მუდმივად იზრუნე, რომ გულამდე არ მიუშვა მღელვარებები და ფორიაქი, ყოველმხრივ შეეცადე, მშვიდი და წყნარი განწყობილება შეინარჩუნო. როდესაც უფალი შენს ასეთ ღვაწლს იხილავს, თავისი მადლით შენს სულში მშვიდობას დაამყარებს და შენი გული ნუგეშის სამკვიდროდ იქცევა. სწორედ ეს იგულისხმება შეფარულად ფსალმუნის სიტყვებშიც: იერუსალემი შენებულ არს ვითარცა ქალაქი (121, 3). უფალს მხოლოდ ის სურს შენგან, რომ ყოველთვის, როცა რაიმეზე აღელდები, მყის აღიდგინო სიმშვიდე და მშვიდობით ჰგიებდე. საამისოდ მოთმინება გესაჭიროება. როგორც ერთ დღეში არ შენდება ქალაქი, ასევე ერთ დღეში ვერ მოიპოვებ შინაგან სიმშვიდეს. ეს სხვა არაფერია, თუ არა უფლისათვის მშვიდობის სახლის აგება და უზენაესისთვის კარავის დადგმა, რომ მისთვის ტაძრად იქცე. იცოდე, თავად ღმერთი ამკვიდრებს შენში ამ სახლს და მის გარეშე ნებისმიერი მცდელობა ფუჭი იქნება, როგორც დაწერილია: არა თუმცა უფალმან აღაშენა სახლი, ცუდად შურებიან მაშენებელნი მისნი (ფს. 126,1). ისიც უწყოდე, გულის სიმშვიდის მყარი საფუძველი სიმდაბლე და მღელვარე და ფუჭი საქმეებისა თუ წამოწყებებისგან თავის არიდებაა. რაც შეეხება პირველს, ვინ არ იცის, რომ სიმდაბლე, გულის სიმშვიდე და თვინიერება ისე მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული, რომ სადაც ერთია, იქ მეორეცაა. ვინც გულით წყნარი და თვინიერია, ის მდაბალიცაა და, პირიქით, ვინც გულით მდაბალია, ის თვინიერი და მშვიდია. უფალმაც ისინი განუყოფლად დააკავშირა, როდესაც თქვა: ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მშვიდი ვარ და გულით მდაბალი (მათ. 11,29). რაც შეეხება მეორეს, მის წინასახეს უძველეს ისტორიაში ვხედავთ: უფალს სურდა, რომ მისთვის სახლი აეგო არა დავით მეფეს, რომელმაც მთელი ცხოვრება ბრძოლასა და მღელვარებაში გაატარა, არამედ მის ძეს - სოლომონს, რომელმაც მშვიდობიანად იმეფა და არავისთან უბრძოლია.