† წმიდა ნიკოდიმოს ათონელი

უხილავი ბრძოლა
ნაწილი პირველი

თავი 15
უნდა ვიბრძოლოთ განუწყვეტლივ და მამაცურად

თუ გსურს, მტერს რაც შეიძლება სწრაფად და იოლად გაუმკლავდე, აუცილებელია, დაუღალავად და მამაცურად ებრძოლო ყველა ვნებას, განსაკუთრებით კი თავისმოყვარებას, ანუ თავმოთნეობას, საკუთარი თავის უგუნურ სიყვარულსა და სიბრალულს. ეს ვნება ყველა დანარჩენის საფუძველი და წყაროა და სხვანაირად ვერ მოარჯულებ, თუ არა ნებელობის მუდმივი დათრგუნვითა და ამსოფლიურ გასაჭირთან, ცილისწამებასა და შევიწროებასთან სიყვარულით შეხვედრით. საკუთარი თავისადმი ამგვარი უმოწყალო დამოკიდებულების გაუთვალისწინებლობა იყო, არის და იქნება ჩვენი სულიერი ბრძოლის უშედეგობის, სიძნელეების, არასრულყოფილებისა და სიმყიფის მიზეზი.

ჩვენი სულიერი ბრძოლა მუდმივი და შეუსვენებელია. ის უნდა წარიმართოს სულიერი სიმხნევითა და სიმამაცით, რასაც ადვილად მოიპოვებ, თუ უფლისგან გამოითხოვ. უყოყმანოდ ჩაები ამ ბრძოლაში. თუ შენი მტრების - დემონების დაუნდობლობის, უსაზღვრო ბოროტებისა და მრავალრიცხოვნების შესახებ მშფოთვარე გულისთქმა შეგაწუხებს, ღვთის უსაზღვრო ძლიერება და შენდამი მისი სიყვარული, ანგელოსთა შეუდარებელი სიმრავლე და წმიდანთა მეოხება გაიხსენე. ისინი ჩვენთან ერთად ფარულად ებრძვიან ჩვენს მტრებს, როგორც დაწერილია ყამალეკის შესახებ: ომი აქვს უფალს ყამალეკთან თაობიდან თაობამდე (გამ. 17,16). რამდენი სუსტი ქალი თუ უასაკო ბავშვი წააქეზა ამ ბრძოლაში ასეთმა მძლავრმა და მუდმივად მზადმყოფმა შემწეობამ. მათაც გაიმარჯვეს, სძლიეს ამა სოფლისა სიბრძნეს, მტრის ყველა მანქანებას და ჯოჯოხეთის ბოროტებას.

ამიტომ არასოდეს შეშინდე, როდესაც გაგიჩნდება გულისსიტყვა, რომ შენს წინააღმდეგ გამართული ბრძოლა ძალიან ძნელია, დასასრული არ უჩანს და მთელი ცხოვრების განმავლობაში გაგრძელდება; რომ ვერსად გაექცევი მრავალჯერად და მრავლგვარ დაცემას. იცოდე, ჩვენი მტერი ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ხელშია, ვის სადიდებლადაც იბრძვი. უფალს თავად შეჰყავხარ ბრძოლაში, ამიტომ არასოდეს დაუშვებს შენს ძლევას მტერთაგან, თუ თავადვე არ გადახვალ ამ უკანასკნელთა მხარეს. უფალი იბრძოლებს შენთვის და, როდესაც მოისურევბს, შენს ფერხთით დასცემს მოწინააღმდეგეს, როგორც დაწერილია: რადაგნ უფალი, შენი ღმერთი, დადის შუაგულ ბანაკში, რომ გიხსნას და ხელში ჩაგიგდოს შენი მტრები (2რჯ. 23,14).

თუ უფალი დააყოვნებს, რომ მტერზე სრული გამარჯვება მოგანიჭოს და ამას შენი სიცოცხლის უკანასკელი დღისთვის გადასდებს, იცოდე, შენს საკეთილდღეოდ იქმს. ოღონდ უკან არ დაიხიო და ბრძოლა არ შეწყვიტო. ხანდახან იარებსაც მიიღებ, მაგრამ იარაღს ნუ დაყრი და ნუ უკუიქცევი. მხოლოდ იმაზე იფიქრე, რომ მთელი შემართებითა და ვაჟკაცობით იბრძოლო, რადგან ეს გარდუვალია. არ არსებობს ადამიანი, რომ ბრძოლა აეცილებინოს სიცოცხლესა თუ სიკვდილში. და ვინც უხილავ მტრებსა და ვნებებზე გამარჯვებისთვის არ იბრძვის, მას აუცილებლად ტყვეობა მოელის ან აქ, ან იქ - სიკვდილის საუფლოში.

