1. გონება ღვთიურზე ფიქრისას, პირველ რიგში, უსაზღვროდ ცვიფრდება იმით, რომ იგი საოცრად მიუწვდომელი და სასურველია; მეორე, იმით ოცდება, თუ ყველა არსება ღმერთმა არაფრისაგან ყოფნად როგორ მოიყვანა. მაგრამ როგორც „სიდიდისა მისისა არა არს დასასრულ“ (ფს.144,3), ასევე მისი სიბრძნეც მიუწვდომელია.
2. როგორ არ გან ცვიფრდება გონება, როცა სიკეთის მიუწვდომელ და განსაცვიფრებელ მიზეზს ჭვრეტს? როგორ არ გაოგნდები იმაზე ფიქრით, თუ რისგან და საიდან ან რომელი სხეულიდან წარმოიშვა მეტყველი და გონიერი არსება, ოთხი სტიქია, როცა მათ წარმოშობამდე არანაირი ნივთიერება არ არსებობდა? რა ძალაა ისეთი, რომელმაც თავისი მოქმედებით ისინი ყოფად მოიყვანა? მაგრამ ელინები ამას არ აღიარებენ, რადგან არ უწყიან ღვთის ყოვლლისშემძლე სიკეთე, ცხოველსმყოფელობა და გონება, რომელიც ყოველგვარ სიბრძნესა და გონიერებას აღემატება.
3. ღმერთი, რომელიც მარადისობიდან შემოქმედია, როცა ინებებს თავისი უკიდეგანო სიკეთით, მაშინ ქმნის თავისი ერთარსი სიტყვითა და სულით. მაგრამ არ იკითხავ: როგორ, ის ვინც მარადიული სიკეთეა, შემოქმედად მხოლოდ ახლა გვევლინება? მეც ხომ ამას გეუბნები, რომ დაუსაბამო არსების მიუწვდომელი სიბრძნე ადამიანურ ცოდნას არ ექვემდებარება.
4. შემოქმედმა ყველა არსების შესახებ მასში მარადისობიდან არსებული ცოდნა განახორციელა და საქმით აღასრულა მაშინ, როცა მოისურვა. რამეთუ შეუძლებელია, ყოვლისშემძლე ღმერთთან მიმართებაში დაეჭვდე იმაში, რომ მას ძალუძს აღასრულოს ის, რასაც მოისურვებს და როცა მოისურვებს.
5. გამოიძიე ის, თუ ღმერთმა რისთვის რა შექმნა, რამეთუ ამის შეცნობა შესაძლებელია. მაგრამ როგორ და უფრო ადრე რატომ არა, ამას ნუ გამოიკვლევ, იმიტომ რომ ეს შენი გონებისათვის მიუწვდომელია. რადგან ღვთიური საგნებიდან ადამიანის გონებისათვის ზოგი მისწვდომია, ზოგი კი მიუწვდომელი. გონების ჭყლეტამ კი, თუ ამას არ ალაგმავ, შეიძლება, უფსკრულში ჩაგაგდოს, როგორც ერთ-ერთმა წმინდანმა (გრიგოლი ღვთისმეტყველი) თქვა.
6. ზოგი ამბობს, რომ ქმნილებანი მარად თანაარსებობდნენ ღმერთთან; მაგრამ ეს შეუძლებელია. რადგან ყოველმხრივ უსასრულო არსებასთან როგორ იარსებებდნენ ყოველნაირად სასრულის მქონე არსებები, და როგორღა არიან ისინი ქმნილებანი, თუ შემოქმედთან ერთად მარადიულად ჰგიებენ? მაგრამ ეს ელინთა მოგონილია, რადგან მათთვის ღმერთი, შემოქმედი არის არა არსება, არამედ მხოლოდ თვისებაა. ჩვენ კი ღმერთს ყოვლისშემძლედ ვაღიარებთ და ვამბობთ, რომ ის არა მარტო თვისებათა შემოქმედია, არამედ თვისების მქონე არსებათა. თუ ეს ასეა, მაშინ ქმნილებანი მარადისობიდან ღმერთთან ერთად არ არსებულან.
7. ღმერთი და ღვთიური გარკვეულწილად შეცნობადია, ხოლო გარკვეულწილად შეუცნობელი. შეცნობადია იმის განჭვრეტით, რითაც ღმერთია მოცული, შეუცნობელია იმით, რასაც ის თავისთავად წარმოადგენს.
8. წმიდა სამების მარტივ და უსასრულო ბუნებაში ნე უძიებ რაიმე მიდრეკილებასა და უნარს, რათა ის, ქმნილებათა მსგავსად, რთულად არ აქციო, რაც უგუნურება და ღვთისათვის შეუფერებელი ქმედებაა.
9. მარტივი, ერთსახოვანი, ხარისხის არმქონე, მშვიდობიანი,აღუშფოთებული და მშვიდი ერთადერთი უკიდეგანო, ყოვლლისშემძლე და ყოვლისმპყრობელი არსებაა. ხოლო ყველა ქმნილება რთულია არსებათა და შემთხვევითობათა გამო და ცვალებადობას დაქვემდებარებული, ყოველთვის საჭეროებს ღვთის მზრუნველობას.
10. თითოეულ მოაზროვნე და მგრძნობიარე არსებას, ყოფად მოყვანის ჟამს, ღვთის მიერ საგანთაგან შთაბეჭდილების მიღების ძალა ებოძა: მოაზროვნემ აზროვნების ძალა მიიღო, მგრძნობიარემ - შეგრძნებისა.
11. ღმერთი მხოლოდ აუწყებს, ხოლო ქმნილება იღებს და აუწყებს: იღებს ყოფასა და სიკეთეს, ხოლო აუწყებს მხოლოდ სიკეთეს, მაგრამ სხვაა სხეულის მქონე და სხვა უსხეულო არსება.
12. უსხეულო არსება სიკეთეს გვაუწყებს სიტყვითაც, საქმითაც და მათი განჭვრეტის დროსაც, ხოლო ხორციელი - მხოლოდ მათი განჭვრეტის დროს.
