† წმიდა მაქსიმე აღმსარებელი

ვერცხლის-მოყვარებისათვის

ვერცხლის-მოყვარება ძირია ყოველ გვარ ბოროტებისა და როგორც ხე რტოთა, ისე ზრდის სხვა ბოროტ ვნებათა, რტო თუ მოჰკვეთე, ხე სამაგიეროდ მაშინვე სხვას გამოიბამს და მისგან აღმოცენებულს გასახმობად არ გაუშვებს, ვისაც სურს ვნებათა მოშორება, ძირი უნდა მოჰკვეთოს: თუ ვერცხლის-მოყვარება გექნება, რტოს მოსხეპა უსარგებლოა, რადგან ისევ სხვა აღმოცენდება.მონაზონი მრავალი მონაგების უფალი ტვირთმძიმე ნავია და მრავლის ღელვისაგან ადვილად დაინთქმება როგორც ნავი მრავლისა და თითოეულის ღელვისაგან უფრო და უფრო წყლით აივსება, აგრეთვე მრავალის მონაგების ზრუნვისა გამო კაცი შთაინთქმება, უპოვარი (არა-ვერცხლის მოყვარე) მონაზონი განკვართული (ამოკაპიწებული) მოგზაურია, რომელიც ყოველს ადგილას იპოვის სადგურს, უპოვარი მონაზონი მაღლა მფრინვალე არწივია: საზრდოსთვის მაშინ დაშრიალდება, როცა ჯერია და მხოლოდ საკმარს ეძიებს. ასეთი მონაზონი ყოველს განსაცდელს მაღლა უდგას, ჰკიცხავს საწურთოსა და საუკუნოდ ამაღლდება, ქვეყანას შორდება და ზეციერს სავანეში მიმოვალს; ფრთები მსუბუქი აქვს და ზრუნვისაგან არა დამძიმებული.ჭირი და ვნება თუ რამ შეემთხვა, ადვილად სტოვებს ადგილს ვნებისას, სიკვდილი თუ შეემთხვა, სიხარულით გადის ამ სოფლიდან. იგი მონაგებით დამძიმებული მონაზონი შეკრულია დიდის ზრუნვისაგან და როგორც ძაღლი ჯაჭვით დამბულია; თუ ძალაუნებურად ადგილიდან ადგილას გადასვლა შეემთხვა, მონაგებთა ხსენება და უსარგებლო ზრუნვა მძიმე ტვირთივით დააწვება. მისის ხსენებით მარადის ძლიერად იწყვლის მისი გული. როცა სიკვდილი შეემთხვევა, ყოველსავე საწყალობელად სტოვებს, როცა სული ხდება თვალს მაინც ვერ აშორებს საფასე-საუნჯესა, გაქცეულს მონასავით შეპყრობილს ძალად მიათრევენ. სული მის ხორცს ადვილად შორდება, მონაგებისაგან კი არ უნდა განშორება; წამყვანებლებზე უფრო ანგარების ვნება იჭერს.

როგორც ზღვა არ აღივსება მდინარის შედინებითა, ეგრეთვე ვერცხლის-მოყვარის გული ვერ გაძღება საფასითა; ორი იმოდენა რომ მოიგოს,კიდევ ორი იმოდენა სურს და მის უმეტესად განმრავლებისათვის არა სცხრება, სანამ მის უსარგებლო მისწრაფებას უეცარი სიკვდილი არ დააცხრობს, გონიერი მონაზონი მხოლოდ ხორცისათვის საკმარისს იმზადებს და მუცლის ნაკლულოვანებას მხოლოდ პურითა და წყლით იკმაყოფილებს. მდიდარის სანოვაგისთვის გული არ უთქვამს და გონების უაღრესობას მის მრავალ გვარს უფლებას არ დაამონებს. მისი ხელი მხოლოდ ხორცისათვის საჭირო სახმარს ემსახურება და ბუნებრივის საზრდოს მოპოებით კმაყოფილდება. უპოვარი მონაზონი დაუბრკოლებელი მოღვაწეა, მსუბუქად მავალი                    და ადრე მიიწის საგრობასა მას ზეცისა ჩინებისასა.

ანგარი მონაზონი მრავლის შემოსვლისათვის ხარობს, უპოვარი მონაზონი კი სათნოების გვირგვინისათვის. ვერცხლის-მოყვარე მონაზონი ძლიერად შვრება, უპოვარი კი განკაპიწებულია ლოცვისა და წიგნის კითხვისათვის. ვერცხლის მოყვარე საუნჯეს ივსებს ოქროთი, ხოლო უპოვარი კი ცათა შინა იუნჯებს.

 

სიტყვის მიგება ვერცხლის-მოყვარების გულის თქმისა

როგორი ჯერი და სამართლიანიც არის გლახაკთა ძმათა და დავრდომილთა წყალობა, ამისათვის თქმულია სახარებაში: ,,ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ" (მათ. 5,7).

