† წმიდა ნიკოდიმოს ათონელი

უხილავი ბრძოლა
ნაწილი პირველი

თავი 25
როგორ ვმართოთ ენა

ყველაზე მეტად საჭიროა, ჯეროვნად ვმართოთ ჩვენი ენა და აღვირი ამოვდოთ მას. ენის მამოძრავებელი გულია. რითაც გულია სავსე, ენიდანაც ის წარმოდინდება. ენის მეშვეობით გამოხატული გულისმიერი გრძნობა გულში მკვიდრდება და მტკიცდება. ამიტომ ენა ერთ-ერთი შემოქმედი და ჩვენი ზნის ჩამომყალიბებელია.

კეთილი გრძნობები უხმოა. სიტყვის საშუალებით გამოხატვას ეგოისტური გრძნობები ესწრაფვიან, რათა გამოთქვან ის, რაც ჩვენს თავმოყვარეობას ესალბუნება და ჩვენი აზრით, საუკეთსო კუთხით წარმოგვაჩენს. მრავალსიტყვაობა, ხშირ შემთხვევაში, საკუთარ თავზე ამაყი წარმოდგენისგან მომდინარეობს. ამ დროს თავი ბევრისმცოდნენ გვგონია და ვფიქრობთ, რომ ჩვენი შეხედულება ყველაზე მეტად დამაკმაყოფილებელია; მოუთმენლობა გვტანჯავს, ვიდრე აზრს გამოვთქვამდეთ და ხანგრძლივი და მრავალჯერადი განმეორებით იგივე აზრს სხვათა გულებშიც დავამკვიდრებდეთ. ასე ვახვევთ სხვას საკუთარ თავს, როგორც არამკითხე მასწავლებელს და ხანდახან იმათ დამოწფებაზე ვოცნეობოთ, რომელთაც ბევრად მეტი იციან მასწავლებელზე.

ნათქვამი იმ შემთხვევებზეც ვრცელდება, როდესაც საუბრის საგანი მეტნაკლეაბდ საყურადღებოა. მრავალსიტყვაობა უმეტესწილად უქმადმეტყველებაა, სიტყვით ძნელია იმ ზიანის გამოხატვა, რაც ამ უკეთურ ჩვევას მოაქვს. და საერთოდ, მრავალსიტყვაობა სულის კარს აღებს, საიდანაც მაშინვე გამოდის კეთილკრძალული გულისმიერი სითბო. უფრო ხშირად აკეთებს ამას უქმადმეტყველება. მრავლისმეტყველება საკუთარი თავისგან განაგდებს ყურადღებას. ამ დროს გული დაუცველია და მასში ჩუმად შეიპარებიან ხოლმე ვნებიანი გრძნობები და სურვილები. და ზოგჯერ იმგვარი წარმატებითაც, რომ უქმადმეტყველების დასრულებისთანავე გულში არა მხოლოდ სურვილი, ვნებიანი ქმედების გადაწყვეტილებაც ჩნდება. უქმადმეტყველება განკითხვისა და ცილისწამების კარი, ცრუ ამბებისა და აზრების გამავრცელებელი, უთანხმოებისა და განხეთქილების მთესველია. ის აუფასურებს გონებრივ ღვაწლს და თითქმის ყოველთვის ფარავს საფუძვლიანი ცოდნის არქონას. როდესაც მრავალსიტყვაობის შემდეგ თვითკმაყოფილების ბურანი განქარდება, ყოველთვის ერთგვარი ნაღველისა და სიზანტის შეგრძნება რჩება. განა ეს არ მოწმობს, რომ სული, თუმცა უხალისოდ, მაგრამ მაინც თავს განძარცვულად აღიარებს?

მოციქულმა იაკობმა, როდესაც სურდა ეჩვენებინა, თუ როგორ ეძნელება ლაპარაკის მოყვარულს რაიმე უსარგებლო, ბილწისა და საზიანოსგან თავშეკავება, ბრძანა, რომ ენის სათანადოდ მოთოკვა მხოლოდ სრულყოფილთ ხელეწიფებთ: ვინც არა სცოდავთ სიტყვით, იგია სრულქმნილი კაცი, რომელსაც ძალუძს დაურვება თავისი ხორცის (იაკ. 3,2). ენა სასწრაფოდ ალაპარაკდება ხოლმე საკუთარი სიამოვნებისათვის, ისე მიჰქრის, როგორც ლაგამაყრილი ულაყი და ლაყბობისას სასარგებლოს გარდა ბევრ ავსა და საზიანოსაც იტყვის. ამიტომ მოციქული მას მომაკვდინებელი შხამით აღვსებულ თავშეუკავებელ ბოროტებას უწოდებს (-3,8). სოლომონ ბრძენმა უფრო ადრე ბრძანა: ბევრი ლაპარაკისას ცოდვა აუცდენელია (იგავ. 10,19). ეკლესიასტესაც მოვუსმინოთ: ვინც ბევრს ლაპარაკობს, ის თავის უგუნურებას ამხელს, რადგან, როგორც წერი, ბრიყვი მრავალსიტყვაა (ეკლ. 10,14).