13. გონიერი და მოაზროვნე არსების მარადიულობა და არყოფნა ყოველივეს კეთილად შემქმნელის ნებაზეა დამოკიდებული, ხოლო ბოროტთა და კეთილთა არსებობა, მათი თავისუფლებიდან გამომდინარე, - ამ ქმნილებათა ნებაზე.
14. ბოროტება არა ქმნილებათა ბუნებაშია, არამედ მათ ცოდვილ და უგუნურ ქმედებაში.
15. სული კეთილგონივრულად მოქმედებს როცა მისი გულისთქმის ძალას თავშეკავება ახასიათებს, გულისწყრომა გულმოდგინეა სიყვარულში და სიძულვილს უარყოფს, გონების ძალა კი ლოცვითა და სულიერი ჭვრეტით ღმერთთან ჰგიებს.
16. ჯერ კიდევ სრულყოფილი სიყვარული და ღვთის ზრახვათა ღრმა ცოდნა არ გააჩნია მას, ვინც განსაცდელის ჟამს, უბედურების შემთხვევისას, არ არის სულგრძელი და სულიერი ძმებისადმი სიყვარულს კარგავს.
17. ღვთის განგების მიზანია, ეშმაკის მიერ დაფანტულნი კვლავ შეაერთოს მართალი სარწმუნოებითა და სულიერი სიყვარულით. მაცხოვარიც ხომ იმიტომ ევნო, რომ „გაბნეული ღვთის შვილნი ერთად შეეკრიბა“ (იოან.11,52). ამრიგად, ვისაც არ სურს, რომ უბედრუება გადაიტანოს, განსაცდელი იტვირთოს, ავადმყოფობა დაითმინოს, ის ღვთის სიყვარულისა და მისი განგების მიზნის გარეშე იარება.
18. „თუ სიყვარული სულგრძელია და მოწყალე“ (1 კორ.13,4), მაშინ განსაცდელის შემთხვევის ჟამს სულმოკლე, მის მაწუხებლებზე გაბოროტებული და მათდამი სიყვარულის უარმყოფელი განა არ განუდგება ღვთის განგების მიზანს?
19. დაუკვირდი შენს თავს, ძმაში კი არა შენში ხომ არ იმალება ის ბოროტება, რომელმაც მასთან განგაშორა; ესწრაფე მასთან შერიგებას, რათა სიყვარულის მცნებას არ განუდგე.
20. სიყვარულის მცნებაში ნუ იქნები დაუდევარი, რამეთუ მისი მეშვეობით ღვთის შვილად იქცევი, ხოლო მისგან განდგომით ჯოჯოხეთის შვილი იქნები.
21. მეგობართა შორის სიყვარული ქრება: თუ გშურს, ან შენი შურთ, თუ ზიანს აყენებ, ან ითმენ, თუ შეურაცხყოფ, ან შეურაცხყოფას იტან, და ბოლოს თუ გაგაჩნია და ავითარებ ძმისადმი ეჭვებს. ამრიგად, ხომ არ ჩაგიდენია, ან ხომ არ განგიცდია მსგავსი რამ, რის გამოც უარი თქვი მეგობრისადმი სიყვარულზე?
22. ძმისგან დაბრკოლება თუ შეგემთხვა და წყენამ სიძულვილამდე მიგიყვანა, ნუ გძლევს სიძულვილი, არამედ სძლიე სიძულვილს სიყვარულით. მის ძლევას კი ასე შეძლებ: გულწრფელად ევედრე ღმერთს ძმისათვის, თუ გთხოვს, მიუტევე, ანდა პატიების თხოვნით თავად შენ განკურნე იგი, დაბრკოლების მიზეზად შენი თავი ჩათვალე და მოთმინებით დაელოდე ღრუბლების გაფანტვას.
23. სულგრძელია ის, ვინც განსაცდელს ბოლომდე ითმენს და მოთმინებისათვის ჯილდოს იღებს.
24. „სულგრძელ კაცს დიდი გონიერება ახლავს“ (იგავ.14,29); რამეთუ ყველა შემთხვევას დასასრულს უკავშირებს და მის მოლოდინში ყოველგვარ განსაცდელს იტანს. „დასასრული„კი, მოციქულის სიტყვებით, არის „საუკუნო სიცოცხლე“ (რომ.6,22).„ხოლო ეს არის საუკუნო სიცოცხლე, რათა გიცნობდნენ შენ ერთს, ჭეშმარიტ ღმერთს, და ვინც შენ მოავლინე, იესო ქრისტეს“ (იოან.17, 3).
25. ნუ აჩქარდები სულიერი სიყვარულის უარყოფისას, რამეთუ ადამიანებს გადარჩენის სხვა გზა არ დარჩენიათ.
26. ვინც გუშინ სულიერ ძმად და კეთილად მიიჩნიე, დღეს, შენში ეშმაკის მძლავრებით წარმოშობილი სიძულვილის გამო, ნუღა თვლი უკეთურად და ბოროტად. არამედ სულგრძელი სიყვარულით, გუშინდელ სიკეთეზე ფიქრით, გულიდან განაგდე დღევანდელი სიძულვილი.
27. ვისაც გუშინ აქებდი, როგორც კეთილს და განადიდებდი, როგორც მაღალზნეობრივს, ახლა, შენი სიყვარულის სიძულვილად გარდაქმის გამო, ნუ აძაგებ, როგორც უკეთურსა და ბოროტს. არამედ დარჩი ისევ მის მაქებრად, თუნდაც კვლავ გულისწყრომით იყო მოცული, და შეძლებ მაცხოვნებელი სიყვარულისადმი დაბრუნებას.
28. შენში ძმისადმი ჯერ კიდევ არსებული წყენის გამო, სხვა ძმებთან საუბარში შენთვის ჩვეულ მის ქებას ნუ შეცვლი შეფარული კიცხვით, არამედ მის შესახებ გულწრფელი ქებით ისაუბრე და გულმოდგინედ ილოცე მისთვის ისე, როგორც საკუთარი თავისთვის და მალე გათავისუფლდები წარმწყმედელი სიძულვილისგან.
