როდესაც საკუთარი უძლურების ან უზნეობის გამო ცოდვით დაეცემი და დაჭრილი ხარ (ვგულისმხმობთ საპატიებელ ცოდვებს: შეუფერებელი სიტყვის წამოცდენა, გაბრაზება, გონებაში ცუდი აზრის გაელვება, უჯერო სურვილის აღძვრა და სხვ.), ნუ იქნები სულმოკლე და ნუ აფორიაქდები. ნუ გაამახვილებ ყურადღებას საკუთარ თავზე და ნუ იტყვი: როგორ მოვითმინე ეს, როგორ დავუშვი?! - ეს საკუთარ თავზე ამაყი წარმოდგენის ამოძახილია. პირიქით, დამდაბლდი და უფალს მინდობილმა მთელი გრძნობით წარმოთქვი: „მეტს რას უნდა ელოდო ჩემგან, უფალო, ასეთი უძლურისა და უზნეოსაგან“. და მაშინვე მადლობა შესწირე ღმერთს, რომ ამჯერად ამით დასრულდა შენი დაცემა. აღიარე: „რომ არა შენი უსაზღვრო სახიერება, უფალო, ალბათ, არ შევჩერდებოდი და უარეს ცოდვაში ჩავეფლობოდი“.
თუმცა ასეთი გრძნობისა და განცდისას იფრთხილე და უზრუნველობა და მაამებლობა არ შემოგეპაროს, რომ რადგან ასეთი ხარ, უფლებაც გაქვს, რაიმე შეუფერებელი ჩაიდინო. მიუხედავად შენი უძლურებისა და უზნეობისა, ყოველივე შეუფერებელი, რასაც აკეთებ, დანაშაულად გეთვლება. რადგან საკუთარი ნება გაგაჩნია, ყველაფერი, რაც შენგან მომდინარეობს, შენივე ნებელობით ხდება და, როგორც სიკეთეს იწონებ, ასევე სიავე შეიძაგე. ამიტომ, როდესაც საკუთარ უკეთურებას შეიცნობ, დანაშაულიც აღიარე. განსაჯე და დაამუნათე თავი, მხოლოდ საკუთარი თავი. სხვაგან ნუ დაუწყებ დამნაშავეს ძებნას. არც გარშემომყოფნი, არ მოვლენათა მიმდინარეობა არაა დამნაშავე შენს ცოდვაში. დამნაშავე მხოლოდ შენი ბოროტი ნებაა, ამიტომ საკუთარი თავი დაამუნათე.
მაგრამ ნურც მათ დაემსგავსები, ვინც ამბობს: დიახ, მე ჩავიდინე ეს, მერედა რა? - არა გაცნობიერებისა და საკუთარი თავის დამუნათების შემდეგ ღვთაებრივი სიმართლის წინაშე უნდა წარდგე. იჩქარე, რომ სინანულმა გაიღვიძოს, გაიღვიძოს გულშმუსვრილებისა და ტკივილის განცდამ, არა ცოდვით საკუთარი თავის დამცირების, არამედ ამ ცოდვით ღვთის შეურაცხყოფის გამო. უფალმა ამხელა სახიერება გამოიჩინა, სინანულისკენ მოგიწოდა, ძველი ცოდვები შეგინდო, ღვთაებრივ საიდუმლოთა მადლს მიგაახლა, ჭეშმარიტი გზა გიჩვენა და თავადვე მიგიძღვის ამ გზაზე.
რაც უფრო ღრმაა გულშემუსვრილება, მით უკეთესი. მაგრამ რაც უნდა ძლიერი იყოს ეს გრძნობა, შეწყალების იმედი არ გადაიწურო. შეწყალება აქვეა, მთელი ცოდვები ჯვარზეა გამოსყიდული. უფალი მხოლოდ თითოეულის სინანულს ელის, რათა მათაც მთელი მსოფლიოს ცოდვების ჯვრით აღხოცვის ძალა მიანიჭოს. ასეთი სასოებით, სულითა და ხორცით დაემხე და შეჰღაღადე: შემიწყალე უფალო, შენი უდიდესი სახიერების გამო, - და ნუ შეწყვეტ ღაღადს, ვიდრე თავს შენდობილ დამნაშავედ არ იგრძნობ და, ვიდრე წყალობა და დანაშაული ერთ გრძნობად არ შეერთდება.
