როდესაც გულის სიმშვიდეს დაკარგავს, ყველა ქრისტიანის გადაუდებელი ვალია, ყველა ხერხი იღონოს მის აღსადგენად. არასოდეს დაუშვას, რომ მიმდინარე ცხოვრების ყოფითმა მოვლენებმა აამღვრიონ ეს სიმშვიდე. ჩვეულებრივ, ესენია: ავადმყოფობები, ახლობელთა გარდაცვალება, ომები, ხანძრები, მოულოდნელი სიხარული, შიში და მწუხარება, წარსულის შეცდომათა და ქმედებათა გახსენება, ერთი სიტყვით, ყველაფერი, რაც აღელვებს და წუხილს ჰგვრის გულს. ამ დროს არ უნდა აღელდე, რადგან აღელვებული ადამიანი საკუთარ თავს ვეღარ ფლობს და მოვლენების ნათლად ხედვისა და შესაბამისი ქმედებების უნარს ჰკარგავს. ეს კი მტერს შესაძლებლობას აძლევს, უფრო მეტად ააღელვოს იგი და რაიმე გამოუსწორებელი, ან და ძნელად გამოსასწორებელი ნაბიჯი გადაადგმევინოს.
იმის თქმა კი არ მსურს, მწუხარებები არ დაუშვა-მეთქი, ეს ჩვენს ხელთ არცაა. ნუ მისცემ საშუალებას მწუხარებას, შენს გულს დაეუფლოს და ააფორიაქოს. ეცადე, გულს გარეთ შეაჩერო იგი და იმდენად მოარბილო და მოათვინიერო, რომ ჯანსაღი განსჯა და სამართლიანი მოქმედება დაგანებოს. ღვთის შეწევნით ეს ხელგვეწიფება, თუ ჩვენში ზნეობრივ-რელიგიური გრძნობა და განწყობა შესუსტებული არ არის.
მწუხარებათაგან ყველა თავისებურია და მათ საწინააღმდეგოდაც სხვადასხვა ხერხის გამოყენებაა საჭირო. ამჯერად მათ ზოგად თვისებაზე მოგახსენებ - შეაშფოთონ და ააღელვონ სული. ვეცდები ამ ზოგადის საწინაღმდეგო საშუალება შემოგთავაზო. ესაა რწმენა კეთილი განგებულებისა, რომელიც ჩვენს ცხოვრებას, მთელი თავისი შემთხვევითობებით, საკუთრივ ჩვენთვის კეთილად წარმართავს. ესაა ღვთის ნებისადმი დიდსულოვანი მორჩილება, რის გამოც სულის სიღრმიდან აღვავლენთ: იყავნ ნება შენი! დაე, ისე იყოს, როგორც უფალი ინებებს და ეს ჩვენდა სასიკეთოდ იქნება.
ამ სიკეთეს ადამიანები განსხვავებულად შეიცნობენ და შეიგრძნობენ. ზოგი აღიარებს, რომ ღვთის სახიერებას იგი სინანულისკენ მიჰყავს; მეორე გრძნობს, რომ საკუთარი ცოდვებისგან განსაწმენდად ატარებს საღვთო ეპიტიმიას; მესამე ფიქრობს, ალბათ, უფალი გამომცდის, წრფელად ვემსახურები თუ არა; მას, ვინც მწუხარე ადამიანს გვერდიდან აკვირდება, შეიძლება ჰგონია, რომ ეს ღვთისგანაა დაშვებული. მაგრამ ასეთი გადაწყვეტილება მხოლოდ მწუხარებათა დასრულებისა და ღვთის აშკარა და პირდაპირი შემწეობის შემდეგ ჩნდება ხოლმე. დამწუხრებული ადამიანის გულში მხოლოდ პირველი სამი გრძნობა შიძლება არსებობდეს. და სამივე ისეთი თვისებისა და ძალის მქონეა, რომელიც უნდა შევიდეს გულში, ნებისმიერი მათგანი ადვილად ჩააცხრობს წუხილის ტალღას და სიმშვიდეს დაამკვიდრებს.
აი, მწუხარეაბათა თავდასხმისგან გულის დასამშვიდებელი ზოგადი საშუალებაც: ყოველნაირად განიმტკიცე რწმენა ღვთის კეთილი განგებულების შესახებ და სულში ღვთის ნებისადმი მორჩილება გააცოცხლე. გული ასეთი აზრებით აღივსე და აიძულე შეიგრძნოს, რომ ამჟამინდელი მწუხარებით უფალი გამოგცდის, ან განსაწმენდად ეპიტიმიას გადებს, სინანულისკენ გიბიძგებს ზოგადად, ან უკვე დავიწყებული გამოუსწორებელი საქმის გამო. როგორც კი გული ასე განეწყობა, მწუხარება მაშინვე ჩაცხრება და საშუალებას მოგცემს, ამის კვალდაკვალ ორი დანარჩენი შეგრძნეაბც გაითავისო. სამივე ერთად კი გულს ისეთი სიმშვიდითა და კრძალვით აღგივსებს, რომ შეუძლებელი იქნება, არ აღმოთქვა: კურთხეულ იყოს სახელი უფლისა უკუნისამდე! ეს გრძნობები ისე ჩააცხრობენ გულის მწუხარებას, როგორც ღელვის დასასრულს ზღვაზე დიდებული მყუდროება დაისადგურებს ხოლმე.
ასე დააშოშმინე ხოლმე გული, რაც უნდა აღელვებული იყოს. თუ საკუთარ თავზე ხანგრძლივი შრომითა და სულიერი ღვაწლით გულში მსგავს გრძნობებს დაამკვიდრებ, ისე რომ, მათ აღავსონ იგი, მაშინ არანაირი მწუხარება აღარ შეგაშფოთებს. ასეთი განწყობა საგულდაგულოდ დაგიცავს მისგან. მაგრამ არ იფიქრო, რომ სევდა-წუხილი საერთოდ აღარ მოგეკარება, არა, შემოგიტევს, მაგრამ მაშინვე უკან დაიხევს, როგორც ზღვის ტალღები კლდოვანი ნაპირისგან.