29. ნუ იტყვი: „არ მძულს ძმა“, მაშინ, როცა მისი გახსენებაც კი არ გსურს, დაუკვირდი, რას ამბობს მოსე: „მტრობა ნუ გექნება შენი მოძმისადმი გულში, ამხილე მოყვასი და ცოდვა არ იქნება შენში“ (ლევ.19.17).
30. დაე, რაიმე დაბრკოლების გამო, შენმა ძმამ შენს შესახებ განუწყვეტლივ ძვირი ილაპარაკოს, შენ ნუ დაუტევებ მისდამი სიყვარულს და იმავე ბოროტ სულს შენი აზრების აღშფოთების ნებას ნუ მისცემ. შენ არ დაკარგავ ამ სიყვარულს, თუ შეურაცხყოფილი და ცილდანაწამები, მისთვის მლოცველი და მისი კეთილისმყოფელი იქნები. ასეთია ქრისტესმიერი სიყვარულის სიბრძნე და ამ გზით მავალი უფალთან მიხვალ.
31. კეთილგანმზრახველებად ნუ მიიჩნევ მათ, რომელნიც იმას გეუბნებიან, რაც შენში ძმისადმი წყენასა და მტრობას ბადებს, თუნდაც თვლიდე, რომ მათი ნათქვამი სიმართლეა. განერიდე ასეთებს, როგორც შხამიან გველებს, რათა მათი ავსიტყვაობაც ალაგმო და საკუთარი სულიც გაბოროტებისაგან იხსნა.
32. ნუ მოწყლავ ძმას ქარაგმული ლაპარაკით, რათა მისგან სამაგიერო არ მიიღო და ამით ორივესაგან სიყვარული არ განიდევნოს, არამედ მიდი და სიყვარულით ამხილე იგი (მათ.18.15), რათა მან გულისწყრომის მიზეზები აღმოფხვრას და ამით საკუთარი თავიცა და ისიც შფოთისა და წყენისაგან იხსნა.
33. დაწვრილებით გამოიკვლიე შენი სინდისი, შენი ბრალი ხომ არ არის ძმის შეურიგებლობა და არამართებული მსჯელობით ნუ უარყოფ მხილებას სინდისისას, რომელიც შენს დაფარულსაც კი ხედავს და რომელსაც ამქვეყნიდან გასვლისას შენი მხილება და ლოცვის ჟამს შენი დაბრკოლება ძალუძს.
34. მშვიდობიანობის ჟამს ნუ გაიხსენებ იმას, რაც ძმამ უსიამოვნებათა დროს თქვა შენზე, არა აქვს მნიშვნელობა, პირისპირ გითხრა, თუ სხვას უთხრა და შენ შემდეგ გაიგე; რადგან ცუდის გახსენებით კვლავ არ დაგიბრუნდეს წარმწყმედელი სიძულვილი ძმისა.
35. გონიერი სული, რომელიც ადამიანისადმი სიძულვილს განიცდის, არ შეიძლება, მშვიდობიანად იყოს ღმერთთან, რომელმაც ასეთი მცნება მოგვცა: „თუ არ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, არც თქვენს შეცოდებებს მოგიტევებთ მამა თქვენი ზეციური“ (მათ.6,15). თუ ძმას მშვიდობა არ სურს, შენ მაინც დაიცავი შენი თავი მტრობისაგან მისთვის გულწრფელი ლოცვით და ნურავის წინაშე მოიხსენებ მას ბოროტად.
36. წმიდა ანგელოზთა აღუწერელი სამყარო შემდეგი ორი განწყობით არსებობს; ღვთისადმი სიყვარულითა და ერთმანეთისადმი სიყვარულით, დასაბამიდან ამის მსგავსია წმიდანთა სამყაროც. ამრიგად, ჭეშმარიტად გვეუბნება უფალი: „ამ ორ მცნებაზეა დამოკიდებული მთელი რჯული და წინასწარმეტყველნი“ (მათ.22, 40)
37. ნუ იფიქრებ მხოლოდ საკუთარ თავზე და აღარ იქნები ძმათმოძულე, ნუ იქნები თავმოყვარე და ღვთისმიყვარე გახდები.
38. როცა სულიერ ძმებთან ცხოვრებას მოისურვებ, მათ კართან საკუთარი სურვილები უარყავი, რამეთუ სხვაგვარად ვერც ღმერთთან და ვერც შენს თანამცხოვრებლებთან მშვიდობით ყოფნას ვერ მოახერხებ.
39. სრულყოფილი სიყვარულის მომპოვებელი და მთელი თავისი ცხოვრების ამ გზით წარმმართველი „სულიწმიდით უფლად იტყვის იესოს“ (1კორ.13,3). წინააღმდეგ შემთხვევაში, საპირისპიროს აქვს ადგილი.
40. ღვთის სიყვარულს გონების ფრთოვანყოფა უყვარს, რომ მან ღმერთსა და ღვთიურზე ისაუბროს; მოყვასის სიყვარული კი მისდამი (მოყვასისადმი) ყოველთვის კეთილს განიზრახავს.
41. ამაო დიდების მოყვარული ან რაიმე ნივთიერს მიჯაჭვული, ადამიანებზე წარმავალი რამის გამო წყრება, ან ბოროტად იხსენიებს მათ, ან სძულს ისინი, ანდა ბილწ გულილსთქმებს ემონება. ღმთისმოყვარულისათვის კი ყოველივე ეს უცხოა.
42. როცა ფიქრში არ ამბობ ან არ სჩადიხარ რაიმე სამარცხვინოს, როცა მაწუხებელს ან შენზე აუგის მთქმელს ბოროტად არ იხსენიებ, როცა ლოცვის ჟამს გონება საგნებისა და წარმოსახვებისაგან მუდამ თავისუფალი გაქვს, იცოდე, რომ შენ უბიწოებისა და სრულყოფილი სიყვარულის ზღვარს მიაღწიე.