ვინც კეთილი გულით არ გისმენს, მასთან ხანგრძლივი საუბრებით ნუ დაკავდები, რათა თავი არ შეაწყინო და აუტანელი არ გახდე. ზირაქის სიბრძნე გვეუბნება: სიტყვა მრავალს შეიძაგებენ და ძალად მოლაპარაკე შეძულებული იქნება (ზირ. 20,8). ერიდე ცივი და მაღლი ტონით საუბარს. ერთიც და მეორეც ძალზეც აუტანელია და ეჭვს ბადებს, რომ ამაო ხარ და ბევრს ფიქრობ საკუთარ თავზე. ნურასოდეს ისაუბრებ საკუთარ თავზე, პირად საქმეებსა და ნათესავებზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია. მაშინაც, რაც შეგიძლია მოკლედ და სწრაფად ისაუბრე. როდესაც სხვები ზედმეტს ლაპარაკობენ საკუთარ თავზე, შეეცადე, არ მიბაძო, თუნდაც მათი ნაუბარი თავმდაბლური და თვითდამმუნათებელი გეჩვენოს. რაც შეეხება მოყვასს, მასთან საუბარზე უარს ნუ იტყვი, მაგრამ მუდამ შეძლებისდაგვარად მოკლედ ილაპარაკე, მაშინაც კი, როდესაც ეს საუბარი მისთვის სიკეთის მომტანია.

საუბრისას გახსოვდეს და შეეცადე, შეასრულო წმიდა თალასის დარიგება: „საუბრის ხუთი სახეობიდან სხვებთან ლაპარაკისას სამი კეთილგონიერი სითამამით გამოიყენე, მეოთხე - იშვიათად, მეხუთზე კი საერთოდ უარი თქვი“. პირველი სამი სახეობა ასე უნდა გავიგოთ: დიახ, არა, თავისთავად ან გასაგებია, მეოთხე საეჭვოს ნიშნავს, ხოლო მეხუთე სრულად უცნობს. ანუ: რაც ნამდვილად იცი, რომ სრული ჭეშმარიტება ან სიცრუეა და ეს თავისთავად აშკარაა, მასზე თამამად თქვი, რომ ჭეშმარიტებაა ან სიცრუე. მასზე, რაც ეჭვს ბადებს, სჯობს, არაფერი თქვა, ხოლო თუ საჭიროა, ყოყმანით თქვი, რომ საჭოჭმანოა. ხოლო რაც შენთვის უცნობია, მასზე საერთოდ ნურაფერს იტყვი. ერთი მწერალი ამბობს: ჩვენ საუბრის ხუთი ხერხი ანუ საშუალება გვაქვს - მოწოდებითი, როდესაც ვინმეს მოვუწოდებთ, მოვუხმობთ; კითხვითი, როდესაც რაიმეს ვკითხულობთ; თხოვნითი, როდესაც რაიმე გვსურს ან ვითხოვთ; განსაზღვრებითი, როდესაც რაიმეს შესახებ მტკიცე აზრს გამოვთქვამთ და ბრძანებითი, როდესაც ხელმძღვანელისა და ძალაუფლების მქონე ადამიანის ტონით ვუბრძანებთ. ამ ხუთიდან პირველი სამი ყოველთვის თავისუფლად შეგიძლია გამოიყენო, მეოთხე - შეძლებისდაგვარად, მეხუთეს კი საერთოდ ნუ შეეხები.

ღმერთზე, განსაკუთრებით კი, მის სიყვარულსა და სახიერებაზე, მთელი კეთილგანწყობით ისაუბრე. ოღონდ ისაუბრე შიშით, რათა არ შესცოდო - ღვთაებრივზე რაიმე წინდაუხედავად არ თქვა და მსმენელთა გულები არ შეაშფოთო. ამიტომ მეტწილად სხვათა საუბრების მოსმენა და მათი სიტყვების გულის სიღრმეში დამარხვა გერჩიოს.

