† წმიდა ნიკოდიმოს ათონელი

უხილავი ბრძოლა
ნაწილი პირველი

თავი 40
უნდა გიყვარდეს სათნოეების მოპოვების
განსაკუთრებით გართულებული შემთხვევები

საყვარელო, არ უნდა გაექცე მას, რაც შეიძლება სათნოების მოხვეჭის საბაბი გახდეს. პირიქით, ჯეროვანი პატივითა და სიხარულით მიიღე შემთხვევები, რომლებიც შენს გულს არ სიამოვნებს და არც თანაგრძნობას აღგიძრავს. გარწმუნებ, ღვთის შემწეობით ასე მოიქცევი, თუ გონებაში აღიბეჭდავ:

1) უნდა შეიგნო, რომ შემთხვევა, რომელიც მოგეცა, ყველაზე მეტად სასარგებლოა შენთვის სათნოების მოსახვეჭად და შენი ლოცვის შედეგად ღვთისგანაა ბოძებული, როდესაც სათნოება ისურვე, რა თქმა უნდა, ილოცე კიდეც, რომ უფალი შეგწეოდა. ალბათ, ის ხერხები და საშუალებებიც გამოითხოვე ლოცვით, რომლებიც ამ სათნოების მოსახვეჭადაა საჭირო. მაგრამ გაჭირვების გარეშე უფალი მოთმინებას არ მოგანიჭებს, და არც სიმდაბლეს მოგცემს დამცირებისა და უპატიობის დამამდაბლებელი შემთხვევების გარეშე. ამიტომ მას შემდეგ, რაც ამ სათნოებების შესახებ ილოცე, უფალმაც შესაფერისი შემთხვევა გამოგიგზავნა. ახლა კი რას აკეთებ, როდესაც ზურგს აქცევ და გარბიხარ? - ღვთის შემწეობას უარყოფ, რაზედაც ლოცულობდი, და არად აგდებ მის საჩუქარს.

ასე რომ, ეცადე, ხალისით შეხვდე ყველა შემთხვევას, რაც სათნოებების მოპოვებისას გეწვევა და მით მეტი ხალისით, რაც მეტ სიძნელეს შეგამთხვევენ. ამ დროს ჩვენი სათნო ქმედებები მეტ სიმამაცესა და ზნეობრივ ძლიერებას ამჟღავნებენ ხოლმე. მათი მეშვეობით კი მნიშვნელოვნად მივიწევთ წინ სათნოებების მოხვეჭის გზაზე, რაც უნდა იყოს კიდეც ჩვენი უმთავრესი მიზანი.

როდესაც მოგიწოდებ, რომ სათნოებების მოსახვეჭად განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შემთხვევები გამოიყენო, სულაც არ ნიშნავს, რომ უმნიშვნელოთ გულგრილად აუქციო გვერდი და არაფრად ჩააგდო. არა, აუცილებელია, ერთითაც და მეორითაც მუდმივად ისარგებლო, რათა მუდმივად სათნო ღვაწლში იმყოფებოდე. მაგალითად, უნდა დაითმინო არა მარტო ლანძღვა-გინება და ფიზიკური შეურაცხყოფა, არამედ ალმაცერი მზერა და გესლიანი სიტყვა. ჩვენი ღირსეული ქცევა ასეთ უმნიშვნელო შემთხვევებში თანდათანობით გვიძლიერებს მორალურ ძალას და ამით მნიშვნელოვან ბრძოლაში განგვამტკიცებს. თუ უმნიშვნელო შემთხვევებს ყურად არ ვიღებთ, საკუთარ ზნეობრივ ძალას ვასუსტებთ და შემდგომ მნიშვნელოვან საქმეებშიც უნარს ვუკარგავთ.

2) განიმტკიცე რწმენა, რომ რაც ჩვენს თავს ხდება, ღვთის ნებით და ჩვენთვის სასარგებლოდ ხდება და შესაბამის სულიერ ნაყოფსაც მოგვცემს. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ საკუთარი და სხვათა ცოდვებიც ღვთის განგებულების ნაყოფია. მაგრამ მაინც ღვთისგან დაიშვება ჩვენთვის ჭკუის სასწავლად და დასამდაბლებლად. რაც შეეხება გაჭირვებასა თუ ტანჯვას, ჩვენი დანაშაულით ან სხვათა გაბოროტიებით მოვლენილს, ღმერთი თავად გვიგზავნის, რათა ტანჯვისა და დათმენის გზით სათნოება მოვიხვეჭოთ. სათნოებას კი აუცილელად მოვიპოვებთ, თუ ყოველივეს ღირსეულად დავითმენთ. უფალი ჩვენთვის უხილავად, თუმცა უეჭველად სამართლიანად და მადლიანად განსჯის.