43. პატივმოყვარეობისაგან გათავისუფლება მნიშვნელოვანი ღვაწლია, რასაც სათნოებათა ფარული აღსრულებითა და ხშირი ლოცვით აღწევენ; ხოლო ამგვარი თავისუფლების ნიშანია ის, როცა ძვირისმთქმელებს ბოროტად არ ვიხსენიებთ.
44. თუ გსურს მართალი იყო, შენს თითოეულ ნაწილს, ე.ი. სულსა და სხეულს მიაგე ის, რასაც იმსახურებს: სულის გონიერ ნაწილს -კითხვა, სულიერი ჭვრეტა და ლოცვა; გულისწყრომისას - სულიერი სიყვარული, რომელიც სიძულვილის საწინააღმდეგოა, გულილსთქმისას - უბიწოება და თავშეკავება; ხოლო სხეულს - საკვები და სამოსი იმდენი, რამდენიც აუცილებელია.
45. გონება თავისი ბუნების მიხედვით მაშინ მოქმედებს, როცა ვნებები მოთოკილი აქვს, ყველა არსების მნიშვნელობას ჭვრეტს და ღმერთთან ჰგიებს.
46. როგორც ცოცხალი ადამიანის სხეულში ჯანმრთელობა და ავადმყოფობა, თვალებში კი სინათლე და სიბნელე აღიბეჭდება, ასევე სათნოება და ბიწიერება - სულში, ცოდნა და უმეცრება კი - გონებაში.
47. ქრისტიანი შემდეგი სამი გზით განიბრძნობა: მცნებებით, დოგმატებითა და რწმენით. მცნებები გონებას ვნებათაგან ათავისუფლებენ, დოგმატები ჭეშმარიტების შეცნობაში ეხმარებიან, ხოლო რწმენა წმინდა სამების განჭვრეტაში შეეწევა.
48. ზოგი მოღვაწე მხოლოდ ვნებიან გულილსთქმებს განაგდებს, ზოგი კი თავად ვნებებსაც აღკვეთს, ვნებიანი გულისთქმები ან ფსალმუნებით, ან ლოცვით, ან ღმერთზე ფიქრით, ან სხვა მსგავსი ქმედებით განიგდება; ვნებები კი იმ საგნების უგულებელყოფით აღიკვეთება, რომელთა მიმართაც ვნება მიისწრაფვის.
49. არსებობს ვნება დედაკაცისადმი, ქონებისადმი, დიდებისადმი და სხვა. დედაკაცის უგულებელყოფასა და მის არად მიჩნევამდე შეიძლება მივიდეს ის, ვინც, წუთისოფლის უარყოფასთან ერთად, ეცდება, სხეული თავშეკავებით ისე გამოაწრთოს, როგორც ჯეროვანია; ქონების - თუ ის თავის გულისთქმას დაარწმუნებს, რომ კმაყოფილი იყოს იმით, რაც გააჩნია; დიდების - თუ სათნოებათა ფარულ აღსრულებას შეიყვარებს ისე, რომ მისი ნამოქმედარი მხოლოდ ღვთისათვის იქნება ცნობილი. ასევეა სხვა ვნებებთან მიმართებაც. ვინც უგულვებელყოფს ყველა ამ ვნებას, ის არასდროს მივა ვინმეს სიძულვილამდე.
50. ამქვეყნიური საგნების: დედაკაცის, ქონებისა და სხვათა, უარყოფა ჯერ კიდევ გარეგან და არა შინაგან ადამიანს აქცევს მონაზვნად. ვნებიანი გულისთქმების უარყოფა კი შინაგან ადამიანს, ე.ი. გონებას, აქცევს ასეთად. გარეგანი ადამიანის მონაზვნად ქცევა ადვილია, მთავარი ამის მოსურვებაა, მაგრამ დიდი ჯაფაა საჭირო, რომ შინაგანი ადამიანი აქციო მონაზვნად.
51. ვინც ამ მდგომარეობაშია, ის მთლიანად თავისუფალია ვნებიანი გულისთქმებისაგან და მან წმიდა და ყველაფრისაგან თავისუფალ ლოცვას მიაღწია(რაც შინაგანი მონაზვნობის ნიშანია).
52. ჩვენს სულში ბევრი ვნებაა დაფარული და მჟღავნდება მაშინ, როცა ვნების საგანი ჩნდება.
53. შეიძლება, ზოგს, ვინც ნაწილობრივ მიაღწია უბიწოებას, ვნება არ აშფოთებდეს მაშინ, როცა არ არის ვნების საგანი; მაგრამ, როგორც კი საგანი გაჩნდება, ვნებაც მაშინვე იწყებს გონების ცდუნებას.
54. ვნების საგნის არყოფნისას, შენს თავს სავსებით უბიწოდ ნუ ჩათვლი. მაგრამ, როცა გაჩნდება საგანი და შენზე არც ის და არც მისი გახსენება ზემოქმედებას არ მოახდენს, იცოდე, რომ შენ უბიწოების ზღვარს მიაღწიე. მაგრამ ნურც ამჯერად იქნები უზრუნველი, რადგან ხანგრძლივი სათნოცხოვრება ვნებებს კი ამცირებს, მაგრამ, დაუდევრობის შემთხვევაში, ისინი კვლავ იჩენენ თავს.
55. ვისაც ქრისტე ჭეშმარიტად უყვარს, ის შეძლებისდაგვარად ჰბაძავს მას. ქრისტე კი ხალხს გამუდმებით სიკეთეს უყოფდა; შემდეგ, როცა მათგან უმადურება და შეურაცხყოფა ხვდა წილად, სულგრძელად დაითმნია; დაითმინა ცემაცა და სიკვდილიც, არავის მიუზღო ბოროტებით. ეს სამი ქმედება მოყვასის სიყვარულის გამოხატულებაა, რომელთა გარეშეც, ვინც იტყვის, რომ ქრისტე უყვარს და მის სასუფეველში შევა, თავს იტყუებს, რადგან უფალი გვეუბნება; „არა ყველა, ვინც მეტყვის მე:უფალო,უფალო! - შევა ცათა სასუფეველში, არამედ ის, ვინც აღასრულებს მამის ჩემის ზეციერის ნებას“ (მატ.7,21). და კიდევ: „ვისაც აქვს ჩემი მცნებანი და იცავს მათ, მას ვუყვარვარ მე“ (იოან.14,15, 21) და სხვა.