ეს მადლი ბოლოს ყველა მონანულზე გადმოდის. მაგრამ მას თან უნდა ახლდეს აღთქმის განმტკიცებული გადაწყვეტილება, რომ არ ვუშღავათებთ და დავიცავთ თავს არა მარტო დიდი, მცირე ცოდვებისგანაც. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ღვთის წინაშე გულმოდგინე ლოცვა, რათა მადლი და შემწეობა მოგვანიჭოს. როდესაც საკუთარი ძალების ამგვარ არასაიმედოობას გამოცდი, თავისთავად წამოვა გულიდან ამოძახილი: გული წმიდა დაბადე ჩემთანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქვეყანასა წრფელსა.
ყოველივე ეს - თვითგანსჯა, შემუსვრილება, შეწყალებისათვის მსასოებელი ლოცვა, გამამხნევებელი გადაწყვეტილება მომავალში სიფხიზლის შესახებ და მადლის მიერი შემწეობის გამოთხოვა - მუდმივად უნდა გიტრიალებდეს შინაგანად, როდესაც თვალით, სმენით, ენით, აზრით, გრძნობით შესცოდავ. ყოველწამიერად გულწრფელი სინანულით მოინანიე ღვთის წინაშე და გულში უღიარებელი ცოდვის ნასახიც არ დაიტოვო. თუ ისევ დაეცემი, იგივე მოიმოქმედე და, თუნდაც უამრავჯერ შესცოდო, ამდენჯერვე განიწმინდე სული ღვთის წინაშე. თუ შესაძლებლობა გაქვს, საღამოს ყველაფერი სულიერ მოძღვარს მოუყევი. ხოლო თუ იმავე საღამოს ვერ შეძლებ, მაშინ, როდესაც შემთხვევა მოგეცემა. სულიერი მოძღვრის წინაშე ასეთი აღსარება და გულის გადაშლა ჩვენს ბრძოლაში ყველაზე სასიკეთოა.
არაფერი ისე არ აფრთხობს მტერს და არ განაქარვებს მის მზაკვრობას, როგორც ასეთი ქმედება. სწორედ ამიტომ ის გარეგნულ და შინაგან წინააღმდეგობებს აძლიერებს - შინაგანად აზრებისა და გრძნობების, გარეგნულად სხვადასხვა შემთხვევისა და შეხვედრის მეშვეობით. როდესაც ბრძოლაში ჩაებმები, ამ დაბრკოლებებს თავადვე იხილავ. მხოლოდ ერთს შეგახსენებ: მტერი დაჟინებით ცდილობს ჩაგაგონოს, რომ მაშინვე, შეცოდებისთანავე კი არ განიწმინდო შინაგანად, სულ ცოტათი მოიცადო. არა ერთი დღე ან ერთი საათი, არამედ - სულ ცოტა. მაგრამ როგორც კი ამ აზრს დაეთანხმები, იქვეა ჩასაფრებული მეორე ცოდვა; ენით შეცოდებას თვალით ან გრძნობის სხვა ორგანოთი შეცოდება მოჰყვება და შენდაუნებურად გადადებ მისგან განწმენდას, რადგან ჯერ წინა შეცოდებაა ჩამოსარეცხი. ასე გაგრძელდებ მთელ დღეს და, ცოდვებით აგევსება სული. საღამოს კი, როდესაც სინანულით განწმენდას მოისურვებ, სულში უამრავი დაცემისგან გამოწვეული ფორიაქის, ხმაურისა და უკუნის გარდა ვერაფერს შეამჩნევ. სული მტვრით ამოვსებულ ან ჭუჭყისგან ამღვრეულ წყალს დაემსგავსება. ვერაფერს გაარჩევ და საერთოდაც შეწყვეტ სინანულს, სულიც კვლავ მშფოთვარე და დაბინდული დარჩება. ამის გამო საღამოს ლოცვაც დაუდევრად ჩაივლის და ცუდი სიზმრებიც შეგაწუხებს. ამიტომ წამითაც არასოდეს გადადო შინაგანი განწმენდა, როგორც კი საკუთარ თავს რაიმე უკეთურებას შეამჩნევ.
მეორე, რასაც მტერი ჩაგვაგონებს, ისაა, რომ ამ შემთხვევის შესახებ არაფერი გავუმხილოთ სულიერ მოძღვარს. არ მოუსმინო ასეთ აზრებს, პირიქით, ყველაფერი აღიარე. რამდენადაც დიდია ასეთი გამხელის სიკეთე, იმდენად და უფრო მეტადაც ძლიერია ზიანი დამალვის გამო. ხოლო ის, რაც დავფარეთ, ჩვენში რჩება და მუდმივად თან გვდევს.