როცა დარწმუნებული იქნები, რომ თავად ღმერთს სურს, შენი არასწორი ქმედებებით თავსდატეხილი თუ სხვათა ბოროტებით გამოწვეული გაჭირვება და სიძნელეები დაითმინო, არც იმას იფიქრებ და იტყვი, რასაც მავანი ამბობს: არა, ეს ღვთისგან არაა, ეს უსამართლობა და ბოროტებაა. ღმერთს კი არ სურს ბოროტება და ზიზღით იბრუნებს პირს უკეთურების მქმნელთაგან. ამით მათ საკუთარი მოუთმენლობის, მრისხანებისა და შურისმაძიებლობის გამართლება სურთ, როდესაც ცილისწამება შეხვდებათ. მაგრამ მხოლოდ ღვთის განგებულებას ეწინააღმდეგებიან და ცდილობენ მოიშორონ მაცხოვნებელი ჯვარი, რომელიც უფალმა მათთვისვე სასიკეთოდ დაადო და რომლის დიდსულოვანი ტვირთვითაც შეეძლოთ უეჭველად სათნოყოფოდნენ უფალს. და რა გამოდის? ჯვარს ვერ იშორებენ, უფალს შეურაცხყოფენ და სიმშვიდესაც ვერ პოულობენ. პირიქით, ჭმუნვას თან მღელვარებას და უსარგებლო გაღიზიანებას ურთავენ და აუტანელ მდგომარეობაში იგდებენ თავს. არადა, დიდსულოვნად რომ დაეთმინათ ყოველივე, მშვიდადაც იქნებოდნენ, ღვთის წყალობასაც მოიპოვებდნენ და სულიერ ნაყოფსაც იგემებდნენ. ეს გაკვეთილი იყოს შენთვის. ცილისწამების, შეურაცხყოფისა და წყენისას ყურადღებას ნუ მიაქცევ იმას, თუ რამდენად არასწორნი არიან ისინი, ვინც ასეთი ტკივილი მოგაყენა, მხოლოდ იმაზე გაამახვილე გულისყური, რომ ღმერთმა შენს საკეთილდღეოდ დაუშვა ეს შემთხვევა და თუ მოუთმენლობას, გაღიზიანებას და ურჩობას გამოავლენ, საკუთარ თავს ამ სიკეთეს მოაკლებ. და ნუ გამოეძიებ, მაინცდამაინც შენზე რატომ დაუშვა ეს ღმერთმა. ხომ გჯერა, რომ უფალი მუდამ სამართლიანი და მოსიყვარულეა? გჯეროდეს, რომ ახლაც სამართალსა და წყალობას ამჟღავნებს შენს მიმართ, თუმცა ვერ ხედავ. გაიხსენე უფლის მადლი მათდამი ვინც ასე იქცევა: ნეტარ არიან ისინი, ვისაც არ ვუხილავარ და მაინც მიწამეს (იოან. 20,29).

ხომ გჯერა, რომ პირადად შენ გიხმობს უფალი: აღიღე ჯვარი შენი? - თუ გწამს, ასევე მოიქეცი. ამჟამინდელი გასაჭირიც უფლის მიერ შენზედ ჯვრის დადებაა. ნუ იტყვი: ძალზედ მძიმეაო. ღმერთმა უკეთ უწყის შენი ძალა და შესაძლებლობა. ზოგს უფალი უსიამოვნებებსა და გაჭირვებას უგზავნის, რაც ადამიანებზე კი არა, მოვლენათა მდინარებაზეა დამოკიდებული ამის გადატანა ადვილია. სხვებს - ისეთ შემთხვევებს, ადამიანთაგან რომ მომდინარეობს. ეს უფრო მძიმეა, განსაკუთრებით მაშინ, თუ მოყენებული ტკივილი არ შეგვიძლია არაწინასწარგანზრახულად ვაღიაროთ და უფრო მეტად მაშინ, თუ ეს ადამიანები ჩვენგან როგორღაც პატივდებულნი და კეთილყოფილნი არიან. უკანასკნელი შემთხვევა ყველაზე მძიმეა. თუ უფალმა ასეთი განსაცდელი მოგივლინა, იცოდე, ყველაზე სასარგებლოა შენთვის და ასეთი ფიქრით გამხნევდი: ღმერთი ხედავს, რომ ძალგიძს ამის გადატანა და ელის, რომ ნამდვილად დიდსულოვნად, უდრტვინველად დაითმენ. ნუ განიშორებ ღვთის სასოებას.

ერთსაც დავუმატებ: ღმერთს სურს, მეტწილად ადამიანების და განსაკუთრებით, ჩვენგან დავალებული ადამიანების არაკეთილგანწყობიდან მომდინარე გასაჭირი დავითმინოთ, ვიდრე არასასურველ გარემოებათაგან გამოწვეული შემთხვევები. რატომ? იმიტომ რომ ჩვენთვის დამახასიათებელი სიამაყე პირველის მეშვეობით უფრო წარმატებით ითრგუნება და ამოიძირკვება. და კიდევ იმიტომ, რომ თუ ჩვენს სულიერ ქმედებაში ღვთის ნებისადმი მორჩილებაა უმთავრესი, მაშინ ისე ვერასოდეს აღვძრავთ საკუთარ თავში და ვერსად გამოვავლენთ მას, როგორც ღვთისადმი უზომო მადლიერებითა და უსიამოვნებების დიდსულოვნად დათმენით, უფალი მათი სახით ჭეშმარიტად უდიდეს მადლს გვიგზავნის. და თუ დავითმენთ, ეს იქნება მოწმობა იმისა, რომ სრულიად მინდობილნი ვართ ღვთის ნებას და მხურვალე მოშურნეობით ვართ აღვსილნი.

ასეთი განწყობები წინ უსწრებს ხოლმე მოულოდნელობებს: უფალი ხედავს ამ განწყობის ჩანასახს და მისი გაძლიერება და განმტკიცება სურს. ამიტომ გვიგზავნის განსაცდელს, რომლის დიდსულოვნად, ხალისითა და სიხარულით მიღებასა და დათმენას ნამდვილად კეთილი სულიერი ნაყოფი მოაქვს. რადგან ვიცით და გვსურს და ვეძიებთ ამას, უნდა მივიღოთ კიდეც ღვთისგან ასეთი სასმისი. მოვხუჭოთ მეძიებლობის თვალი და ღვთის მტკიცე რწმენით, ჩვენდამი მისი სიყვარულითა და სულიერი წარმატების იმედითა და სიხარულით გამოვცალოთ ეს სასმისი და მით მეტი ნეტარებით, რაც უფრო მწარე მოგვეჩვენება.