56. მაცხოვრის მცნებათა მიზანია ის, რომ გონება სიძულვილისა და თავშეუკავებლობისაგან გაათავისუფლოს და მას ღვთისა და მოყვასის სიყვარული აუწყოს, რაც წმიდა ქმედითი შემეცნების ნათელს შობს.
57. ღვთისაგან გაკვეული შემეცნების ღირსქმნილი, სიყვარულსა და თავშეკავებას გაუფრთხილდი, რამეთუ ისინი, წმენდენ რა შენი სულის ვნებიან ნაწილს, გზას გიკაფავენ ჯეროვანის შემეცნებაში.
58. უბიწოება და სიმდაბლე არის შემეცნებისადენ მიმავალი გზა, ურომლისოდაც„ვერვიან იხილავს უფალს“ (ებრ.12,14).
59. რადგან „ცოდნა აამპარტავნებს კაცს, სიყვარული კი შთააგონებს“ (1კორ.8.1), ამიტომ გონივრულად მოიხვეჭე სიყვარული და ამპარტავნობისათვის უცხო იქნები, სულიერი აღმშენებელი გახდები, საკუთარ თავსაც ასწავლი და სხვებსაც, ვინც დაგიახლოვდება.
60. სიყვარული იმიტომ შეაგონებს, რომ მას არ შურს და არც წყრება მოშურნეზე და არც საჯაროდ განაცხადებს იმას, რომ შურს იმსახურებს. სიყვარული არ მიიჩნევს, რომ სრულყოფილებას მიაღწია (ფილ.3,12) და , როცა რაიმე არ იცის, არ რცხვენია თავისი უცოდინრობის აღიარებისა. ამრიგად, იგი გონებას ამპარტავნობისაგან იცავს და ყოველთვის ეხმარება მას, რომ შემეცნებაში წარმატებას მიაღწიოს.
61. ჩვეულებრივ, შემეცნებას, განსაკუთრებით დასაწყისში, თან სდევს სიამაყე და შური. სიამაყის გამოვლინება შინაგანია, ზოლო შურისა - შინაგანიც და გარეგანიც: შინაგანია (ჩემია) შემეცნების მქონეთათვის, ხოლო გარეგანია(ჩემდამია) მათი მხრიდან, ვისაც შემეცნება არ გააჩნია. სიყვარული კი სამევე ამ უკეთურებას უგულებელყოფს: სიამაყეეს - რამეთუ არ ამაყობს, შურს შინაგანს, რამეთუ არ შურს, და გარეგანს, რამეთუ „სულგრძელია და მოწყალე“ (1კორ.13,4). ამრიგად, შემეცნების მქონემ სიყვარულიც უნდა მოიპოვოს, რათა მან გონება ყოველმხრივ უვნებლად დაიცვას.
62. ვინც შემეცნების უნარის ღირსი გახდა, მაგრამ ადამიანებისადმი გულისწყრომას, გულღვარძლიანობასა და სიძულვილს ატარებს, ჰგავს ეკლითა და ძეძვით საკუთარი თვალების დამთხრელს. ამრიგად, ცოდნისათვის აუცილებელია სიყვარული.
63. მედამ სხეულზე ნუ ზრუნავ, არამედ მას ისეთი ღვაწლი შეურჩიე, როგორიც ძალუძს, მთელი შენი გონება კი შინაგანისაკენ წამართე. რადგან „სხეულის წვრთნა ცოტა რამეში თუ წაგადგება, ხოლო ღვთსმოსაობა ყოველმხრივ სასარგებლოა“ (1ტიმ.4.8) და სხვა.
64. ვინც თავის სულში იხედება და დაუცხრომლად მასზე ზრუნავს, ისაა უბიწო, სულგრძელი, მოწყალე, მდაბალი და არა მარტო ამგვარი, არამედ განჭვრეტს, ღვთისმეტყველებს და ლოცულობს. ეს არის ის, რასაც მოციქული შემდეგ სიტყვებში გულისხმობს: „სულითა ვიდოდეთ“ (გალ.5,16) და სხვა.
65. სულიერი გზის უმეცარი ვნებიან გულისთქმებს არ ებრძვის, არამედ მთლიანად სხეულს ანებივრებს:ნაყროვანებაშია, გარყვნილებას ეწევა, მტრულია, მრისხანებს, გულღვარძლიანია, და ასე აბნელებს გონებას. ან მეტისმეტად შრომობს და ამით თრგუნავს აზრებს.
66. წმიდა წერილი იმას არ გვართმევს, რაც ღვთისაგან გამოსაყენებლად გვებოძა, არამედ ზღვარდაუდებლობას ლაგმავს და განუსჯელობას ასწორებს. ე.ი. ის არც ჭამას, არც შვილთა სხმას, არც ფულის ქონებასა და მის მართებულად ხარჯვას არ კრძალავს, არამედ კრძალავს ნაყროვანებას, მრუშობას და სხვას. არ კრძალავს მათზე ფიქრსაც კი, რამეთუ ამისთვის შეიქმნა ისინი, არამედ კრძალავს ვნებიან ფიქრს.
67. ღვთისათვის აღსრულებული ზოგი საქმე მცნებათა მიხედვით კეთდება, ზოგი კი - არა მცნებათა მიხედვით, არამედ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ნებაყოფლობითი მსხვერპლის სახით. მცნებათა მიხედვით ვმოქმედებთ, როცა გვიყვარს ღმერთი ან მოყვასი, ან მტერი, როცა არ ვმრუშობთ, არ ვკლავთ, და სხვა; თუ ამ მცნებებს ვარღვევთ, განსჯას ვექვემდებარებით. მცნებები არ გვავალებენ,მაგრამ მაინც ვიცავთ ქალწულობას, უქორწინებლობას, უარს ვამბობთ ყოველგვარ საკუთრებაზე, განდეგილი ვცხოვრობთ და სხვა. ამგვარ ღვაწლს აქვს ნებაყოფლობითი მსხვერპლის მნიშვნელობა, რათა, თუ უძლურების გამო, ვერ აღვასრულებთ რომელიმე მცნებას, ამგვარი მსხვერპლი მოწყალე ჰყოფს ჩვენს სახიერ მეუფეს.