როდესაც უცხო თემაზე საუბრობენ, დაე, შენს სმენას მხოლოდ ხმა მოსწვდეს და არა აზრი. ამ დროს გონება შეუჩერებლივ ღვთისკენ უნდა ისწრაფვოდეს, მაშინაც კი, როდესაც აუცილებელია მოსმენა, რათა გაერკვე და სათანადო პასუხი გასცე. მოსმენისა და საუბრის შუალედში შეეცადე, გონების თვალი ზეცისკენ აღაპყრო. იფიქრე ღვთის დიდებულებაზე, იმაზე, რომ ის თვალს არ გაცილებს და ხან კეთილისმყოფლურად გიმზერს, ხან არა, იმის შესაბამისად, თუ როგორია შენი გულისსიტყვები, საუბარი, მოძრაობები, საქმე.

როცა საუბარს აპირებ, ვიდრე რაიმეს იტყოდე, წინასწარ განსაზღვრე, გულით რისი თქმა გსურს. ბევრს ისეთს აღმოაჩენ, რომ სჯობს, არც ამოსცდეს შენს ბაგეთ. იცოდე, მისგანაც, რისი თქმაც კარგი გგონია, სჯობდა, ზოგი რამ დუმილში დამარხულიყო. ამას ხშირად საუბრის დამთავარებისთანავე მიხვდები.

მდუმარება ჩვენს უხილავ ბრძოლაში უდიდესი ძალა და გამარჯვების დიდი იმედია. მდუმარება ძლიერ უყვარს მას, ვინც მხოლოდ ღვთის იმედადაა და არა საკუთარი თავისა. ის წმიდა ლოცვის დამცველი და სათნოებების მოპოვების გზაზე საოცარი შემწეა. მდუმარება სულიერი სიბრძნის ნიშანიცაა. წმიდა ისააკი ამბობს, რომ „ენის დაცვა არა მარტო აიძულებს გონებას, ღმერთთან აიჭრას, იდუმალად ხორცსაც უდიდეს ძალას ანიჭებს ხილული საქმეების აღსასრულებლად. ის ადამიანს ფარული ღვაწლის დროსაც ანათლებს, თუ ადამიანი გამოცდილია და იცის მდუმარების დაცვა“. სხვაგან კი წმიდა ისააკი ასე ასხამს ხოტბას მდუმარებას: „როდესაც ერთ მხარეს შენი განდეგილი ცხოვრების ღვაწლს დადებ, ხოლო მეორეზე - მდუმარებას, მაშინ მიხვდები, რომ ეს უკანასკნელი გადასწონის. ბევრი კეთილი რჩევა-დარიგება არსებობს ჩვენთვის, მაგრამ ვინც მდუმარებას შეიტკბობს, მისთვის ზედმეტია სხვა დანარჩენის დაცვა“. სხვა ადგილას ის მდუმარებას „მომავალი ცხოვრების საიდუმლოს“ უწოდებს, სიტყვებს კი ამა სოფლის იარაღს. წმიდა ბარსანუფი მდუმარებას ღვთისმეტყველებაზე მაღლა აყენებს და ამბობს: „თუ შენ ოდნავადაც არ ღმრთისმეტყველებ, უწყოდე, რომ მდუმარება უფრო მეტად იმსახურებს გაოცებასა და დიდებას“. თუმცა ისეც ხდება, რომ ზოგი სათქმელის არქონის გამო დუმს (ზირ. 20,6); ზოგი დუმს, რადგან შესაფერის წუთს ელის სიტყვის სათქმელად (იქვე);სხვა კიდევ სხვა მიზეზის - „ადამიანური დიდების, მდუმარების სათნოებისადმი მოშურნეობის ან იმის გამო, რომ გულში იდუმალ ესაუბრება უფალს და არ სურს, გონება და გულისყური მას მოსწყვიტოს“. (წმიდა ისააკი, სიტყვა 76). საერთოდ კი, შეიძლება ითქვას, რომ ვინც მდუმარეა, კეთილგონიერებასა და სიბრძნეს ამჟღავნებს (ზირ. 29,26, 20,5).

მდუმარებას რომ შეეჩვიო, ერთ უბრალო და იოლ ხერხს გასწავლი: დაიწყე ეს საქმე და თავად გიჩვენებს, როგორ მოიქცე და დაგეხმარება კიდეც. ამ ღვაწლისას გულმოდგინება რომ შეინარჩუნო, ხშირად იფიქრე განუკითხავი ლაყბობის დამღუპველ შედეგებსა და კეთილგონივრული მდუმარების მაცხოვნებელ ნაყოფზე. როდესაც მდუმარების მაცხოვნებელ ნაყოფს იგემებ, მაშინ უკვე არანაირი გაკვეთილი აღარ დაგჭირდება.