იყვნენ და არიან კიდეც ისეთი მლოცველები, ერთ მოკლე ლოცვას რომ შეიყვარებდნენ და განუწყვეტლივ იმეორებდნენ. წმიდა კასიანე ამბობს, რომ მის დროს ეგვიპტეში ჩვეულებრივ ყველა იმეორებდა 69-ე ფსალმუნის სიტყვებს: ღმერთო შეწევნასა ჩემსა მომხედენ, უფალო, შეწევნად ჩემდა ისწრაფე. წმიდა იოანიკეს შესახებ კი წერენ, რომ ის მუდმივად იმეორებდა ამგვარ ლოცვას: სასოებად ჩემდა მამა, შესავედრებლად ჩემდა ძე, მფარველ ჩემდა სულიწმიდა. ამავე ლოცვას ურთავდა ის თავისი ლოცვითი კანონის - 30 ფსალმუნის თითოეულ ტაეპსაც. სხვა მოუკლებლად ლოცულობდა ამ სიტყვებით: მე, როგორც კაცმა, შეგცოდე, შენ, როგორც ღმერთმა, შემიწყალე. სხვა განსხვავებულ ლოცვას ირჩევდა. უძველესი დროიდან ბევრი ლოცულობდა ასე: უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. ამის შესახებ აღნიშნავენ წმიდა ეფრემი, წმიდა იოანე ოქროპირი, წმიდა ისააკ ასური, წმიდა ისიქი, წმიდა ბარსანუფი და იოანე, წმიდა იოანე კიბისაღმწერელი. შემდგომში ეს ლოცვა ფართოდ გავრცელდა და საეკლესიო წესდებაშიც დამკვიდრდა, რომლის მიხედვითაც იესოს ლოცვას ყველა საშინაო ლოცვისა და საეკლესიო მსახურების ნაცვლად აღასრულებდნენ. ჩვენშიც მოკლე ლოცვებიდან უპირატესად ეს ლოცვაა დამკვიდრებული. ეცადე, შენც შეეჩვიო.
ამ ლოცვას იესოს ლოცვა ეწოდება, რადგან უფალ იესო ქრისტეს მიემართება და, როგორც ყველა მოკლე ლოცვა, სიტყვიერი შემადგენლობისაა. ლოცვა გონიერი ანუ შინაგანია, როდესაც არა მარტო სიტყვით წარმოითქმის, არამედ გონებითაც და გულითაც, შინაარსის სრული გააზრებითა და შეგრძნებით. ხანგრძლივი და ყურადღებიანი ლოცვის შედეგად გონება და გრძნობა ისე შეერწყმის სულის მოძრაობას, რომ შინაგანად ისინი ერთდებიან, სიტყვები კი თითქოს აღარც არსებობს. ნებისმიერი მოკლე ლოცვა შეიძლება ასეთ სიმაღლემდე ავიდეს. იესოს ლოცვას იმიტომ ენიჭება უპირატესობა, რომ ის სულით ეთანხმება უფალ იესო ქრისტეს, რომელიც ერთადერთი კარია ღმერთთან ურთიერთობისა, რის მოპოვებასაც ლოცვით ვესწრაფვით. თავად უფალმა ბრძანა: ვერავინ მივა მამასთან, თუ არა ჩემს მიერ (იოან. 14,6). ამიტომ ვინც ამ ლოცვას მოიხვეჭს, განხორციელებული უფლის ძალმოსილებასაც ითვისებს. სწორედ ამაშია ჩვენი ხსნა. ამიტომ ბუნებრივია, არ გაგვიკვირდება იმ მოშურნეთა ღვაწლი, რომლებიც თავდაუზოგავად იღვწოდნენ, რომ ამ ლოცვას დაუფლებოდნენ და მისით ძალა შეეძინათ. შენც მათ მიბაძე.
