† წმიდა ნიკოდიმოს ათონელი

უხილავი ბრძოლა
ნაწილი მეორე

თავი 10
მტრის ოთხი განსაცდელი სიკვდილის ჟამს, პირველი
განსაცდელი რწმენის წიააღმდეგ და მისი დაძლევის ხერხები

ოთხი უმთავრესი და ყველაზე სახიფათო განსაცდელი, რომელსაც სიკვდილის ჟამს შეგვამთხვევენ ჩვენი მტრები - დემონები: 1) რწმენაში მერყეობა, 2) სასოწარკვეთილება; 3) ცუდმედიდობა; 4) სხვადასხვა სახე, რომელსაც იღებს დემონი და ჩვენებით წარმოუდგება მომაკვდავს.

რაც შეეხება პირველს: როდესაც ვერაგი მტერი ცდილობს, ურწმუნობის გულისსიტყვები გაგიღვივოს, ანდა ხილულად წარმოგიდგება და რწმენის საწინააღმდეგოდ ჩაგაგონებს, ნუ შეეკამათები. საკუთარი თავი განაძლიერე რწმენაში და სიძულვილით მიმართე: „განმშორდი სატანავ, სიცრუის მამავ! შენი მოსმენაც არ მსურს. ყოველთვის მთელი გულით მწამდა და მწამს, რაც სწამს წმიდა დედა ეკლესიას და ეს ჩემთვის საკმარისია. ნუ დაუშვებ ურწმუნობის გულისსიტყვებს და მხნედ იდექი: თუ თავს დაგატყდა უფროსის რისხვა, შენს ადგილს ნუ მიატოვებ (ეკლ. 10,4). მთელი არსებით შეიგნე, რომ ეს მხოლოდ სატანის მზაკვრობაა, რომელიც თავს გესხმის, რათა უკანასკნელ წამს შეგაშფოთოს. თუ გონებით ვერ განმტკიცდები, სურვილითა და გრძნობით გამხნევდი, თავს დემონური აზრისკენ გადახრის საშუალება არ მისცე, თუნდაც ეს აზრი წმიდა წერილის გამონათქვამებით იყოს შეფერილი, რომელთაც მტერი მაგალითებად მოიხმობს: რაც უნდა შეგახსენოს ბოროტმა საღვთო წერილიდან, ღვთის სიტყვის დამახინჯებისა და არასწორი განმარტების გამო, ეს შენთვის დამღუპველი იქნება. თუ ბოროტი გველი გკითხავს: აბა, რას გვასწავლის ეკლესია? - ყურადღებას ნუ მიაქცევ და ნუ უპასუხებ მის სიტყვებს. იცოდე, ეს საცდური და ტყუილია და მხოლოდ იმ მიზნით გველაპარაკება, რომ სიტყვაში გამოგიჭიროს. გულის სიღრმეში ღვთის რწმენის განჭვრეტას მიეცი. თუ რწმენაში მტკიცე და გულისსიტყვებით ძლიერი ხარ და მტრის შერცხვენა გსურს, უპასუხე, რომ წმიდა ეკლესიას სწამს ის, რომ ჭეშმარიტება ერთია, ხოლო თუ კვლავ გკითხავს, როგორია ეს ჭეშმარიტება, უპასუხე: ეს ის ჭეშმარიტებაა, რომელიც სატანას სწამს - რომ უფალმა იესო ქრისტემ ჯვრით შემუსრა შენი თავი და დაამხო შენი ძალაუფლება. შემდეგ გონების თვალი ჩვენთვის ჯვარცმულ უფალს მიაპყარ და შეევედრე: „ღმერთო ჩემო, შემოქმედო და მხსნელო! ისწრაფე შეწევნად ჩემდა. ნუ დაუშვებ, რომ თუნდაც იოტისოდენად შევბრკოლდე შენი რწმენის ჭეშმარიტებაში. როგორც ინებე, რომ შენი სახიერების წყალობით ჭეშმარიტებაში დავბადებულიყავი, ასევე კეთილინებე, შენი სახელის სადიდებლად ჭეშმარიტებაშივე აღვესრულო.