† წმიდა ნიკოდიმოს ათონელი

უხილავი ბრძოლა
ნაწილი პირველი

თავი 52
ლოცვაში წარსამატებლად ხელშემწყობი საშუალებები

თუ ლოცვაში წარმატების მიღწევა გსურს, ყველაფერი იღონე, რათა მეორე ხელით არ დაანგრიო პირველის მიერ შექმნილი.

1) სხეულს საზრდელით, ძილით, მოსვენებით ნუ გაანებივრებ. არაფერი მისცე მხოლოდ იმიტომ, რომ ამის სურვილი აქვს. გაიხსენე წმიდა მოციქულის შეგონება: ხორცისთვის ზრუნვას ნუ აქცევთ ავხორცობად (რომ. 13,14), ნუ მოასვენებ ხორცს.

2) გარეგნული ურთიერთობები დროებით, ლოცვის დაუფლებამდე, აუცილებლობამდე შეზღუდე. შემდეგში შენში ამოქმედებული ლოცვა თავად გიჩვენებს, რა შეიძლება შეამატო ზიანის გარეშე. განსაკუთრებით დაიცავი გრძნობები, მათგან კი თვალები და სმენა, შებორკე ენაც. უამისოდ ნაბიჯითაც ვერ წაიწევ წინ. როგორაც სანთელი ქრება წვიმასა და ქარში, ასევე ლოცვა ვერ ინარჩუნებს მხურვალებას გარედან შთაბეჭდილებების მოძალებისას.

3) ლოცვის შემდეგ მთელი თავისუფალი დრო კითხვასა და გააზრებას მოანდომე. საკითხავად შეარჩიე წიგნები, სადაც ლოცვისა და სულიერი ცხოვრების შესახებაა მოთხრობილი. იფიქრე მხოლოდ ღმერთზე, ღვთაებრივ საგნებსა და მეტწილად კი ჩვენი ხსნისთვის განხორციელებულ მაცხოვარზე, უფრო ხშირად უფლის ვნებებსა და ჯვარცმაზე. თუ ასე მოიქცევი, ღვთაებრივი ნათლის ზღვაში ჩაიძირები. ამას თან დაურთე ეკლესიაში სიარული, როცა კი შესაძლებლობა გექნება. ტაძარში ყოფნის დროსაც ლოცვის ღრუბლით დაიფარები. წარმოიდგინე, რა იქნება, თუ მთელს მსახურებას ჭეშმარიტი ლოცვითი განწყობილებით ჩაამთავრებ?

4) უწყოდე, ზოგადად ქრისტიანულ ცხოვრებაში წარმატების გარეშე ლოცვაში ვერ წარემატები. სულს არც ერთი მოუნანიებელი ცოდვა არ უნდა ამძიმებდეს. და თუ ლოცვისას ისეთ რაიმეს ჩაიდენ, რაც სინდისს დაგიმძიმებს, ისწრაფე, სინანულით განიწმინდო, რათა ღვთის წინაშე კადნიერად წარდგომა შეგეძლოს. მუდმივად გულშემუსვრილი იყავი. ხელიდან ნუ გაუშვებ სიკეთის ქმნის შემთხვევას, ანდა კეთილგანწყობის, სიმდაბლის, მორჩილებისა და საკუთარი ნების მოკვეთის შესაძლებლობას. თავისთავად იგულისხმება, რომ სული ცხონებისადმი მოშურნეობით უნდა გქონდეს აღვსილი და ჩაუქრობლად ენთოს. ეს სურვილი უნდა იყოს ყოველივეს მამოძრავებელი და ღვთის შიში და მტკიცე სასოება ახლდეს თან.

