† წმიდა ნიკოდიმოს ათონელი

უხილავი ბრძოლა
ნაწილი პირველი

თავი 35
რამდენიმე სასარგებლო რჩევა ვნებების დასამარცხებლად და სათნოებების მოსახვეჭად

მართალია, უკვე საკმაოდ ვისაუბრეთ იმ საშუალებათა შესახებ, რომლებიც ვნებების გადასალახად და სათნოებების მოსახვეჭადაა აუცილებელი, მაინც კიდევ რამდენიმე დარიგებაა საჭირო.

ა) სათნოებების მოხვეჭის გზაზე ნურასოდეს მიბაძავ იმათ მაგალითს, ვინც საკუთარ სულიერ მოღვაწეობას კვირის შვიდი დღის მიხედვით ანაწილებს: ერთ დღეს ერთ სათნოებას უთმობს, მეორე დღეს - სხვას და ა.შ. ამავე დროს სრულიად არ აინტერესებს, საჭიროა თუ არა მისთვის ან ერთი ან მეორე. არ გირჩევ ასეთ მოქმედებას, განსაკუთრებით იმ ვნების წინააღმდეგ შეიარაღდი, რომელიც ყველაზე მეტად გებრძვის, უამრავჯერ დაგამარცხა და კვლავ აპირებს თავდასხმას. შეიარაღდი და ეცადე, რაც შეგიძლია განმტკიცდე მის საპირისპირო სათნოებაში. საამისოდ ყველანაირი ქმედება და გმირობა გამოიყენე. რაც უფრო სწრაფად წარემატები ამაში, მით უფრო გააღვივებ შენში სხვა დანარჩენ სათნოებებს და მათით შეიმოსები, როგორც ჯავშანით, რომელიც ვნებების ისრებისგან დაგიცავს. ჩვენი გული ბუნებრივად კეთილი განწყობებითაა სავსე, მაგრამ ვნებები ძალმომრეობენ და ახშობენ მათ. ეს ვნებები სხვადასხვაგვარია: ერთში ერთი სჭარბობს, მეორეში სხვა და ეს ძირითადი ვნება მართავს დანარჩენებს. როგორც კი მთავარს დაამარცხებ, სხვებიც შესუსტდებიან და განგეშორებიან. განთავისუფლებული კეთილი განწყობები კი სრული ძალმოსილებით შეიმოსებიან, მზად იქნებიან უდარაჯონ შენი გულის კარიბჭეს და საჭიროებისამებრ მოგემსახურონ.

2) სათნოებების მოსახვეჭად განსაზღვრულ დროს ნუ დანიშნავ: ნურც დღეებს, კვირეებს, თვეებსა თუ წლებს. ნუ ეტყვი საკუთარ თავს: „ვიშრომებ, იქ კი შევისვენებ, რათა კვლავ გავაგრძელო შრომა“. არა, ამ საქმეში დასვენება არ გამოდგება. წმიდა პავლე მოციქულის მსგავსად, რომელიც ამბობს: ისე როდი გავრბივარ, თითქოს არ ვიცოდე, - მიველტვი მიზანს (1კორ. 9,26; ფილ. 3,12), - მუდმივი შრომის, ღვაწლისა და ბრძოლისათვის მოემზადე. სათნოებების მოხვეჭის გზაზე შესვენების მიზნით შეჩერება ახალი ძალების მოკრებას კი არა, შეძენილის დაკარგვას და დასუსტებას ნიშნავს. ეს კი იგივეა, უკან დაბრუნდე ან შრომით აშენებული კვლავ დაანგრიო. შეჩერებაში ოცნებას ვგულისხმობ, როდესაც გვგონია, თითქოს სათნოება უკვე მოვიხვეჭეთ, სრულყოფილებას მივაღწიეთ და ყურადღებას აღარ ვაქცევთ ნაკლოვანებებს და ხელიდან ვუშვებთ სიკეთის კეთების შემთხვევებს. ეცადე, მუდამ მხნე და მუყაითი იყო. თვალს ნუ დახუჭავ და პირს ნუ იბრუნებ, როდესაც ასეთი შემთხვევა მოგეცემა. პირიქით, მისკენ ისწრაფე და სიყვარულით შეხვდი. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სიკეთის გასაკეთებლად გარკვეული სიძნელეები გელოდება. სიკეთის გზაზე დაბრკოლებათა გადასალახად ძალთა დაძაბვით ჩვენში სათნო ჩვევა დამკვიდრდება და გულში ღრმად გაიდგამს ფესვს. ოღონდ ყოველნაირად ერიდე ისეთ შემთხვევებს, უბიწოების გამოვლენის საბაბით ავხორცობით აღგზნების საშიშროებას რომ გიქმნიან. არ მოუშვა ეს ცეცხლი შენი სხეულის ნაწილებამდე, რათა არ დაიწვა.

