† წმიდა ნიკოდიმოს ათონელი

უხილავი ბრძოლა
ნაწილი პირველი

თავი 7
როგორ ვავარჯიშოთ გონება, რათა უმეცრებით არ დასნეულდეს.

თუ საკუთარი თავის უნდობლობა და ღვთის სასოება, რაც ასე აუცილებელია ჩვენს სულიერ ბრძოლაში, ჩვენში მარტო დარჩებიან, არათუ გავიმარჯვებთ, უფრო დიდ ბოროტებაში ჩავეფლობით. ამიტომ მათთან ერთად და მათით უნდა ვიღვაწოთ განსაკუთრებული ღვაწლით, რასაც განმსწავლელი სულიერი ვარჯიში ეწოდება.

ამგვარ მეცადინეობათაგან პირველი ადგილი გონებისა და ნების ვარჯიშს ეთმობა.

გონება უნდა განვაშოროთ და დავიცვათ უმეცრებისაგან, რომელიც ძალზე მავნებელია, რადგან აბნელებს და საშუალებას არ აძლევს გონებას, იხილოს ჭეშმარიტება - მისი ძიებისა და სწრაფვის ძირითადი მიზანი. გონება უნდა ვავარჯიშოთ, რათა ნათელი, სუფთა იყოს და კარგად გაარჩიოს, თუ რა გვესაჭიროება სულის ვნებათაგან განსაწმენდად და სათნოებებით შესამკობად.

გონების ამგვარ სინათლეს შეგვიძლია მივაღწიოთ ორი ხერხით: პირველი და აუცილებელი არის ლოცვა. უნდა ვევედროთ სულიწმიდას, რათა ინებოს და ღვთაებრივი სინათლე მოჰფინოს ჩვენს გულს. ასეც იქმს, თუ ჩვენ ჭეშმარიტად ვეძიებთ უფალს, თუ გულწრფელად მოშურნენი ვიქნებით და ღვთის ნებას მივენდობით, ყოველთვის ხალისით დავემორჩილებით გამოცდილი სულიერი მოძღვრის რჩევას და არაფერს მოვიმოქმედებთ მასთან შეუთანხმებლად.

გონების ვარჯიშის მეორე ხერხია საგანთა მუდმივი განხილვა და ჩაღრმავება მათ შესაცნობად, რათა ნათლად გავარჩიოთ ავი და კარგი. არა ისე, როგორადაც მათ შესახებ განსჯის ეს სოფელი და გრძნობადი სამყარო, არამედ როგორც განსჯის მართალი გონება და სულიწმიდა, ანუ ღვთივშთაგონებული წერილის, ღმერთშემოსილ მამათა და ეკლესიის მასწავლებელთა ჭეშმარიტი სიტყვა. როდესაც უტყუარად და ჯეროვნად განვიხილავთ და ჩავუღრმავდებით ყოველივეს, შედეგად ნათლად გავიაზრებთ, რომ არაფრად უნდა გვიღირდეს და ცრუდ და ამაოდ მიგვაჩნდეს ის, რაც უყვარს ბრმა და გარყვნილებით აღსავსე სოფელს და რასაც ეძიებს იგი.

კერძოდ კი, ის, რომ ამსოფლიური პატივი, სიამენი და სიმდიდრე სხვა არაფერია, თუ არა ამაოება და სულის სიკვდილი; შეურაცხყოფა და ცილისწამება, რითაც გვდევნის სოფელი, ჭეშმარიტ დიდებას გვძენს, ხოლო მისი ჭირ-ვარამი - სიხარულს; რომ მიტევება ჩვენი მტრებისთვის და მათთვის სიკეთის კეთება ჭეშმარიტი დიდსულოვნებაა და ღვთის მსგავსებისა და ხატების ერთ-ერთი უდიდესი ნიშანი; რომ მეტ ძალაუფლებასა და სიძლიერეს ამჟღავნებს ის, ვინც არად აგდებს სოფელს, ვინდრე ის, ვინც მთელ სამყაროზე ბატონობს; რომ ნებაყოფლობითი მორჩილება უფროა სულის სიმამაცისა და სიმტკიცის გამოხატულება, ვიდრე ძლიერ ხელმწიფეთა დამონება და მათზე მბრძანებლობა; რომ მდაბალი თვითშემეცნება ყველა მაღალი ფასეულობის შემეცნებაზე უპირატესია; რომ საკუთარი მავნე ჩვევებისა და ვნებების დამარცხება და მოკვდინება, რაც უნდა უმნიშვნელონი იყვნენ ისინი, უფრო იმსახურებს ქებას, ვიდრე უთვალავი ციხე-სიმაგრის აღება, ძლევამოსილი არმიის განადგურება და, თუნდაც სასწაულების მოხდენა ან მკვდართა აღდგინება.