68. უქორწინებელი ცხოვრების ან ქალწულობის ამრჩევს უნდა ჰქონდესწელი მოსარტყლული და სანთელი - ანთებული“ (ლუკ.12,35). წელს თავშეკავებით მოისარტყლავს, ხოლო სანთელს ლოცვით, ღვთიური ფიქრითა და სულიერი სიყვარულით აანთებს.
69. ზოგიერთი ძმათაგანი ფიქრობს, რომ მას არ ძალუძს, იქონიოს სულიწმნდის მადლი.მან კი, მცნებათა აღსრულებაში დაუდევრობის გამო, არ იცის, რომ ქრისტეს ჭეშმარიტი რწმენის მქონეს, ნაწილობრივ ღვთის ყველა ნიჭი გააჩნია. მაგრამ რადგანაც ჩვენ, ჩვენი მცნონარების გამო შორსა ვართ ღვთის ქმედითი სიყვარულისგან, რომელიც ჩვენში დაფარულ ღვთიურ საუნჯეს დაგვანახებდა, ამიტომ ჩვენი თავი მართებულად მიგვაჩნია ღვთიური ნიჭისათვის უცხოდ.
70. თუ ღვთაევრივი მოციქულის სიტყვების თანახმად, ჩვენს სულებში „რწმენით„ ცოცხლობს ქრისტე (ეფეს.3,17), „რომელშიაც დაფარულია სიბრძნისა და ცოდნის მთელი საუნჯე„,(კოლ.2,3),მაშინ ჩვენს გულებში სიბრძნისა და ცოდნის მთელი საუნჯე ყოფილა. გულს კი ის მაშინ განეცხადება, როცა მცნებათა აღსრულებით განიწმინდება.
71. ეს „განძი, რომელიც შენი გულის ყანაშია დაფარული“ (მათე 13,44), გაურჯელობის გამო, შენ ჯერ კიდევ არ გიპოვია. რადგან, რომ გეპოვა, მაშინ ყველაფერს გაყიდდი და ამ ყანას იყიდდი. მაგრამ შენ ეს ყანა მიგიტოვებია და მის შორიახლო მუშაობ, სადაც ეკლისა და ძეძვის მეტი არაფერია.
72. ამიტომ ამბობს მაცხოვარი: „ნეტარ არიან წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ“ (მათ.5.8). ხოლო ღმერთს და მასში არსებულ განძს მაშინ იხილავენ, როცა თავს სიყვარულითა და თავშეკავებით განიწმენდენ და მით მეტად იხილავენ, რაც მეტად განიწმინდებიან.
73. კიდევ იმიტომ ამბობს: „გაყიდეთ თქვენი საბადებელი და გაეცით მოწყალება (ლუკ.12,33)„ და ყველაფერი გექნებათ“ (ლუკ.11.41), რომ შენი გონება, რომელსაც უფალი „გულს“ (მათ.15,19) უწოდებს, სხეულთან დაკავშირებულ საგნებზე ზრუნვისაგან, სიძულვილისა და თავშეუკავებლობისაგან იხსნა, რამეთუ ყოველილვე ეს გონებას ბილწავს და არ აძლევს მასში წმინდა ნათლისღების მადლით არსებული ქრისტეს დანახვის საშუალებას.
74. წმიდა წერილი სათნოებებს, ყველა სათნოებაზე მეტად კი - სიყვარულს, უწოდებს გზას; ამიტომ მოციქული ამბობს: „ისწრაფეთ უმეტეს ნიჭთა მიმართ, და მე უკეთეს გზას გიჩვენებთ თქვენ“ (1კორ.12,31), რაც ყოველგვარი ნივთიერის უგულებელსაყოფად განგვაწყობს და, მარადიულთან შედარებით, წარმავალისთვის არ მიგვანიჭებინებს უპირატესობას.
75. ღვთის სიყვარული ავხორცობას ეწინააღმდეგება, რადგან გონებას გრძნობადით ტკბობისაგან თავის შეკავებისაკენ უბიძგებს. მოყვასის სიყვარული კი რისხვას ეწინააღმდეგება, რადგან გონებას პატივისა და სიმდიდრის უგულებელყოფას აიძულებს. ეს არის ორი დინარი, რომელიც მაცხოვარმა მეფუნდრუკეს მისცა (ლუკ.10,35), რათა მას შენზე ეზრუნა. მაგრამ უმადურნი ნუ ვიქნებით, რადგან, კვლავ ავაზაკს გადაყრილნი, არ დავიჭრათ და უკვე არა ცოცხალ-მკვდარნი, არამედ მკვდარნი არ დავრჩეთ.
76. განიწმინდე გონება მრისხანების, გულღვარძლიანობისა და ბილწი გულისთქმებისაგან და მაშინ შესძლებ შენში არსებული ქრისტეს შეცნობას.
77. ვინ განგვანათლა წმინდა, თანაარსი და თაყვანსაცემი სამების რწმენით? ვინ გვასწავლა უსხეულო არსებათა და ხილული სამყაროს წარმოშობისა და აღსასრულის, ან მკვდრეთით აღდგომისა და მარადიული ცხოვრების, ან ცათა სასუფევლის დიდებისა და საშინელი სამსჯავროს შეცნობა? განა არა ჩვენში არსებულმა ქრისტეს მადლმა, რომელიც სულიწმიდის საწინდარია. რა არის ამ მადლზე უკეთესი? ანდა რაა სულიწმიდის საწინდარზე უმჯობესი? რა სჯობია ამ მადლს? ან რაა ამ სიბრძნესა და ცოდნაზე უკეთესი? რაა ამ აღთქმაზე უმაღლესი? თუ ამის შემდეგაც ჩვენ მცონარენი და დაუდევარნი ვრჩებით და არ ვიწმინდებით ვნებათაგან, რომლებიც ჩვენს გონებას აბნელებენ და ხელს გვიშლიან მზეზე ნათელი ჭეშმარიტების დანახვაში, მაშინ, მადლი რომ გვაქვს აღთქმული ეს კი არ უნდა უარვყოთ, არამედ ჩვენი თავი უნდა დავადანაშაულოთ.