ვისაცა სურს საფასისა ანუ აგარაკთა წამრთმევისათვის საჩივარი სამართალში და არ იცის,რომ თვისის სულის თავისუფლების წამრთმევისათვის უფრო მეტი კეთილის ყოფა მართებს, უნდა მოიგონოს სიტყა მათეს სახარებიდან: ,,რომელსა უნდეს სასჯელად და მიღებად კვართი შენი, მიუტევე სამოსელიცა შენი" (5,40).

როცა გული ძმისთვის რისამე სესხებას გვიშლის და გვეტყვის: ვერ შესძლებს გადახდასაო, მივუგოთ სიტყვა მათესა სახარებისაგან: ,,რომელი გთხოვდეს შენ მიეც, და რომელსა უნდეს სესხებად შენგან, ნუ გარე მიიქცევი" (იქვე 5,42).

როცა გული საფასის მოგებას გვაწვევს და მისთვის ზრუნვა გონებას შეგვიშფოთებს, მივუგოთ სიტყვა მათეს სახარებისაგან: ,,ნუ იუნჯებით თქვენ საუნჯესა ქვეყანასა ზედა, სადა მღილმა და მჭამელმან განრყვნის, და სადა მპარავთა დასთხარიან და განიპარიან, ხოლო თქვენ იუნჯებდით საუნჯეთა ცათა შინა, სადაცა არცა მღილმან, არცა მჭამელმან განრყვნის და სადა არცა მპარავთა დათხარიან და განიპარიან, რამეთუ სადაცა არს საუნჯე თქვენი, მუნცა იყოს გული თქვენი" (6,10-21).

როცა გული გვეტყვის ქონებითა და საფასითაც შეიძლება ღვთის მონებაო, მივუგოთ სიტყვა მათეს სახარებისაგან: "ვერვის ხელეწიფების ორთა უფალთა მონებად, ანუ ერთი იგი მოიძულოს და სხვა იგი შეიყვაროს, ანუ ერთისა მის თავს იდვას და ერთი იგი უგულებელს ჰყოს: ვერ ხელეწიფების ღვთისა მონებად და მამონისა" (6,24).

რომელიც ნაკლულოვანების დროს სხვისგან საჭიროებს განსვენების მოპოვებას და სახმართა მიღებას, ხოლო თვითონ კი არა სურს გაჭირვებულის ძმის დახმარება, მოიგონოს სიტყვა მათეს სახარებისაგან: ,,ყოველი რომელი გინდეს თქვენ რათა გიყონ კაცთა,ეგრეთვე თქვენ ჰყავთ მათდა მიმართ,რამეთუ ესრეთ არნ სჯული და წინასწარ-მეტყველნი" (7,12).

როცა გული ნებას არ გვაძლევს საფასის განბნევას, მიზეზს რასმე გვიპოვნის, და წმიდათა ადგილთა მოლოცვას გვირჩევს, უნდა მივუგოთ სიტყვა მარკოზის სახარებისაგან: "ვითარმედ ძნიად შევიდეს სასუფეველსა ცათასა,რომელსა აქვს საფასე",რაოდენ ძნელ არს, რომელნი საფასეთა ესვიდენ შესლვად სასუფეველსა ღვთისასა! უადვილეს არს აქლემი ხვრელსა ნემსისასა განსლვად, ვიდრე მდიდარი შესლვად სასუფეველსა ღვთისასა" (10,23-25).

როცა გული მოგვაგონებს პირველ სოფლიურს მთავრობის პატივსა და საფასეთა შემოსავლის აღრიცხვას, მივუგოთ სიტყვა ლუკას სახარებისაგან: ,,რაი სარგებელ არს კაცისა შეთუიძინოს სოფელი ყოველი და თავი წარიწყმიდოს, გინა იზღვიოს" (9,25)?

როცა გული გვაიძულებს ჩვენის მონაგების განმრავლებას და მრავალ-წილ ყოფას (ერთი ნაწილის მრავლად გადაქცევას), მივუგოთ სიტყვა ლუკას სახარებისაგან: ,,ეკრძალებით და დაიცვენით თავნი თქვენნი ყოვლისაგან ანგარებისა, რამეთუ არა ნამეტნავისაგან ვისისამე არნ ცხოვრებაი მისი ნაყოფთა მისთაგან" (12,1 5).

როცა გული მიგვაქცევს საფასის სიყვარულისაკენ და ჰსურს ჩვენი გონება მსოფლიო საქმეს შემსჭვალოს, მივუგოთ სიტყვა ლუკას სახარებისაგან: ,,განყიდენით მონაგები თქვენი და მიეცით ქველის საქმედ" (12,33).

როცა გული მოგვაგონებს დიდს სიგლახაკესა და წინ წამოგვიყენებს ჭირსა, მრავალსა სალმობასა და გვეტყვის,-არავინ არს შემწე და ხელის აღმპყრობელი ჩვენი ამ გვარის ჭირის დროსა,მოვიგონოთ სიტყვა შექმნათაგან: ,,უკეთუ იყოს უფალი ჩვენთანა და დამიცვას გზასა ამას,რომელსა მივალთ და მცეს ჩვენ პური საჭმელად და სამოსელი შესამოსად და მომაქციოს მე ცოცხლებით სახლსა მამისა ჩემისასა და იყოს უფალი ღმერთი ჩემდა და დიდი ესე,რომელ აღვსდგი ძეგლად იყოს სახედ ღვთისა ჩემისა" (28,20,22).