იესოს ლოცვის დაუფლება გარეგნულად ბაგეებით ლოცვის განუწყვეტელ განმეორებას ნიშნავს. შინაგანად კი - გონების, ყურადღების გულში მოკრებას და მუდმივად უფლის წინაშე მყოფობას, რასაც თან ახლავს განსხვავებული ხარისხის გულის სითბო, მხურვალება, ყველა სხვა გულისწადილის განდევნა და მდაბალი და შემუსვრილი მინდობა მაცხოვრისადმი. დასაწყისისათვის რაც შეიძლება ხშირად უნდა ვიმეოროთ ეს ლოცვა მთელი გულისყურით. ხშირი განმეორება გონებას თავს მოუკრებს ღვთის წინაშე. ასეთი განწყობის შინაგან დამკვიდრებას თან ახლავს გულის სითბო და არა მარტო უბრალო, არამედ ვნებიანი გულისსიტყვების განდევნაც. როდესაც გულში ღვთისადმი მიზიდულობის ჩაუქრობელი ცეცხლი აინთება, მასთან ერთად გამეფდება გულის სიმშვიდე და გონებითი, შემუსვრილი, მორჩილი სასოება უფლისადმი. აი, აქამდე მიაღწევს ჩვენი შრომა ღვთის მადლის შემწეობით. რაც უფრო წარმატებულია ლოცვა, მით მეტია მადლის ზემოქმედება, მით მეტია ღვთის შემწეობა. წმიდა მამები მხოლოდ იმიტომ საუბრობენ ამის შესახებ, რომ მათ, ვინც განსაზღვრულ სიმაღლეს მიაღწიეს, არ იფიქრონ, სასურველი აღარაფერი დამრჩენიაო და, არ იოცნებოს, უკვე სულიერებისა და მლოცველობის მწვერვალზე ვიმყოფებიო.
მაშ ასე, თავდაპირველად რაც შეიძლება ხშირად იმეორე იესოს ლოცვა, ვიდრე მუდმივად მის წამოთქმას არ შეეჩვევი. გირჩევ, ასე მოიქცე:
1) შენს ლოცვით კანონში გარკვეული ადგილი დაუთმე იესოს ლოცვასაც. რამდენჯერმე წარმოთქვი იგი კანონის დაწყებამდე და დასრულების შემდეგაც. გულმოდგინება გამოიჩინე და ყოველი ლოცვის შემდეგ გაიმეორე იესოს ლოცვა, ისევე, როგორც წმიდა იოანიკე დიდი აკეთებდა, რომელიც ფსალმუნის ყოველი ტაეპის შემდეგ იმეორებდა: სასოეაბდ ჩემდა მამა, შესავედრებლად ჩემდა ძე, მფარველ ჩემდა სული წმიდა.
2) როგორ და რა ოდენობით წარმოთქვა იესოს ლოცვა, ეს თავად, ანდა სულიერი მოძღვრის რჩევით განსაზღვრე. დასაწყისში ბევრს ნუ ეცდები, ხოლო როდესაც ლოცვა გაგიტკბება, ცოტათი გაზარდე მისი რაოდენობა. თუ ლოცვის განმეორების სურვილი გაგიჩნდება, ასეც მოიქეცი, მაგრამ კანონად ნუ გაიხდი, მხოლოდ სურვილის შემთხვევაში გაიმეორე. და რამდენჯერად გული მოგთხოვს, იმდენჯერ დაემორჩილე.
3) სწრაფად ნუ მიაყოლებ ლოცვას ერთიმეორეს. ლოცვის სიტყევბი ზომიერი დაყოვნებით წარმოთქვი, ისე, როგორც ლაპარაკობენ მნიშვნელოვანი პიროვნების წინაშე, როდესაც რაიმე სთხოვენ. მაგრამ მხოლოდ სიტყვებზე ნუ იზრუნებ, მეტწილად შეეცადე, გონება გულში, უფლის წინაშე მყოფობდეს, ილოცე ღვთის დიდებულების, მადლმოსილებისა და სამართლიანობის სრული შეგნებით.
4) თუ საშუალება გაქვს, შეისვენე ლოცვებს შორის, შეჩერდი და რამდენჯერმე წარმოთქვი იესოს ლოცვა. ხოლო თუ ამას ვერ შეძლებ, მაშინ შინაგანად იმეორე ეს ლოცვა, ყველგან და ყოველთვის, რაიმეს კეთებისას თუ საუბრისას.
5) ლოცვა წარმოთქვი კანონის შესრულებისას ან მის გარეშე. მიიღე ლოცვითი მდგომარეობა და ყოველი ლოცვის წარმოთქმისას ქედი მოიდრიკე - ათჯერ წელამდე, შემდეგ მიწამდე, ვიდრე დაასრულებდე. ალბათ, გსმენია ან წაგიკითხავს, რომ წმიდა მამები საკუთარ ლოცვით კანონს უთვალავი მუხლმოდრეკით აღასრულებდნენ. ერთ-ერთი მათგანი ამბობს: საკმარისი არაა ლოცვა, თუ ადამიანი სხეულსაც არ გარჯის მუხლმოდრეკით. თუ შეძლებისდაგვარად შენც ასე მოიქცევი, მალე შეამჩნევ, როგორ დადებითად მოქმედებს ეს ღვაწლი იესოს ლოცვის დაუფლებაზე.