5) ამგვარად მომართულმა იღვაწე. ხან მზა, ხან საკუთარი, ხანაც მოკლე ან იესოს ლოცვით ილოცე. ხელიდან ნუ გაუშვებ შესაძლებლობას, რაც ამ ღვაწლში წაგადგება და, მოიპოვებ, რასაც ეძებ. მაკარი ეგვიპტელის სიტყვებს შეგახსენებ: დაინახავს ღმერთი შენს ლოცვით ღვაწლს, რომ გულწრფელად გსურს წარმატება და მოგანიჭებს ლოცვას. გახსოვდეს, მართალია, საკუთარი ძალებით აღსრულებული და მოპოვებული ლოცვა ღვთისთვის სათნოა, მაგრამ ჭეშმარიტი ლოცვა, რომელიც გულში მკვიდრდება და მისგან განუშორებელი ხდება, ღვთიური ძღვენი და ღვთის მადლისმიერია. ამიტომ როდესაც სხვა რაიმეზე ლოცულობ, არ დაივიწყო ღვთისგან ლოცვის მონიჭებაც გამოითხოვო.

6) მოგითხრობ, რაც ერთი ღვთისმოყვარე ადამიანისგან მსმენია: „მთლად წესიერად არ ვცხოვრობდი. მაგრამ უფალმა შემიწყალა და სინანულის სული მომმადლა. ეს მარხვის დროს მოხდა. მთელი ძალით ვცდილობდი გამოსწორებას. აღსარების წინ დიდხანს ვლოცულობდი ღვთისმშობლის ხატის წინ, ძალას და სიმტკიცეს შევთხოვდი მას. აღსარებისას ყველაფერი გულახდილად ვთქვი. სულიერ მოძღვარს არაფერი უთქვამს ჩემთვის, მაგრამ როდესაც შენდობის ლოცვა წარმოთქვა, გულში ტკბილმა ცეცხლოვანმა ტალღამ დამიარა. საოცრად სასიამოვნო გრძნობა იყო. ეს ცეცხლი გულში ჩამრჩა, მეგონა ვიღაცას ეკავა ჩემი გული. იმ დღიდან სულ ვლოცულობდი. გულისყური იქ მქონდა, იმ გრძნობასთან და ვცდილობდი, არ დამეკარგა ეს განწყობა. და უფალი შემეწია. იესოს ლოცვის შესახებ არაფერი მსმენოდა. როდესაც შევიტყე, მივხვდი, ჩემში არსებული იყო სწორედ ის, რის მოპოვებასაც ამ ლოცვით ცდილობენ“. ეს მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, რომ მიხვდე, რას ვეძიებთ ლოცვითი ღვაწლით და როგორ უნდა გავიგოთ, როდესაც მიზანი მიღწეულია.

7) ყველაფერთან ერთად წმიდა გრიგოლ სინელის სიტყვებიც გაითვალისწინე (ფილოკალია, 1 ნაწ. გვ.112): „მადლი ჩვენში ნათლისღებიდან მკვიდრობს, მაგრამ ჩვენი უყურადღებობის, ამაოებისა და გამოუსწორებლობის გამო ითრგუნება და მარცვალივით მიწით იფარება. როდესაც მოშურნეობით აღვსილი ადამიანი გამოსწორებას ცდილობს, მან მთელი ძალისხმევა უნდა მოახმაროს ამ მადლიანი ნიჭის აღდგენას. ეს ორნაირად ხდება: პირველ რიგში იგი მცნებათა მუდმივი აღსრულებით გამოვლინდება. რამდენადაც პიროვნება წარემატება ამ გზაზე, იმდენადვე მადლიც ბრწყინვალებას ავლენს. მადლის გარდამოსვლის მეორე საშუალება მოუკლებელი ლოცვის მეშვეობით იესო ქრისტეს სახელის მოხმობაა. პირველი საშუალება ძლიერია, მაგრამ მეორე უძლიერესია. პირველიც და მეორეც იძენს ძალმოსილებას, თუ გულწრფელად გვსურს ჩვენში დაფარული მადლის თესლის აღმოცენება. ვეცადოთ, მალე დავეუფლოთ იესოს ლოცვას და მუდამ გულით ვატარებდეთ. უჩინრად, წარმოსახვის გარეშე, ვიდრე გულს არ გაგვითბობს და უფლის გამოუთქმელი სიყვარულით არ აღგვანთებს“. აქ ყველაფერია ნათქვამი, რაზედაც მე-4 პუნქტში უკვე ვისაუბრეთ.