როცა გული ვერცხლის-მოყვარებით მშობლებისათვის საყვედურის თქმას გვაწვევს, რატომ მათი მონაგებიდან არაფერს გვაძლევენ ჩვენ, მონაზონობაშიო, მივუგოთ სიტყვა გამოსლვათაგან: ,,რომელი ბოროტსა იტყოდის მამისა, გინა დედისა თვისისათვის, სიკვდილითა მოჰკვედინ" (21,16).

როცა გული გვაწვევს ახლად მოსული ძმა წესზე მეტის შრომით შევაწუხოთ ვერცხლის შეკრებისათვის, მივუგოთ სიტყვა გამოსლვათაგან: ,,მსხემსა მას ნუ აჭირვებთ, რამეთუ თქვენ იცით ჭირი მწირისა (უცხო) და მსხემისა (უბინაო), რამეთუ თქვენსა მწირ და მსხემ იყვენით ეგვიპტეს შინა" (22,12).

როცა ვერცხლის სიყვარული განაფიცხებს ჩვენს გულს იმ ძმაზე, რომელიც მცირე საფასეს ითხოვს ჩვენგან და წონების მარტო ჩვენთვის შენახვას გვირჩევს, მივუგოთ სიტყვა ლევიტელთა წიგნისაგან: ,,შეიყვარო მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი, მე ვარ უფალი ღმერთი თქვენი" (19,18)

როცა ვერცხლის-მოყვარებითა და მისი შეკრების წადილით გული გვითქვამს, ჩვენზე უმცროსს ძმას ლოცვა ანუ წიგნის კითხვა დავუშალოთ და განუწყვეტლად ვაშრომოთ, მოვიგონოთ სიტყვა ლევიტელთა წიგნისაგან: ,,ნუ ვინ აჭირვებნ კაცი ცუდად მოყვასსა და გეშინოდენ ღვთისა შენისაგან, მე ვარ უფალი ღმერთი შენი" (25,17).

ვისაც ვერცხლის-მოყვარეობის გამო გული უთქვამს ხანგრძლივის სნეულებით განლეული და სიგლახაკით შეჭირვებული ძმა მოიძულოს, მოიგონოს სიტყვა ლევიტელთა წიგნისაგან: ,,უკეთუ გლახაკი იყოს ძმა შენი და ვერ შემძლებელ იყოს ხელითა შენ შორის, ხელი აღუპყარ ვითარცა მწირსა და მსხემსა და სცხონდეს ძმა იგი შენი შენთანა" (25,35).

როცა გული თხოულობს ძმისაგან ძალაზე გადამეტებულ ხელსაქმის კეთებას, მოვიგონოთ სიტყვა ლევიტელთაგან: ,,არა დაამძიმოს კაცად-კაცადმან ძმასა თვისსა, რედუნებად წინაშე მისსა" (25,46).

ვისაც არა ჰსურს ვერცხლის ანუ დრაჰკანის მიცემა თვისის ძმისათვის, როცა სახსენებლად სთხოვს, მოიგონოს სიტყვა მეორე სჯულისაგან: "უკეთუ ვინმე იყოს თქვენ შორის ნაკლულევან ძმათა შენთაგანი, არა გარე მიაქციო გული შენი მისგან და არცაღა კრულ ჰყო ხელი შენი ძმისა შენისა ნაკლულევანისგან, არამედ ხსნილ ჰყო ხელი შენ მისთვის და ავასხო მას, რაოდენცა უხმდეს მიცემით მისცე მას, რაოდენცა აკლდეს" (15,7-8).

ვისაც სურს ფქვილისა, ღვინისა და ყოველსავე თავისი ქონების შენახვა და არავისი ნაკლულოვანების დახმარება და განსვენება ანუ თავისი მონაგებისაგან გამოზრდა, მოიგონოს სიტყვა მეორე სჯულისაგან: "დაიწყევნეს საუნჯენი შენნი" (28,17) და არავინ განისვენა ჭირვეულმან ძმამან.

რომელნიც სიმდიდრეს უფრო პატივს სცემენ, ვიდრე სიგლახაკესა, მოიგონონ სიტყვა მეორე სჯულთა წიგნისაგან: ,,ანუ არა უმჯობეს არსა საკუფხლებელი (ტევანი ყურძნისა) იგი ეფრემისა, ვიდრეღა სასთლობელი ამიეზერისა? (8,2).

როცა მოწყალებასა ვყოფთ და საფასის წარგება დაგვენანება,მოვიგონოთ სიტყვა მეფეთა წიგნისაგან: ,,იყვნედ გულნი თქვენნი სრულ უფლისა მიმართ ღვთისა თქვენისა სიწმიდით ვიდოდეთ ბრძანებათა მისთა და იმარხევდით მცნებათა მისთა" (3 მეფ. 6,12).

