის მოტანაზე უგუნური ზრუნვის გამო, შენმა სულმა თავისი მთავარი სათნოება - გულის სიმშვიდე არ დაკარგოს. ამ მადლიანი სიმშვიდის წყარო ყველაფრისგან განშორება და საკუთარი სულის ღვთისადმი სრული დამორჩილებაა. სამაგიეროს მიღების მოლოდინით ნურაფერს მოიმოქმედებ და ნურასოდეს იფიქრებ, რომ რაიმე ღირებულს აკეთებ. ღმერთია ყოველივეს მოქმედი და შენგანაც სხვა არაფერი სურს, გარდა მის წინაშე დამდაბლებისა, გარდა იმისა, რომ მხოლოდ მას მიუძღვნა ყოველგვარი მიწიერისგან თავისუფალი სული და გულის სიღრმეში მხოლოდ ერთი სურვილი ცოცხლობდეს - რომ ყველგან და ყოველთვის ღვთის ნება აღესრულებოდეს შენზედ.