78. ღმერთმა, რომელმაც მარადიული სიკეთე აღგვითქვა, შენს გულს სიწმიდის საწინდარი უბოძა, მცნებად მოგცა საკუთარ ცხონებაზე ზრუნვა, რათა ვნებათაგან განთავისუფლებულმა შინაგანმა ადამიანმა ჯერ კიდევ ამქვეყნად დაიწყო ამ სიკეთის გემოსხილვა.
79. თუ მაღალი ღვთიური მჭვრეტელობის ღირსი გახდი, განსაკუთრებით სიყვარულსა და თავშეკავებაზე იზრუნე, რათა ვნებიანი ნაწილის უშფოთველად დაცვით სულში დაულეველი ნათელი გქონდეს.
80. სულის გულისწყრომის ნაწილი სიყვარულით ალაგმე, გულისთქმისა - თავშეკავებით მოაშთე, გონიერი - ლოცვით ფრთოვანყავი და გონების სინათლე არასოდეს დაბნელდება შენში.
81. სიყვარულის გაქრობის მიზეზები შემდეგია: შეურაცხყოფა, დაზარალება, ცილისწამება, ცემა, დაჭრა და სხვა, მაშინ როცა ზარალდება ან თავად ადამიანი, ანდა მისი რომელიმე ნათესავი ან მეგობარი. რომელიმე ამ მიზეზით სიყვარულის უგულებელმყოფელს ჯერ კიდევ ვერ გაუცნობიერებია, თუ რა არის ქრისტეს მცნებათა მიზანი.
82. რამდენადაც შეგიძლია, ეცადე, რომ ყველა ადამიანი გიყვარდეს. თუ ჯერ კიდევ არ ძალგიძს ეს, ძალზე ეცადე, რომ არ შეიძულო მაინც ვინმე. მაგრამ ვერც ამის გაკეთებას შეძლებ, თუ არ უარყოფ ყოველივე მიწიერს.
83. ვინც გაძაგებს, მას კი ნუ შეიძულებ, არამედ ძაგება შეიძულე და მისი აღმძვრელი დემონი. თუ შენი მაძაგებული გძულს, შენ ადამიანი გძულს და მცნებას არღვევ და იმას, რაც მან სიტყვით მოიმოქმედა, შენ სქმით აღასრულებ. ხოლო თუ მცნებებს იცავ, მაშინ უჩვენე მას საქმე სიყვარულისა, როგორც შეგიძლია, ისე შეეწიე და ბოროტისაგან მოაქცევ.
84. ქრისტეს არ ნებავს, რომ შენ ადამიანი გძულდეს, ან მასზე ბრაზობდე, ან რისხვა და ვინმეს მიმართ მტრობა გაგაჩნდეს, რა სახისაც არნ უნდა იყოს და რის გამოც არ უნდა იყოს. ყოველივე ამას გვიქადაგებს ოთხი სახარება.
85. ჩვენს შორის ბევრია მოლაპარაკე, საქმის მკეთებელი კი ცოტა. მაგრამ საკუთარი დაუდევრობის გასამართლებლად არავინ არ უნდა დაამახინჯოს ღვთის სიტყვა, უმჯობესია, ღვთიური ჭეშმარიტების დაფარვის გარეშე აღიაროს საკუთარი უძლურება, რამეთუ, მცნებების წინაშე ჩადენილ დანაშაულთან ერთად, ბრალი არ დაედოს ღვთის სიტყვის არასწორ განმარტებაში.
86. სიყვარული და თავშეკავება სულს ვნებათაგან ათავისუფლებს, კითხვა და ღვთიური ფიქრი გონებას უცოდინრობისაგან იცავს, ხოლო ლოცვაზე დგომა მას თავად ღვთის წინაშე აყენებს.
87. როცა დემონები დაინახავენ, რომ ჩვენ საგნებს არად მივიჩნევთ და მათ გამო არ გვსურს, ადამიანები შევიძულოთ და სიყვარული დავკარგოთ, მაშინ ჩვენს წინააღმდეგ ცილისწამებას აღძრავენ, რათა ცილისმწამებლები შევიძულოთ.
88. ცილისწამება სულისათვის მძიმეზე უმძიმესია, არა აქვს მნიშვნელობა რწმენაში დაგწამებენ ცილს თუ ქცევაში. ამის არად ჩაგდებას სუსანასავით ვერავინ შეძლებს. მის მსგავსად, თუ ერთადერთ ძლიერ ღმერთს მიენდობი, ის გიხსნის შენ, როგორც იხსნა იგი, ხალხს დადასტურებულ ჭეშმარიტებას უჩვენებ, როგორც მან უჩვენა და სულს იმედით დაამშვიდებ.
89. იმის მიხედვით, თუ ცილისმწამებელთათვის როგორ ილოცებ, ღმერთი შენით დაბრკოლებულებს აშკარად განუცხადებს სიმართლეს.
90. თავისი არსით სიკეთე ერთადერთი ღმერთია, სულის განწყობის თვალსაზრისით კი სიკეთე ღვთისმიმბაძველობაა, რამეთუ მისი მთავარი მიზანია, რომ ბოროტნი კეთილს აზიაროს, რათა ისინიც კეთილნი გახდნენ. ამისათვის შეურაცხყოფილი ლოცულობს, დევნილი ითმენს, გაკიცხული მშვიდია, სიკვდილმისჯილი მკვლელთათვის ლოცულობს (1კორ.4,12, 13). ის ყველაფერს აკეთებს, რათა არ გადაუხვიოს თავის მთავარ მიზანს - სიყვარულს.