რომელსაც ხორცის მოკვდინება სწადიან ქრისტესთვის მორჩილებითა და მერმე მოისურვებს რამდენისამე ქონების შენახვას და არ მოიგონებს, ელისემ როგორ უარჰყო თავისი ქონება, უნდა მოიგონოს სიტყვა მეფეთა წიგნისაგან: ,,წარვიდა მიერ ილია და ჰყო ელისე ძეი სავატისი და იგი ჰხვნიდა ათორმეტითა უღლითა ხარითა წინაშე მისსა და იგი ზედაადგა ათორმეტთა და მიაგდო ილია ხალენი ელისეს ზედა, და დაუტევა ელისე ხარნი და იგი მოხნავნი და მისდევდა შემდგომად ილიას და ჰრქვა ილია: უკუნიქეც რაი გიყავ შენ და მოიქცა ელისე მისგან და მოიბა უღლეული იგი ძროხათა და წარვიდა და შეაგბო იგი ჭურჭლითა მით ძროხათათა და მისცა იგი ერსა და შეჭამეს და აღსდგა ელისე, წარვიდა და შეუდგა ილიას და მსახურებდა მას." (3, 19, 19-20).

ვისაცა ჰშურს ვერცხლის ანუ სხვა სახმარის წარგება უცხო ძმათა განსასვენებლად, მოიგონოს სიტყვა მეფეთა წიგნის მეოთხე თავისაგან: ,,და ჰრქვა ელისე მსახურსა თვისსა, შეადგ შენ ქვაბი ეგე დიდი და უგბე საგბოლველი ძეთა მაგათ წინასწარ-მეტყველთასა" (4.4, 38).

ვისაც საფასეს მიანდობენ სულიერად განსაგებელად და მას თვისის გულის-თქმისაებრ ჰსურს წარგება მისი და არ მოიხსენებს გეზის კეთროვნებასა და ელისეს მხილებას, რომელმაც განაქიქა ვერცხლის-მოყვარეობისა სენი. მშობელი ყოველთა ბოროტთა, მოიგონოს სიტყვა მეფეთა წიგნის მეოთხე თავიდან: ,,ჰრქვა მას ელისე, ვინა (საიდგან) მოხვალ გეზი" და ჰრქვა, არა ვიდრე სრულ ვარ მონა შენი იმიერ, გინა ამიერ, ჰრქვა მას ელისე, გული ჩემი შენთანა იყოს, რაჟამს იგი მოიღე და სამოსელი და მოიგე მით მტილი და ზეთისხილები და ვენახი, ზროხა და ცხოვარი, მონაი და მხევალი და კეთოვანებაცა იგი ნემანისი შეგდვას (მოგეფინნეს) შენ და თესლსა შენსა უკუნისამდე.და გამოვიდა პირისაგან მისისა განკეთროვნებული, ვითარცა თოვლი." (4. 5, 24-26).

როცა ვერცხლის სიყვარულისა გამო გული გვეტყვის სამკვიდრებელისა და მამულის ნაწილისაგან განუშორებლობას, მოვიგონოთ სიტყვა მეხუთმეტე ფსალმუნიდან: ,,უფალი ნაწილ არს მკვიდრობისა (ტევანი ყურძნისა) ჩემისა და სასუმელისა ჩემისა შენ ხარ,რომელმან მომაგე მემკვიდრობაი ჩემი ჩემდა" (15,54).

როცა მშობლებზე გული გვიდრტვინავს იმის გამო,რომ ისინი არა წარმოსცემენ ჩვენთვის საფასესა და სახმარსა, მოვიგონოთ სიტყვა ოცდა მეექვსე ფსალმუნიდან: ,,რამეთუ მამამან ჩემმან და დედამან ჩემმან დამაგდეს მე, ხოლო უფალმან შემიწყნარა მე" (26,10).

როცა გული გვეტყვის, აჰა ერის კაცობაში მყოფი შენი ძმები მდიდრები არიან, ყველასაგან პატივცემული და ქებული და შენ კი გლახაკი ხარ, ნაკლულევანი და საწუნელიო, მოვიგონოთ სიტყვა ოცდამეცამეტე ფსალმუნიდან: ,,უფლისა-მიერ იქოს სული ჩემი, ესმოდის მშვიდთა და იხარებდენ. მდიდარნი დაგლახაკნეს და შეემშია, ხოლო რომელნი ესვენ უფალსა არა ნაკლულეან იქმნენ ყოვლისაგან კეთილისა" (33, 2,10).

რომელთა არ იციან, რომ სიკვდილის დროს წარმოგვიდგებიან ეშმაკნი და გვამხელენ, კეთილად განვაგეთ ღვთისაგან ჩვენდა მოცემულნი საფასენი და მონაგები თუ არა, მოვიგონოთ სიტყვა ოცდამეექვსე ფსალმუნიდან: ,,ჰხედავნ ცოდვილი მართალსა და ეძიებნ მას, რაითამცა მოკლა იგი, ხოლო უფალმან არა დაუტეოს იგი ხელთა მისთა, არცა დასაჯოს იგი, რაჟამს განიკთხვიდეს მას, დაუთმე უფალსა და დაიცევ გზაი მისი და მან აღგამაღლოს შენ დამკვიდრებად ქვეყანისა და მოსვრაი ცოდვილთაი იხილო" (36, 32-34).