3) სიბრძნე და გონიერება გამოიჩინე ხორციელი ღვაწლის - მარხვის, მღვიძარების, შრომის ტვირთვისას. ისინი აუცილებელია და მათ გარეშე სულიერ ცხოვრებაში წარმატებაზე ოცნებაც არ ღირს, მაგრამ ეცადე, აქაც ზომიერი იყო. ზომიერება შუალედია ხორცის მაამებლობასა და არასაჭიროებისამებრ მის უწყალო გამოფიტვას შორის. ეს შუალედი საქმითა და გამოცდილებით ეძიე და არა თეორიით. ამ საქმეში წესად გქონდეს თანმიმდევრობა, თანაც ქვემოდან ზემოთ. ეძიე და ჰპოვებ. რაც შეეხება შინაგან, სულიერ სათნოებებს: ღვთის სიყვარულს, ამა სოფლის მოძულებას, თვითდამდაბლებას, ვნებებისა და ცოდვებისგან განდგომას, მოთმინებასა და თვინიერებას, ყველასადმი - შენი მოძულეებისა და მაჭირვებლების ჩათვლით - კეთილგანწყობას და ა.შ. აქ რაიმე განსაზღვრული ზომა არ მოგეთხოვება. მათი სრულყოფა შინაგანად თავისთავად მოწესრიგდება. შენ გევალება, შეუსვენებლად და დაუღალავად აიძულო თავი ნებისმიერი ასეთი სახის ქმედებაზე და ყოველგვარი გადადებისა და ზოზინის გარეშე იმოქმედო. ამაშია მთელი სიბრძნე და ძალა.

4) ასეთი ღვაწლისას ბოლომდე გაიაზრე, მთელი ძალით ისურვე და მთელი გულით ეძიე იმ ვნებებზე გამარჯვება, რომელსაც ებრძვი და რომელიც იმჟამად გებრძვის. ეცადე, მის მაგივრად საპირისპირო სათნოება დაამკვიდრო, მრომელიც იმჟამად ვნებითაა დაძლეული. დაე, ეს შენთვის უმთავრეს და სანუკვარ მიზანს წარმოადგენდეს. გწამდეს, რომ მხოლოდ მისით შეძლებ ღირსეულად სათნოეყო ღმერთს. ჭამ თუ მარხულობ, შრომობ თუ ისვენებ, გძინავს თუ ფხიზლობ, სახლში ხარ თუ გარეთ, ლოცულობ თუ ყოფითი საქმითა ხარ დაკავებული, მუდმივად მზად იყავი იმისთვის, რომ აღძრული ვნება გადალახო და მისგან დათრგუნული სათნოება აღადგინო. ძირითადი ვნების დამარცხებაზე უკვე ვისაუბრეთ, ამჯერად კი იმ ვნებას ვგულისხმობ, რომელიც მოცემულ მომენტში გებრძვის - მთავარი იქნება თუ არამთავარი. როგორაც ხილულ ბრძოლაში, ხან მთავარსარდლის რაზმს ებრძვი, ხან კი უბრალო ოფიცრისას, უხილავ ბრძოლაშიც ასევეა: ყოველთვის მთავარი ვნება როდი გებრძვის. ზოგჯერ ის თავის მაგივრად დამხმარეებს აგზავნის, რომლებთანაც უმეტესწილად გიწევს შერკინება. მაგრამ მათ დასამარცხებლადაც არანაკლები ძალისხმევაა საჭირო.

5) დაუძინებელი მტერი იყავი ყოველგვარი მიწიერი სიამისა და გრძნობადი სიამოვნებისა, რომელთა მშობელიც თავმოთნეობაა. თუ ამას შეძლებ, იშვიათად დაგესხმიან თავს არა მხოლოდ ხორციელი, სხვა ვნებებიც. თავმოთნეობა ყოველგვარი ვნების საფუძველია. მისი მოკვთითა და მოშთობით ვნებები ნიადაგს, ძალასა და გამძლეობას კარგავენ. ნუ გაცდუნებს გულისსიტყვა: მხოლოდ ერთხელ დავტკბები, ერთხელ ვისიამოვნებ. თუნდაც ეს არ იყოს რაიმე ცოდვა, როგორც კი მოისუსტებ და თავმოთნეობას დანებდები მაშინვე ყველა ვნება მატლივით წამოყოფს თავს და საეჭვოა, ამ დაუნდობელ ბრძოლაში გაიმარჯვო. ნურასოდეს დაივიწყებ წმიდა წერილის სიტყვებს: ვისაც თავისი სული უყვარს (სწორედ ისაა თავმოთნე), დაღუპავს მას; და ვისაც თავისი სული სძულს ამ ქვეყნად (ვინც არ ემონება თვითმაამებლობას), საუკუნო სიცოცხლისთვის შეინახავს მას (იოან. 12,25). ამრიგად, ძმანო, ხორცის მოვალენი როდი ვართ, რომ ხორცისამებრ ვიცხოვროთ, რადგანაც თუ ხორცისამებრ ცხოვრობთ, სიკვდილი გელით, ხოლო თუ სულით მოაკვდინებთ სხეულის საქმეს, ცოცხალნი იქნებით (რომ. 8, 12-13).

6) და უკანასკნელი რჩევა: ყველაზე მეტად სულისთვის სასარგებლო და, უკეთ რომ ვთქვათ, შენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია საფუძვლიანი აღსარება. აღიარება ჯეროვანი ყურადღებითა და საამისოდ საჭირო ქმედებებით - განსჯითა და გადაწყვეტილებებით, რათა ამის შემდეგ სული აგევსოს სრული რწმენით, რომ ღვთის მადლით დგახარ, მისით, ვინც ყოველგვარი სულიერი ნიჭის, სათნოებისა და ძლევის მომნიჭებელია.