6) სხვა სწავლანი, მითითებები და გაფრთხილებები იესოს ლოცვის შესახებ შეგიძლია ფილოკალიის კრებულში, სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის, გრიგოლ სინელის, ნიკიფორე მონაზონის, ეგნატესა და კალისტეს შრომებში წაიკითხო. შინაგანი ლოცვის შესახებ ვინც კი წერს, ყველა წმიდა მამის რჩევა შეიძლება გამოგადგეს იესოს ლოცვის შესწავლისას. მათ გაკვეთილებში შეხვდები მითითებებს, თუ როგორ უნდა იჯდე, როგორ გეჭიროს თავი და როგორ ისუნთქო, ეს ხერხები, როგორც წმიდა ეგნატე და კალისტე ამბობენ, მხოლოდ გარეგნული საშუალებებია, რომლებიც ყოველთვის აუცილებელი არაა და არც ყველას გამოადგება. შენთვის მთავარია, გულში ყურადღებამოკრებილი ღვთის წინაშე იდგე და სიმდაბლითა და მოწიწებით წარმოთქვამდე იესოს ლოცვას; მუხლს იდრეკდე, როდესაც კანონს ასრულებ, ხოლო თუ საქმიანობ, შინაგანად მიეახლებოდე უფალს.
7) გახსოვდეს, ყურადღება გულში უნდა მოიკრიბო, მკერდის შიგნით; როგორც წმიდა მამები ამბობენ, მარცხენა მკერდის ოდნავ ზემოთ, და იქ იმეორო იესოს ლოცვა. როდესაც დაძაბულობისაგან გული შეგეკუმშება, ისე მოიქეცი, როგორც ნიკიფორე ბერი გვირჩევს: ყურადღება და ლოცვა იმ ადგილიდან სხვაგან გადაანაცვლე, სადაც, ჩვეულებრივ, საკუთარ თავს ვესაუბრებით - მკერდს ზემოთ, ხორხის ქვეშ. შემდეგ კვლავ მარცხენა მკერდის არეს დაუბრუნდი. ნუ ითაკილებ ამ რჩევას, რაც უნდა უბრალო და ნაკლებსულიერი გეჩვენოს.
8) წმიდა მამები ბევრს გვაფრთხილებენ. მათ არასწორი მოქმედების შედეგად დიდი გამოცდილება შეიძინეს. შეცდომებს რომ თავი აარიდო, სულიერ მოძღვარს ან თანამოაზრეს ჰკითხე რჩევა და შენი ღვაწლის შესახებ ყველაფერი გაუმხილე. ყოველთვის უდიდესი უბრალოებით, მორჩილებითა და სიმდაბლით იმოქმედე და წარმატებას საკუთარ თავს ნუ მიაწერ. იცოდე, ნამდვილი წარმატება შიგნიდან მოდის, შეუმჩნევლად, სწორედ ისე, როგორც სხეული იზრდება. როდესაც შიგნით დაიბადება შეძახილი: აი, ისიც, წარმატება! - იცოდე, მტრის შეძახილია და სიცრუეს სინამდვილედ გაჩვენებს. ეს ხიბლის დასაწყისია. მყის ჩაახშე იგი. სხვაგვარად ის საყვირივით აყვირდება და შენს თავზე დიდ წარმოდგენას უფრო გაგიძლიერებს.
9) ნუ განსაზღვრავ დროს, რომელიც იესოს ლოცვაში წარსამატებლადაა საჭირო. მხოლოდ განუწყვეტლივ იშრომე. თვეები და წლები გავა, ვიდრე წარმატების სუსტ ჩანასახს იხილავდე. ერთ-ერთი ათონელი მამა ამბობდა, რომ მხოლოდ ორი წლის შრომის შემდეგ იგრძნო გულში სითბო. სხვას რვა თვის შემდეგ ეწვია ასეთი მდგომარეობა. ამას ყველა საკუთარი ძალებისა და საქმისადმი გულმოდგინების მიხედვით განიცდის.