რომელიც სოფლის საქმეში გართულია და უყვარს ამაოება და ეძიებს სახლსა, საფასეთა და მამულთა, მოიგონოს სიტყვა მეორმოცდა-მეოთხე ფსალმუნიდან: ,,მოყავ ყური შენი და დაივიწყე ერი შენი და სახლი მამისა შენისა და სთნდეს მეუფესა სიკეთეი შენი" (44,10).

ვისაც გული უთქვამს საფასეთატვის და არა გულის-ხმობენ,  რომ ამაოა და ცუდი ბუნება მსოფლიოსი, მოიგონოს სიტყვა მესამოცდაერთე ფსალმუნიდან: ,,სიმდიდრე თუ გარდაგერიოს, ნუ შეაპყრობთ გულთა თქვენთა" (61,10). აგრეთვე სიტყვა ფსალმუნიდანვე: ,, ამაოდ შვრებიან, იუნჯებენ, არა უწყინ ვინ შეკრიბოს იგი" (38,6).

როცა გული მოგვაგონებს სახლის მამულსა და მსოფლიო ცხოვრებას, იგი მოგვესურნება და მდაბალ სენაკს შეგვაძაგებს შეურაცხგვაყოფინებს, მოვიგონოთ სიტყვა ფსალმუნიდან: ,,ვირჩიე მე მივრდომად სახლსა უფლისასა, ვიდრე დამკვიდრებად საყოფელსა ცოდვილთასა" (83;10).

როცა ხორცის სახმარი მოგვაკლდება და ღვთის სახიერებისა და ქველმოქმედებაზე სასოება მოგვეშლება, მოვიგონოთ სიტყვა ოთხმოცდამესამე ფსალმუნიდან: ,,უფალმან არა მოაკლოს კეთილი მისი მათგან, რომელნი ვლენან უბიწოდ" (83;11).

როცა ჩვენს გონებას ვერცხლის სიყვარული წარიტაცებს, ანუ მოგონება პირველ წარგებულ საფასისა, ანუ წადილი გაგვიჩნდება კიდევ სხვა ქონების მოგებისა, ანუ რაიცა გვაქვს, იმის შენახვისა, მოვიგონოთ სიტყვა ასმეთვრამეტე ფსალმუნიდან: ,,მოსდრიკე გული ჩემი წამებათა შენთა და ნუ ჰანგარებასა, მოაქციენ თვალნი ჩემნი, რათა არა იხილონ ამაოება და გზასა შენსა მაცხოვნე მე" (118;37).

როცა გულში ვერცხლის სიყვარული გაგვიჩნდება უცხოთა სიყვარულისა და გლახაკთა შეწყალებისათვის, და გვეუბნება საბჭოსა და მსაჯულთაგან წასვლას ძველ თანამდებთა და მემამულეთა მოვალეთაგან საფასის საძებნელად, რომ მით მოჩვენებული უცხოთმოყვარეობა აღვასრულოთ, მოვიგონოთ სიტყვა ასოცდამეცხრამეტე ფსალმუნიდან: ,,ჰზრახეს დაბრკოლება სულთა ჩემთა, და დამირწყეს მე ამპარტავანთა მახედ, საბელნი განმზადეს მახედ ფერხთა ჩემთა და გარემოს ალაგთა ჩემთა საცთური დამიგდეს მე" (139;5).

როცა ვერცხლის მოყვარეობისაგამო გული წინადვე გვეუბნება და გვაურვებს, როგორ შევსძლო მრავალს წელს ამ გვარის სიგლახაკითა და უპოვარებით ცხოვრებაო, მოვიგონოთ სიტყვა ასორმოცდა სამ ფსალმუნიდან: ,,კაცი ამაოებასა მ იემსგავსა და დღენი მისნი,ვითარცა აჩრდილნი წარხდეს", და მერმე იტყვის: ,,გამოავლინე ხელი შენი მაღლით, მიხსენ და განმარინე წყალთაგან მრავალთა ხელთაგან შვილთა უცხო თესლთასა, რომელთა პირი იტყოდა ამაოებასა და მარჯვენე მათი მარჯვენე იყო სიცრუედ" (143, 4.7.8).

როცა ანგარებისა გამო მოწყალებასა და ქველის საქმისათვის მცონარებასა და უდედებას მივეცემით, მოვიგონოთ სიტყვა იგავთაგან: ,,მოწყალებანი და სარწმუნოებანი ნუ მოგაკლდებიედ, შეიბენ იგინი ყელსა შენსა და ჰპოვო მადლი, წინასწარ განიზრახევდ კეთილსა წინაშე ღვთისა და კაცთა" (3,3).

როცა ვერცხლის-მოყვარეობის გამო მოწყალების გაცემისა და ქველის საქმისათვის გული გვიწუხს სიგლახაკისა ანუ უძლურების მიზეზით, მოვიგონოთ სიტყვა იგავთაგან: ,,ნუ დააყენებ კეთილის ყოფასა ნაკლულევანისა, რაჟამს აქვდეს ხელსა შენსა შეწევნაი! ნუ იტყვი, წარვედ აქ და ხვალე მოგცე, ძალ თუ გედვას კეთილის ყოფად, რამეთუ არა უწყი, რაი შვეს ხვალემან." (3, 27-28).

