† წმიდა ნიკოდიმოს ათონელი

უხილავი ბრძოლა
ნაწილი პირველი

თავი 9
როგორ დავიცვათ გონება უსარგებლო მრავლისმცოდნეობისა
და ფუჭი ცნობისმოყვარეობისგან

უკვე ვთქვით, რომ აუცილებელია გონების დაცვა უმეცრებისგან. ასევე აუცილებელია დავიცვათ ის მეორე უკიდურესობის - მრავლისმცოდნეობისა და ცნობისმოყვარეობისგან. რაც უფრო ნაადრევად აღვავსებთ მას უამრავი, მათ შორის ფუჭი, მავნებელი და გარყვნილი ცოდით, წარმოდგენითა და გულისთქმით, მით უფრო დავაუძლურებთ. გონება უკვე ვეღარ შეძლებს, კეთილად გაარკვიოს, რა არის სასარგებლო ჩვენი ჭეშმარიტი თვითგამოსწორებისა და სრულყოფისათვის. ამიტომ მიწიერი საგნების მიმართ, თუნდაც ისინი დასაშვები, მაგრამ არააუცილებელი იყოს, ისე დაიჭირე თავი, თითქოსდა უკვე მკვდარი იყო. მთელი გულისყური მოიკრიბე, გონებით საკუთარ თავში განმარტოვდი და შეეცადე, სრულიად განიშორი ამსოფლიური საგნების შესახებ აზრები.

წარსულის მოგონებებმა თუ აწმყოს სიახლეებმა, დაე, გვერდი აგიარონ. სხვადასხვა ქვეყნისა თუ სამეფოს გადატრიალებანი ნურც იარსებებნ შენთვის. ხოლო როდესაც ვინმე ამგვარ ამბავს მოგიტანს, ზურგი აქციე და შორს განაგდე გულისა და წარმოსახვისგან. უსმინე, რას ამბობს წმიდა ბასილი: ამსოფლიური ამბების მოსმენა მწარე იყოს შენთვის, ხოლო ღირსი მამების გადმოცემათა - თაფლი. ყურად იღე დავით წინასწარმეტყველის სიტყვაც: მითხრეს მე უსჯულოთა ზრახვაი, არამედ არა იყო ვითარ სჯული შენი, უფალო (ფს.118,85). მხოლოდ ზეციური და სულიერი საგნები შეიყვარე და შეისწავლე და ამქვეყნად უფალ იესო ქრისტეს, მისი ჯვარცმის, მისი ცხოვრებისა და სიკვდილის გარდა ნურაფრის ცოდნას ისურვებ. გახსოვდეს, რას ითხოვს შენგან მაცხოვარი. თუ ასე იმოქმედებ, სათნოეყოფი ღმერთს, რომელიც იმათ გამოირჩევს და შეიყვარებს, ვისაც უფალი უყვარს და გულმოდგინედ ესწრაფვის მისი ნების აღსრულებას.

სხვა ყოველგვარი განხილვა და გააზრება თავისმოყვარებისა და სიამაყის ნაშობი და საკვებია. ეს სატანის მახეა. როდესაც იგი სულიერი ცხოვრების მოსურნე ადამიანთა მტკიცე და ძლიერ ნებას ხედავს, ცდილობს, ცნობისმოყვარეობით დაძლიოს მათი გონება და ბოლომდე დაეუფლოს. ამ მიზნით ბოროტი ადამიანებში, განსაკუთრებით მათში, ვინც გონებამახვილია და ჭკუით თავმომწონეობს, ამაღლებულ, დახვეწილ და განსაცვიფრებელ აზრებს აღძრავს. მათაც, ასეთი ამაღლებული აზრების გამო კმაყოფილებით აღტაცებულებს, გულის სიწმინდის დაცვა, საკუთარ თავზე მდაბალი წარმოდგენისა და ჭეშმარიტი თვითმოკვდინების აუცილებლობა ავიწყდებათ. სიამაყისა და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის ბორკილებით შეკრულნი, საკუთარი გონებისგან კერპს ქმნიან. შედეგად კი, ისე რომ, თავადაც არ უწყიან, უჩნდებათ გულისსიტყვა, თითქოს მეტად აღარ საჭიროებდნენ სხვათა შეგონებასა და სწავლებას. ასეთნი ხომ მიჩვეულნი არიან ნებისმიერი საჭიროებისას საკუთარი შეგონებისა და განსჯის კერპს მიმართონ.

ეს ფრიად სახიფათო და ძნელად განსაკურნავი თვისებაა. გონების სიამაყე შესაძლებელია განიკურნოს შესაბამისი უღლის ქვეშ მოქცევით, რადგან ეს სენი აშკარაა გონებისათვის. მაგრამ რითი განიკურნება გონება, რომელსაც თავდაჯერებით სწამს, რომ მისი საკუთარი განსჯა ყველაზე უკეთესია? განა შეიძლება შეისმინოს ვინმესი, როდესაც დარწმუნებულია, რომ სხვათა აზრი ისე კარგი არაა, როგორც მისი? როდესაც გონება - სულის თვალი, რომლის დახმარებითაც ადამიანს ძალუძს შეიცნოს და გამოასწოროს ნების სიამაყე, თავადვეა სიამაყით დაბრმავებული და განუკურნავი, ვინღა უწამლეს ნებას? ამ დროს ადამიანის შიგნით ყველაფერი ისეა მოშლილი, სალბუნსაც ვერსად დაადებ. აი, რატომაა აუცილებელი, რაც შეიძლება სწრაფად შეეწინააღმდეგო ამ დამღუპველ სენს - გონების სიამაყეს, ვიდრე ის თხემით ტერფამდე განგმსჭვალავდეს. დაუპირისპირდი, აღვირი ამოსდე საკუთარი გონების სისწრაფეს და მორჩილად დაუქვემდებარე შენი აზრი სხვისას. იყავი სულელი ღვთის სიყვარულისთვის, თუ სურს ბრძენი იყო თვით სოლომონზედაც. თუ რომელიმე თქვენგანს ბრძნად მოაქვს თავი ამ ქვეყნად, შლეგი გახდეს, რათა ბრძენი იყოს იგი (I კორ. 3,18).