91. ღვთის მცნებანი გვასწავლიან, რომ საშუალო საგნები კეთილგონივრულად გამოვიყენოთ. საშუალო საგნების კითილგონივრული გამოყენება სულის მდგომარეობას წმინდას ხდის, სულის სიწმინდე შობს განსჯის უნარს, განსჯის უნარი შობს უბიწოებას, რომლისგანაც სრულყოფილი სიყვარული წარმოიქმნება.
92. უბიწო ჯერ კიდევ არ არის ის, ვისაც დაბრკოლების ჟამს არ ძალუძს უყურადღებოდ დატოვოს მოყვასის ცოდვა, რომელიც ან სინამდვილეში არსებობს და ან მხოლოდ ეჩვენება. როცა სულში დამალული ეს ვნება აღიძვრება, გონებას აბნელებს და არ იძლევა ჭეშმარიტების დანახვისა და კეთილისაგან ბოროტის გარჩევის საშუალებას. ხომ არ უნდა ვივარაუდოთ, რომ ასეთს ჯერ კიდევ არ მოუპოვებია სრულყოფილი სიყვარული, რომელიც ტანჯვათა შიშს დევნის.(1იოან.4,18)
93. „ერთგულ მეგობარს ვერავინ შეცვლის“ (ზირ.6,15); ის მეგობრის უბედურებას თავისად მიიჩნევს, მის განსაცდელს იზიარებს, უკიდურესადაც კი განიცდის მას.
94. კეთილდღეობის ჟამს ბევრი მეგობარი გვყავს, ხოლო განსაცდელის ჟამს ერთის პოვნაც ძნელია.
95. მთელი გულით უნდა გვიყვარდეს ყველა ადამიანი, სასოება კი მხოლოდ ერთადერთის, ღვთისა, გვმართებს და მხოლოდ მას, ერთს უნდა ვემსახუროთ მთელი ძალით. რამეთუ, ვიდრე ღმერთი გვიფარავს, მეგობარნიც კეთილგანოყობილნი არიან და მტერთაც არ ძალუძთ ბოროტისყოფა, ხოლო როცა ღმერთი მიგვატოვებს, მაშინ მეგობრებიც ზურგს შეგვაქცევენ და მტრებიც შეძლებენ ჩვენს ძლევას.
96. ღვთისაგან მიტოვების ოთხი ძირითადი სახე არსებობს: ერთია განზრახ მიტოვება, რაც თავად უფალმაც განიცადა; ამგვარი მოჩვენებითი მიტოვებით ღმერთს მიტოვებულების ხსნა სურს; სხვაა მიტოვება გამოცდის მიზნით, რაც იობსა და იოსებს გარდახდათ, რათა ერთი ვაჟკაცობის ბურჯად გამოჩენილიყო, მეორე კი - უბიწოებისა; სხვაა მიტოვება სულიერ-აღმზრდელობითი მიზნით, რაც პეტრეს შეემთხვაა, რათა სიმდაბლის მეშვეობით მას მადლის სისავსე შეენარჩუნებინა და, ბოლოს, სხვაა მიტოვება უარყოფის გამო, რაც იუდეველებს დაემართათ, რათა დასჯილნი კვლავ სინანულად მოიქცნენ. მიტოვების ყველა ეს სახე მაცხონებელია, ღვთის კაცთმოყვარეობითა და მადლითაა აღსავსე.
97. მცნებათა ერთგული დამცველნი და ღვთის განგების ჭეშმარიტი მესაიდუმლენი ღვთის დაშვებით განსაცდელში მყოფ მეგობარს მარტო არ ტოვებენ. ხოლო მცნებათა უარმყოფელნი და ღვთის განგების უმეცარნი, მეგობრის კეთილდღეობის ჟამს მასთან ერთად ილხენენ. ხოლო, როცა განსაცდელში ტანჯულს პოვებენ, მიატოვებენ მას. ზოგჯერ ისიც ხდება, რომ ისინი მოწინააღმდეგეთა ბანაკშიც კი გადადიან.
98. ქრისტეს მეგობრებს ყველა გულწრფელად უყვართ, მაგრამ ყველას როდი უყვარს ისინი. წუთისოფლის მეგობართ კი არც ყველა უყვართ და არც ყველასაგან იმსახურებენ სიყვარულს; ქრისტეს მეგობრები სიყვარულის კავშირს ბოლომდე ინარჩუნებენ. ხოლო წუთისოფლის მეგობრები კი მანამდე, ვიდრე ერთმანეთს რაიმე მიწიერის გამო არ წაეკიდებიან.
99. „ერთგული მეგობარი მტკიცე სიმაგრეა“ (ზირ.6,14). რამეთუ ის, მეგობრის კეთილდღეობის დროსაც კეთილი მრჩეველი და ერთგული თანაშემწეა და გაჭირვების ჟამსაც უგულითადესი თანამდგომი და უთანალმობესი ქომაგია.
100. ბევრს უთქვმს ბევრი რამ სიყვარულილს შესახებ, მაგრამ მისი პოვნა მხოლოდ ქრისტეს მოწაფეებთან შეიძლება, რამეთუ მხოლოდ მათ გააჩნდათ ჭეშმარიტი სიყვარული, რომლის შესახებაც ნათქვამია: „წინასწარმეტყველების მადლი რომ მქონდეს, ვიცოდე ყველა საიდუმლო და მქონდეს მთელი რწმენა, სიყვარული თუ არა მაქვს, არარა ვარ“ (1კორ.13,2.3) ვინც სიყვარული მოიხვეჭა, მან თავად ღმერთი ჰპოვა, რამეთუ „ღმერთი სიყვარული არს“ (1იოან.4,16). დიდება მას უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
თარგმნა ნატო ფარჯანაძემ
წიგნიდან: „სწავლა-მოძღვრებანი ჭეშმარიტ სიყვარულზე“, ქუთაისი, 2000 წ.