როცა გული ვერცხლის სიყვარულისთა გამო საფასეთა შეძენის სურვილსა და გულის-თქმით დღე და ღამ ხელსაქმეზე გვაწვევს და ლოცვასა, წიგნის კითხვასა და სნეულის ნახვას გვაშორებს,მოვიგონოთ სიტყვა იგავთაგან: ,,სჯობს მცირედი ნაწილი შიშითა უფლისათა, ვიდრე საუნჯეთა დიდთა უშიშოების; უმჯობეს არდ მცირედი მისაღები სიმართლით, ვიდრე ფრიადი ნაყოფი სიცრუით, რამეთუ არა ერგოს საფასე დღესა რისხვასა, ხოლო სიმართლე იხსნის რისხვისაგან" (15,15); (16,8); (10,2).

როცა ქველის საქმისათვის გულში სინანული გაგვიჩნდება და საფასის ურიგოდ წაგებას გვაბრალებს, მოვიგონოთ სიტყვა იგავთაგან: ,,სახსარ სული კაცისა სიმდიდრე თვისი, ხოლო გლახაკმან ვერ დაუთმოს, რომელი ესვიდეს სიმდიდრესა, იგი დაეცეს, ხოლო რომელნი შეეწეოდიან მართალსა, იგინი გაბრწყინდნენ" (11,28).

ვისაც არა ჰსურს ქველის საქმის ქმნა სიბერისა ანუ ხანგრძლივის სიცოცხლის გამო, მოვიგონოთ სიტყვა იგავთაგან: ,,მოწყალებითა და სარწმუნოებითა განიწმიდებიან ცოდვანი, ხოლო შიშითა უფლისათა მოაქციის უფალმან ბოროტებისაგან".

ვისაც გულში გაუჩნდება უწყალოებისა და გულფხიზელობისაგან ვერცხლისა და ოქროს პატივისცემა, ვიდრე სიბრძნისა და საღმრთო გულის-ხმისყოფისა, მოიგონოს სიტყვა იგავთაგან: ,,უმჯობეს არს სიბრძნეი მოგებად, ვიდრე ოქროისა და ვერცხლისა საუნჯესა. უმჯობეს არს ანთრაკთა პატიოსანთა" (3,13-15).

რომელი უდებ ჰყოფს გლახაკთა წყალობასა, უცხოთა შეწყნარებასა და ჭირვეულის ხელის აღპყრობას, მოიგონოს სიტყვა იგავთაგან: ,,დიდ არს კაცი და პატიოსან მამაკაცი მოწყალე, კაცი მხიარული მიმცემელი უყვარს უფალსა. რომელი მისცემდეს გლახაკსა, არა ნაკლულევან იყოს, რომელმან გარე მიაქციოს პირი მისი გლახაკისაგან, მრავალსა უპოვარებასა შინა იყოს".

როცა გული მოგვაგონებს ჩვენს სახლსა, საფასესა და სოფლის ცხოვრებასა, მოვიგონოთ სიტყვა ეკლესიასტესაგან: ,,ამაოება ამაოებათა, ჰსთქვა ეკლესიასტე, ყოველივე ამაო" (1,2).

ვისი გულიც ვერცხლის-მოყვარეობით მოწადინეა შინ წონებული საფასე შეინახოს და მოსწრაფეა გარედგანაც შეკრებას მასთან მყოფ ძმათა სამოღვაწეოი ანუ საღმრთო წიგთა მოსაგებელად, მოიგონოს სიტყვა ეკლესიასტესაგან: ,,რომელსა უყვარდეს ვერცხლი ვერ განსძღეს ვერცხლითა, ვინ შეიყვაროს სიმრავლეი ნაყოფთა და ესეც ამაოვე არს".

როცა გული მოგვაგონებს პირველ წარგებულ საფასეს და იმ მონაგებით გვექნებოდა დიდი ხორციელი განსვენება, მოვიგონოთ სიტყვა იობისაგან: ,,უფალმან მომცა და უფალმანვე მიმიღო, ვითარცა ენება ეგრეთცა იქმნა, იყავნ სახელი უფლისა კურთხეულ" (1,21).

ანგართ-მოყვარემ და ძუნწმა, რომელსაც საფასისა, სამოსლისა და სხვა სახმარის შეძენა და შენახვა ჰსურს და არ მიხედავს გლახაკთა ძმათა, მოიგონოს სიტყვა ისაია წინასწარ-მეტყველისა: ,,ეც მშიერსა პური შენი  და გლახაკნი უსართულონი შეიყვანენ სახედ შენდა, იხილო თუ შიშველი შემოსე იგი და თვისი ნათესავისა შორისა არა უგულებელს-ჰყო" (58,7).