სასარგებლოა, იცოდე, თუ რატომაა სათნო ღვთისთვის ჩვენი საბრძოლო მდგომარეობაში დატოვება. როდესაც ძველად უფალი აღთქმული მიწისკენ მოუძღოდა ისრაელს, უბრძანა, მთლიანად არ გაენადგურებინათ იქ მცხოვრები ხალხები და ებრაელთათვის საძულველი ხუთი უცხო ტომი დაეტოევბინათ. ამით, პირველ რიგში, სურდა გამოეცადა, მტკიცედ სწამდა თუ არა მის რჩეულ ერს ღვთისა, ასრულებდა თუ არა მის აღთქმას. გარდა ამისა, უფალს სურდა, ბრძოლის ხელოვნება ესწავლებინა მისთვის (მსაჯ.2,21; 3.1-2). სწორედ ამიტომ ღმერთი მყისვე არ ანადგურებს ჩვენს ყველა ვნებას და ტოვებს მათ, რათა სიკვდილამდე გვებრძოდნენ. ეს იმ მიზნით ხდება, რათა ღვთისადმი ჩვენი სიყვარული, მისი ნებისადმი მორჩილება გამოიცადოს, რათა სულიერი ბრძოლა გვასწავლოს. ამაზე დაწვრილებით საუბრობს ნეტარი თეოდორე. იგი ამბობს, რომ უფლის დაშვებით, ამ ბრძოლის მიზანია: ა) არ მივეცეთ უზრუნველობას და მცონარებას, მუდამ ფხიზელნი, მოცადნი და ყურადღებიანნი ვიყოთ; ბ) არ დავივიწყოთ, რომ მუდმივად გველის თავდასხმა, მოულოდნელად არ აღმოვჩნდეთ მტრის ალყაში და არ გვძლიონ ვნებებმა: გ) შემწეობას ყოველთვის ღმერთში ვეძიებდეთ და მას ვსასოებდეთ; დ) სიამაყე არ დაგვეუფლოს, არამედ მდაბლად განვსაჯოთ საკუთარი თავი; ე) მთელი გულით გვძულდეს ვნებები და მტერი, რომლებიც განუწყვეტლივ გვესხმიან თავს; ვ) გამოიცადოს, ბოლომდე ვინარჩუნებთ თუ არა ღვთის პატივისცემას, სიყვარულსა და რწმენას; ზ) ღვთის ყველა მცნების ზუსტად აღსასრულებლად აღგვძარს და ყველაზე მცირესაც არ გადავუხვიოთ; თ) ნამდვილად შევიცნოთ სათნოების ფასი, რათა არასოდეს დავთანხმდეთ მის მიტოვებაზე და ცოდვით არ დავეცეთ; ი) შეუსვენებელმა ბრძოლამ შედეგად მეტი და მეტი გვირგვინის მოხვეჭის შესაძლებლობა მოგვცეს; კ)ღმერთი ვადიდოთ, ეშმაკი და ცოდვა კი ჩვენი მოთმინებით საბოლოოდ უარვყოთ; ლ) მთელი ცხოვრების განმავლობაში ბრძოლას ჩვეულნი არ შევდრკეთ სიკვდილის წუთებში, როდესაც მტერი ყველაზე უფრო დაუნდობელია.

ამრიგად, ჩვენი მოძულე მტრებით გარშემორტყმულნი სიმშვიდეს და მოსვენებას, ან ბრძოლის შეწყვეტას და გადადებას არ უნდა ველოდოთ. ყოველ წამს საბრძოლველად უნდა ვემზადოთ და დაწყებისთანავე მამაცურად ჩავებათ მასში. რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, თავიდანვე კარი არ გაგევღო და ჩვენს არსებაში, სულსა და გულში ვნებები არ შემოგვეშვა, მაგრამ რაკი ერთხელ გზა გაიგნეს, უდარდელობას ვეღარ მივეცემით. საჭიროა შევიარაღდეთ მათს წინააღმდეგ და განვაგდოთ ჩვენგან. ისინი მეტად ურცხვნი და ჯიუტნი არიან და მხოლოდ ბრძოლით თუ განვდევნით.