ვისაც ანგართ-მოყვარეობით გული უთქვამს სარგებლით ფულის გასესხება, მოიგონოს სიტყვა ისაიასი: ,,განიხსენ კრულებაი სიცრუისა და განხეთქე ყოველივე გულარძნილება მძლავრობით ვაჭრობისა და განუტევენ პყრობილნი მიტევებითა და ყოველი ხელით-წერილი სიცრუისა განხეთქე" (58,6).

როცა გული გვაწვევს სამეფო გამგეობასა და მის შეწევნას, რომ მით მრავალ ერისკაცთა და მონაზონთა დავეხმაროთ, მოვიგონოთ სიტყვა საქმე მოციქულთაგან: ,,მაშინ მოუწოდეს ათორმეტთა მათ სიმრავლესა მას მოწაფეთასა და სთქვეს, არა სათნო არს ჩვენდა დატევებაი სიტყვისა ღვთისა და მსახურებად ტაბლებსა" (6,2).

ვისაც არა სწადიან ძმათა და გლახაკთათვის საღვაწოს მიცემა, მოიგონოს სიტყვა საქმე მოციქულთაგან: ,,ხოლო მოწაფეთა მათ ხელრაივის-ეწიფებოდა ჰბრძანეს თითოეულმან მათმან სამსახურებლად მიძღვანებად ძმათა მათ, რომელნი იგი მყოფ იყვნეს ურიასტანს" (11,29).

ხარბმა,რომელიც მიღებაზე უფრო მოსწრაფეა, ვიდრე მიცემაზე, მოიგონოს სიტყვა საქმე მოციქულთაგან: ,,ჯერ არს შეწყნარება უძლურთა მათ და ჭირვეულთა და მოხსენებადსიტყვა იგი უფლისა იესოსი, რამეთუ მან სთქვა: ,ნეტარ არს მიცემა უფროის მოღებისა" (20,35).

რომელნიც ქველის საქმესა იქმენ, მაგრამ შენანებით, დრტვინვითა და მჭმუნვარებით, რაიცა სიყვარულისა და მოწყალების წესისაგან სრულიად უცხოა, არცა ჯერია ამ გვარ ქცევის მონება, არამედ მარტივის გულითა და მხიარულის პირით უნდა აძლევდეს, მოიგონოს სიტყვა პავლე მოციქულისა რომაელთა მიმართ: ,, რომელი ნუგეშისჰცემდეს ნუგეშინის-ცემითა, რომელი მისცემდეს უხვებით, რომელი წინა უძღოდის მოსწაფებით, რომელი ჰსწყალობდეს მხიარულებით, სიყვარულით შეუორგულებელად, განეშორენით ბოროტსა და შეეყვენით კეთილსა ძმათ-მოყვარებით, ურთიერთარს სურვილად მოყვარეი იყვენით, პატივის ცემასა ერთი ერთსა უსწრებდით, მოსწრაფებასა ნუ მცონარე ხართ, სულითა მდუღარე იყვენით, უფალსა მონებდით, სასოებითა გიხაროდენ, ჭირსა დაუთმობდით, ლოცვასა განკრძალულ იყვენით, სახმარსა წმიდათასა ეზიარებოდეთ, უცხოთ-მოყვარებასა შეუდეგით" (რომ. 12, 8-13).

თუ გემოთ-მოყვარე და შეიწროებულის გულისთქმით მივსცემთ გლახაკს ქველის საქმესა და მოწიწებითა და იწრო გონებით ვიქმთ, მოვიგონოთ სიტყვა პავლე მოციქულისა კორინთელთა მიმარტ: ,,რომელმან ჰსთესოს რიდობით, რიდობითცა მოიმკოს და რომელი ჰსთესვიდეს კურთხევით, კურთხევითცა მოიმკოს; ნუ მწუხარებით, ნუცა უნებლიებით, რამეთუ მხიარულებით მისაცემელი უყვარს უფალსა" (2 კორ. 9, 6-7).

რომელნიც ვერცხლის-მოყვარეობითა და ანგარებით გარყვნიან იმ სიტკბოებას, რომელიც ვალდებული ვართ ძმისა მიმართ უნდა გვქონდეს, უნდა მოვიგონოთ სიტყვა პავლე მოციქულისა ეფეს. მიმართ: ,,იყვენით ურთიერთარს ტკბილ, მოწყალე, მიმმადლებელ თავთა თვისთა, ვითარცა იგი ღმერთმან ქრისტეს-მიერ მოგვმადლა ჩვენ" (4,32).

როცა გული მარტო თავისთვის ეძებს სიხარულსა და განსვენებას, მოვიგონოთ სიტყვა პავლე მოციქულისა კორინთელთა მიმართ: ,,ნუ თავისასა ხოლო კაცადი კაცად ეძიებნ, არამედ მოყვასისასაც თითოეული თქვენი" (1 კორინ. 10,24).

როცა გული საფასესა და ძველს სიმდიდრეს მოგვაგონებს, ვითომ განსასვენებლად მრავალთა ძმათა, მოვიგონოთ სიტყვა პავლე მოციქულისა: ,,არამედ, რომელი იყოს ჩემდა შესაძინელ, ესე შემირაცხიეს ქრისტესთვის ზღვევად, არამედ ნამდვილვე შემირაცხიეს ყოველი ზღვევად გარდამეტებულისა მისთვის მეცნიერებისა ქრისტე იესოს უფლისა ჩვენისა, რომლისათვის ყოველივე ვიზღვივე და შემირაცხიეს იგი ნაგევად, რათა ქრისტეი შევიმოსოთ" (ფილიპ. 3,7-9).

როცა გული ანგარებას მოგვაგონებს და მის ნაშობს კერპთმსახურებას არ გამოგვიცხადებს, მოვიგონოთ სიტყვა პავლე მოციქულისა: ,,მოაკვდინენით ასონი ეგე თქვენნი ქვეყანისანი: სიძვა,არა წმიდება, ვნებულნი გულის-თქმანი ბოროტნი და ჰანგარებაი ბოროტი, რომელ არს კერპთ-მსახურება, რომლისათვის მოიწევის რისხვა ღვთისა ნაშობთა მათ ზედა ურჩებისათა" (კოლ. 3,5-6).

როცა გული საჭიროზე მეტს სახმარს ეძიებს, მოვიგონოთ სიტყვა პავლე მოციქულისა: ,,ვერცხლის უყვარულ იყვენით, წესითა კმა გეყავნ, რომელი იგი გაქვნდეს, რამეთუ თავადმან ჰსთქვა, არა დაგიტეო შენ, არცა დაგაგდო შენ" (ებრ. 13,5).

ვინც მომეტებულ საზრდოსა და სამოსელს ეძიებს და არ მოიგონებს, რომ შიშველნი განვალთ ამ სოფლიდან და უფრო შიშველი მოვედით, მოიგონოს სიტყვა პავლე მოციქულისა: ,,რამეთუ არა რაი შემოვიღეთ სოფლად, სჩანს, რამეთუ (არცა) განღებად რა ხელგვეწიფების, ხოლო მაქვნდეს თუ საზრდელი და სამოსელი ესე, კმა იყავნ შვენდა, ხოლო რომელთა ნებავს სიმდიდრეი, შესცვივდნენ განსაცდელსა და საბრთხესა და გულისთქმასა მრავალსა უცნაურსა და სავნებელსა, რომელთა დაანთქიან კაცნი მოსასრველად და წარსაწყმედელად" (1 ტიმ. 6,7-9).

როცა ანგარსა გული ეტყვის ვერცხლის-მოყვარეობას არაფერი ბოროტი მოჰყვებაო, უფრო მისგან მრავალს ძმასა და უცხოს განსვენება მიეცემაო, მოიგონოს სიტყვა მოციქულის პავლესი: ,,რამეთუ ძირი არს ყოვლისა უკეთურებისა ვერცხლის-მოყვარეობა, რომლისა იგი ვიეთმე გული უთქმიდა და შესცთეს სარწმუნოებისაგან და თავნი თვისნი შესთხინეს სალმობასა მრავალსა" (1 ტიმ. 6,10).

ვისაც გული უთქვამს ვაჭრობით გამდიდრებას, მოიგონოს სიტყვა მოციქულის პავლესი: ,,არავინ მოღვაწე შეეყოფვის სოფლისა საქმეთა რათა ერისთავსა მას სათნო ეყოს და უკეთუ ვინმე იღწვიდეს,არა გვირგვინოსან იქმნების არა თუ სჯულიერად იღვაწოს" (2 ტიმ. 2,4-5).

რომელნიც მწუხარებით და გაჭირვებით იქმნენ ქველის საქმესა და იტყვიან, არა მაქვს საფასე და არცა არსაიდგან მოველიო, მოიგონოს სიტყვა პეტრე მოციქულისა: ,,ძმათა-მოყვარეობისათვის შეუორგულებელ იყვენით, გულითა ურთიერთას იყვარებოდით განმარტებულად, რომელი მსახურებდეს, ვითარცა ძალისაგან მრავალსა, რომელსა მოსცემს ღმერთი" (1 პეტ. 1,22).

როცა ვერცხლის-მოყვარეობისა გამო გულის-თქმა ნებას არ გვაძლევს უპოვარსა და გაჭირვებულ ძმას შევეწიოთ, მარტო სიტყვით აღვიარებთ ძმათა სიყვარულს, ხოლო საქმით კი, ანგარებისა გამო, უარ ვყოფთ ამ სიყვარულს, მოვიგონოთ სიტყვა იოანეს კათოლიკეთაგან: ,,უკეთუ ვისმე აქუნდეს საცხოვრებელი ამის სოფლისა და იხილოს ძმაი თვისი, რომელსა ეხმარებოდის (ესაჭიროებოდეს) რაიმე, და დახშნეს ნაწლევნი მისნი,-ვითარიმე სიყვარული ღვთისა ჰგიეს მის შორის?  შვილნო, ნუმცა ვიყვარებდით სიტყვითა, (ანუ) ენითა ხოლო, არამედ საქმითა და ჭეშმარიტებითა", (3,17-18), ქრისტე იესოს-მიერ, უფლისა ჩვენისა.